50-ში 150-ე პირველია - მაგიდის ჩოგბურთში თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა

AutoSharing Option
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით, წლეულს მეორედ გაიმართა თბილისის ღია ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში. საასპარეზოდ თავი მოიყარეს 50 საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენლებმა.

შეჯიბრება (მთავარი მსაჯი ეროვნული კატეგორიის არბიტრი სუსანა გვილავა), რომელსაც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სპორტის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. თითოეული სკოლის გუნდის ღირსებას მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლები და მშობლებიც იცავდნენ.

დაძაბული ორთაბრძოლების შემდეგ ფინალში 150-ე სკოლის წარმომადგენლებმა 90-ესკოლელებს აჯობეს და პირველი ადგილი დაიკავეს. მესამე ადგილისთვის პაექრობაში
161-ე სკოლის გუნდმა 84-ე სკოლის ჩოგბურთელებს აჯობა.

გამარჯვებულებსა და სამივე პრიზიორს თბილისის მერიამ, შესაბამისად, 600-400-200 და 100 ლარის ვაუჩერები გადასცა სკოლისთვის საჭირო სასპორტო ინვენტარის შესაძენად. სპორტის უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანატმა სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა ასპარეზობის უმრწემესი მონაწილე - 90-ე საჯარო სკოლის მესამეკლასელი აკაკი გაბიცინაშვილი და ვეტერანი შალვა გაფრინდაშვილი, 108-ე სკოლის სპორტის პედაგოგი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი.

Sportall.Ge

პირველ-მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები მედლებით, დიპლომებითა და თასებით დააჯილდოეს საპატიო სტუმრებმა - კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით კვაჭაძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ, ცნობილმა მსახიობმა ლევან ყოჩიაშვილმა, მერიის სპორტის სამსახურის პროგრამების ხელმძღვანელმა გეგა ზურაბაშვილმა.

აღინიშნა, რომ საჯარო და კერძო სკოლებს შორის მსგავსი შეჯიბრებები სპორტის სხვა სახეობებშიც გაიმართება.

* * *
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს, სამსახურის უფროს ირაკლი გვილავას, სპორტული პროგრამების ხელმძღვანელ გეგა ზურაბაშვილსა და სამსახურის თანამშრომელს, თათია დონაძეს.

გულთბილი მასპინძლობისათვის მადლობას ვუხდით საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და რექტორს, ბატონ გურამ ძაგანიას.

განსაკუთრებული მადლობა სპორტულ ფოტოგრაფს, დემიკო ლოლაძეს.

საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის საინფორმაციო მხარდამჭერებია: სპორტული პორტალი Sportall.ge და საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი "კვირა".

საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული