"ჩემო მეგობრებო!!! ძალიან შევეცადე ეს პოსტი დამეწერა ცივი გონებით და მინიმალური ემოციით, არ ვიცი რამდენად გამომივა, თუმცა შევეცდები.
ბოლო წლების განმავლობაში, ვინც თვალყურს ადევნებით ჩემს პოსტებს კანოესა და ჯომარდობასთან დაკავშირებით, შეამჩნევდით, რომ ჩემი სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება, შეფასებები და ზოგადი მიდგომა ძალიან ლოიალური, პოზიტიური და ფაქტიურად ნულოვანი კრიტიკის შემცველი იყო. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობ ვეძებო ყველაფერში პოზიტივი და ნეგატივზე უარს ვამბობ, ვცდილობ ყოველთვის რაიმე გამართლება
ალბათ ყველას გახსოვთ რიოს ოლიმპიადა, ზაზა ნადირაძის გამოსვლა, სიხარული, სიამაყე, გულდაწყვეტა და მომავლის იმედი, საყოველთაო ეიფორია და მთავრობის ხმამაღალი დაპირება – კანოეს ამიერიდან სხვანაირად მივხედავთო!!! ჩვენც, ფედერაციის წევრები, მწვრთნელები, სპორტსმენები ძალიან დაიმედებულები და ბედნიერები ვიყავით, ჩვენ ხომ შევძელით და ეს არაჩვეულებრივი სპორტის სახეობა გამოვიყვანეთ ღრმა კრიზისიდან და შევძელით სრულიად დამსახურებულად საზოგადოების და მთავრობის ყურადღების მიპყრობა, შევძელით დაგვერწმუნებინა ყველა, რომ აქაც დიდი პერსპექტივები გვაქვს და ჩავთვალეთ, რომ პრემიერმინისტრის სიტყვები ჩვენი სახეობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ყველამ მკაფიოდ გაიგო.
მ/წ-ის 22 სექტემბერს თბილისის ნიჩბოსნობის ფედერაციამ შეიტანა წერილი ქ.თბილისის მერიაში ამავე წლის 21-23 ოქტომბერს ქ.ფოთში ჩასატარებელ საქართველოს თასზე თბილისის კანოე-კაიაკის გუნდის მივლინებასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი თანხა - 2 350 ლარი, გუნდის შემადგენლობა - 10 სპორტსმენი, 3 მწვრთნელი. ტურნირის ძირითადი მიზანი - ახალგაზრდული ნაკრების ფორმირება, რომელიც მზადებას დაიწყებს მომავალ წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ეს ახალგაზრდული ნაკრები კანოეს მომავალია, არის შანსი, რომ კიდევ მრავალი ზაზა ნადირაძე გამოჩნდება ასპარეზზე.
გუშინ, 18 ოქტომბერს, ჩვენ მივიღეთ პასუხი თბილისის მერიიდან - ალბათ არ არის საჭირო ახსნა რა ეწერა ამ წერილში, მაგრამ მაინც დავწერ - უარი. თანხების არ არსებობის გამო. არჩევნების შემდეგ მოგვმართეთო.
მსურს დაგამშვიდოთ - 13 კაციანი შემადგენლობა მაინც გაემგზავრება ამ შეჯიბრზე და ამ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა იბრძოლონ ახალგაზრდულ ნაკრებში მოსახვედრად.
ეს თანხა გადახდილი იქნება ჩემი პირადი სახსრებიდან, ისევე, როგორც არაერთხელ აქამდე დახარჯულა ჩემი და ჩვენი მთავარი მწვრთნელის, კახა ლომიშვილის ჯიბიდან. ახლა არ დავიწყებ ჩამოთვლას, რა თანხები იყო ეს. ამიერიდან არცერთ ასეთ შემთხვევას არ გავატარებ.
ნუთუ ეს არის ის დაპირებული სხვანაირი მხარდაჭერა?! ნუთუ არჩევნები შეიძლება იყოს მიზეზი სპორტსმენების არ დაფინანსების?! რატომ გვაცნობეს ასე გვიან, 18 ოქტომბერს, ფულის არარსებობის შესახებ, რომელიც თურმე არჩევნების მეორე ტურზე არის მიმართული? ასე გვინდა სპორტი განვავითაროთ? ასეთი მიდგომით არაფერი გამოვა!
ეს ჩემთვის და, ვფიქრობ, მთელი სპორტული სამყაროსთვის ძალიან ცუდი სიგნალია! მე მართლა ძალიან შეშფოთებული ვარ ასეთი სიტუაციით!!!
ის იმედი, მუხტი, სიხარული, რწმენა იმისა, რომ აწი სხვანაირი მხარდაჭერა გვექნება, ძალიან შეირყა დღევანდელი ფაქტის შემდეგ. მე არ ვიშვერ ხელს კონკრეტული პიროვნებების მიმართულებით, იმედი მაქვს რომ ეს მათი გადაწყვეტილება არ იყო. ეს არის სისტემის ნაკლოვანება, რომელიც მთელი თავისი რესურსით მომართულია პოლიტიკურ ბრძოლაზე და ნაკლებად აინტერესებს სპორტის განვითარება თუ კონკრეტულ მოცემულ მომენტში პარლამენტში დამატებითი ხმა ჭირდება.
ძალიან გაკვირვებული ვარ ასევე სახელმწიფოს გულგრილობით, რომელიც მან გამოიჩინა ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 22-28 მაისს ბორჯომში, მდინარე მტკვარზე. სრული იგნორი!
რატომ ბატონებო, ჩაიარა არჩევნებმა და მხოლოდ 2019 წელს გახდება აქტუალური ჩვენი ხმები?
ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მე 100% აპოლიტიკური ადამიანი ვარ! მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მეტად და უკეთესად წარმოჩენაში ეხმარება ჩვენს მთავრობას. ხაზს ვუსვამ - ეს პოსტი ჩემი გულისტკივილის გამოძახილია და არავითარ შემთხვევაში არცერთი პარტიის ინტერესებს არ ემსახურება, არავისი მხარდამჭერი არ ვარ გარდა ჩემი ქვეყნისა!
ყველას, ვინც წაიკითხა ეს პოსტი ბოლომდე, გთხოვთ გაავრცელოთ და არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს პრობლემა!!!!
დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს წერილი ადრესატამდე მივა. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გახდება საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის და საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის "შავ სიაში" შეყვანის მიზეზი!
საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა", - წერს ქაცარავა.
ჯერ ერთი მერიას რომ მიეცა ეგ ფული, ჩაითვლებოდა არჩევნების რეკლამად. მეორე და მთავარი-გაწერილი გეგმა უნდა გქონდეს წლის დასაწყისში, მაშინ ესეთი პრობლემები არ შეგექმნება, მესამე და ბოლო, ამ ხელისუფლების ......., წინა ხელისუფლების ...... და მერე რომ მოვა იმ ხელისუფლების ....... , მაგრამ რამდენი ხვეულია საჭირო ტვინში, რომ მიხვდე 6 მილიონი, 34 მილიონი, პარლამენტი, მთავრობა, არჩევნები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კაიაკი.