ღონისძიებაში მონაწილეობა 2 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. შემოსულ თანხას ორგანიზატორი კომპანია, ტრადიციულად, გააორმაგებს და მას ქველმოქმედებას მოახმარს.
"ღონიძიებიდან შემოსული თანხა 23 000 ლარზე მეტია. ის საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება. პროექტის საქველმოქმედო მიზნებიდან გამომდინარე, მისი თითოეული მონაწილეც ქველმოქმედია. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარების გარდა, ჩვენი მიზანია ტურიზმის განვითარება", - განაცხადა "თბილისი მარათონის" ორგანიზატორმა და "ჰაიდელბერგცემენტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო ტყემალაძემ.
წელს "თბილისი მარათონში", ქართველების გარდა, უცხო ქვეყნის 50 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით გაიმართა.
"ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მასობრივი სპორტის გავრცელებას ემსახურება. რაც მთავარია, ის საქველმოქმედოა. ეს ყველაფერი კი გადამდებია ახალგაზრდებში და, ზოგადად, მოქალაქეებში. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მსგავსი ღონისძიებები კიდევ უფრო ხშირად ჩატარდება და მასში ჩართულობაც გაიზრდება", - აღნიშნა თბილისის მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.
მარათონის ერთ გარბენში მონაწილეობას ბავშვები მიიღებენ. მონაწილე თუ დამსწრე პატარების გართობასა და მხიარული გარემოს შექმნაზე იზრუნეს ჟურნალებმა - "საბავშვო კარუსელი" და "ოჯახის მკურნალი". სტუმრებისთის სხვადასხვა გასართობი აქტივობა მოეწყო.
"თბილისი მარათონში" უკვე მერამდენე წელია, პატარებიც მონაწილეობენ. საბავშვო გარბენმა წელსაც წარმატებით ჩაიარა. მიხარია, რომ ბავშვები ჯანსაღი ცხოვრების წესს პატარაობიდანვე ეჩვევიან", - განაცხადა "საბავშვო კარუსელის" ბრენდ-მენეჯერმა ეკატერინე პეტრიაშვილმა.
მარათონი ადაპტირებულია და მასში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმაც მიიღეს. ღონისძიება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. "თბილისი მარათონი" 2015 წლიდან მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციის (AIMS) წევრია.
ნანა მღებრიშვილი
AMBEBI.GE