ფერნანდო იერო ტარიელ ხეჩიკაშვილს შეხვდა

AutoSharing Option
დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სახელგანთქმულ ესპანელ ფეხბურთელს, ფერნანდო იეროს უმასპინძლა. მადრიდის "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი თბილისში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.

"ყოველთვის სასიამოვნოა ისეთი ცნობილი სპორტსმენის მიღება, როგორიც ფერნანდო იერო გახლავთ - ის წარმატებული მოთამაშე იყო, შესანიშნავი ფეხბურთელი და ხაზგასასმელია, რომ ამავდროულად, კარგი მენეჯერიც გახლავთ.

ყველასთვის ცნობილია, რომ ესპანეთის ნაკრების ბოლოდროინდელი საერთაშორისო წარმატებები მის სახელთანაცაა დაკავშირებული - იერო ხომ წლების განმავლობაში იყო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი.

ჩვენ არაერთ საკითხზე ვისაუბრეთ
და არამხოლოდ საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" შესახებ. მისი ხედვები და გამოცდილება ძალიან საინტერესოა არა მარტო კონკრეტული კლუბის განვითარებისთვის, არამედ, ზოგადად, ჩვენი ფეხბურთის მომავლისთვისაც.

დარწმუნებული ვარ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ფერნანდო იეროს მომავალი შეხვედრაც ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

"საქართველოში საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" მოწვევით ვიმყოფები. მოხარული ვარ, რომ მინისტრთან შეხვედრის საშუალება მომეცა - საინტერესო საკითხები განვიხილეთ. ქართულ ფეხბურთზე საკმარის ინფორმაციას ვფლობ და მოხარული ვიქნები, თუ ჩემი გამოცდილება და რჩევები თქვენი ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს", - განაცხადა ფერნანდო იერომ.

ფერნანდო იერომ კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის "რეალში" გაატარა, სადაც 1989-2003 წლებში ითამაშა. "სამეფო კლუბის" მაისურით მან 5-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-ჯერ, 1998, 2000 და 2002 წლებში კი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საკლუბო ჯილდო - ევროპის ჩემპიონთა თასი. ამას გარდა, ის ესპანეთის თასს, ევროპის სუპერთასს (ორჯერ) და საკონტინენტთაშორისო თასსაც ფლობდა. 1997-98 წლების სეზონში უეფამ იერო ევროპის საუკეთესო მცველად აღიარა. "რეალის" მაისურით მან 610 ოფიციალურ მატჩში 127 გოლი გაიტანა.

ესპანეთის ნაკრებში 47 წლის ფერნანდო იერომ 89 შეხვედრა ჩაატარა და 29 გოლი შეაგდო, რაც ერთი პერიოდი ნაკრების რეკორდი იყო.

ფერნანდო იერო უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩსაც დაესწრება თბილისის "საბურთალოსა" და დანიის "მიდტიულანდს" შორის, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვალ, 21 ოქტომბერს გაიმართება. იერო თბილისში სწორედ "საბურთალოს" მოწვევით იმყოფება.

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული