სპორტული ღონისძიებები ანაკლიაში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრ "მომავლის ბანაკში" გაიმართა.
კალათბურთში ვაჟებში გამარჯვება კახეთის გუნდმა მოიპოვა, ფინალში დამარცხდა იმერეთი, ხოლო მესამე ადგილზე სამცხე-ჯავახეთი გავიდა.
კალათბურთელ გოგონებში ჩემპიონი სამეგრელო-ზემო სვანეთი გახდა, მეორე ადგილი კახეთმა, მესამე კი იმერეთმა დაიკავა. კალათბურთში ფინალურ შეხვედრებს შორის ვაჟებში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ოლიმპიადის ვარსკვლავები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომელშიც გამარჯვება აღმოსავლეთმა მოიპოვა.
რაც შეეხება მაგიდის ჩოგბურთს, ვაჟებშიც და გოგონებშიც გამარჯვება თბილისის გუნდებმა
ამასთან, გამარჯვებული გამოვლინდა სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადაში. ბანაკის მონაწილეების გადაწყვეტილებით, ფინალში თბილისის სკოლა "ბინულმა" ქუთაისის საჯარო სკოლა "გელათი" დაამარცხა.
სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადის ფარგლებში, ბავშვებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ოლიმპიადის ისტორიაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, გარემოს დაცვაზე და ა.შ.
სპორტული ოლიმპიადის მნიშვნელობაზე ისაუბრა ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პროგრამების ხელმძღვანელმა კონსტანტინე ამირაჯიბმა.
"მოსწავლეთა რაოდენობა ოლიმპიადაში ყოველწლიურად იზრდება. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტის განვითარებისთვის, ასევე თავად ბავშვებისთვის, რომლებიც ერთვებიან სპორტულ შეჯიბრებებში. ამ პროგრამამ მოიცვა თითოეული მუნიციპალიტეტი, რეგიონი. ბავშვები უფრო და უფრო მოტივირებულები არიან რომ გამარჯვება მოიპოვონ", - განაცხადა ამირაჯიბმა.
თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელის, გოჩა გეგენავას თქმით, ძალიან სასიხარულოა, როდესაც ქვეყანაში ასეთი მასშტაბური ღონისძიება ტარდება.
"მთელი საქართველოა მასში ჩართული. დიახ, ამ პროგრამამ მოიცვა სრულიად საქართველო. ბავშვები ერთმანეთს ეცნობიან, თამაშობენ და არიან მოტივირებულები. მე ვარ თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელი და ორმაგად ბედნიერი ვარ. თბილისმა მოიპოვა 3 ოქროს მედალი, მაგიდის ჩოგბურთსა ( ვაჟები, გოგონები) და სპორტულ-შემეცნებით ოლიმპიადაში. მადლობა ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციას, რომელიც ახორციელებს ამ მეგა-პროექტს", - განაცხადა გეგენავამ.
პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს კახეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იოსებ იაგორაშვილიც:
"კახეთმა კალათბურთში ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. მინდა წარმატება მივულოცო როგორც ჩემი გუნდის წევრებს, ასევე სხვა გუნდებსაც. პროექტი ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია და ძალიან კარგი იქნება, თუ ის უფრო და უფრო მასობრივი გახდება", - აღნიშნა იაგორაშვილმა.
ანაკლიაში, ოლიმპიადა სირბილსა და მინი-ფეხბურთში დღეს გაიხსნება.