ნანა ძაგნიძის ევროპის ჩემპიონობა და ოჯახური ტრაგედია

AutoSharing Option
ფოტოზე: ნანა ძაგნიძე და ზურაბ აზმაიფარაშვილი
ექვსი მოგება, ხუთი ყაიმი, 8.5 ქულა და ევროპის ჩემპიონობა - ასეთი შესანიშნავი შედეგით დაასრულა ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ მოჭადრაკე ქალთა კონტინენტის ინდივიდუალური პირველობა, რომელსაც ლატვიის დედაქალაქმა რიგამ უმასპინძლა.

ჩემპიონატში, რომლის საპრიზო ფონდი იყო 70.000 ათასი ევრო (პირველი პრიზი – 12.000 ევრო), 33 ქვეყნის 144 წარმომადგენელი (მათ შორის - 8 ქართველი) მონაწილეობდა. მედალოსნების გამოსავლენად შვეიცარიული სისტემით 11 ტური გაიმართა.

წარმატებით აიღო სტარტი ძაგნიძემ, რომელიც ასპარეზობის პირველი დღიდან გათამაშების ცხრილის უმაღლესი საფეხურიდან არ ჩამოსულა. შეჯიბრების დასრულებამდე
ორი ტურით ადრე, მართალია, ოქროს მედლის მოპოვების შანსს რამდენიმე მოჭადრაკე ინარჩუნებდა, მაგრამ უმთავრესი კონკურენტები მაინც ქართველი დიდოსტატი და რუსი ალექსანდრა გორიაჩკინა იყვნენ, რომლებიც 7-7 ქულით მეწინავეობდნენ.

ბოლოსწინა ტურში ნანამ პოლონელი მონიკა სოჩკო დაამარცხა და 8 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა, რადგან გორიაჩკინა ევროპის ექსჩემპიონ ჰოანგ თან თრანგს (უნგრეთი) შეუთანხმდა ყაიმზე. ტიტულის ბედი მე-11 ტურს უნდა გადაეწყვიტა: გორიაჩკინამ თეთრი ფიგურებით ელიზაბეტ პეტცთან (გერმანია) დაზავება არჩია, რითაც ვერცხლის მედალი გაინაღდა, ძაგნიძე და მსოფლიოს ექსვიცე-ჩემპიონი ნატალია პოგონინაც (რუსეთი) 37-ე სვლაზე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს და ჩრდილოელმა მეზობელმა ქართველ მეტოქეს ჩემპიონობა მიულოცა.

8 ქულით, მაგრამ უარესი დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილზე რუსი ალისა გალიამოვა გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში თანამემამულე ალისა კაშლინსკაიას სძლია.

ქართველთა ბოლო ტურის შეხვედრები ასე დასრულდა: ბელა ხოტენაშვილი - ვალენტინა გოლუბენკო(ხორვატია) 1:0, ლელა ჯავახიშვილი - სოფი მილე (საფრანგეთი) 1:0, მერი არაბიძე - ლილიტ მკტრჩიანი (სომხეთი) 0.5:0.5, სოფიო გვეტაძე - ირინა ბულმაგა (რუმინეთი) 0.5:0.5, სიდონია ვაიდა ლაზარნე (უნგრეთი) - სალომე მელია 0.5:0.5, კარინა ამბარცუმოვა (რუსეთი) - ნინო ბაციაშვილი 0.5:0.5, ეკატერინე ატალიკი (თურქეთი) - ნინო ხომერიკი 1:0.

ჩვენებურთა საბოლოო შედეგები: 1. ნანა ძაგნიძე (8.5 ქულა), 10. ბელა ხოტენაშვილი (7.5), 18. ლელა ჯავახიშვილი (7). 29. მერი არაბიძე (6.5), 40. სალომე მელია (6.5), 45. სოფიო გვეტაძე (6.5), 49. ნინო ბაციაშვილი (6), 73. ნინო ხომერიკი (5.5).

საქართველოს ჩემპიონმა, ტურნირზე მე-17 ნომრად განთესილმა ბელა ხოტენაშვილმა, მე-10 ადგილით 14 საუკეთესო მოჭადრაკესთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატებში, რომლებიც 2000 წელს ბათუმიდან იღებს სათავეს, ქართველებმა აქამდე 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს: მეორე ადგილებზე გავიდნენ სალომე მელია (2013) და ნინო ბაციაშვილი (2015), ხოლო მაია ჩიბურდანიძე (2000), ქეთევან არახამია-გრანტი (2001) და სალომე მელია (2014) მესამე ადგილებს დასჯერდნენ.

ნანა ძაგნიძე ქართული ჭადრაკის ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, რასაც გულით ვულოცავთ.

სამწუხაროდ, ნანამ ამ გამარჯვებით ტკბობა ვერ მოასწრო, რადგან ტურნირის შემდეგ ტრაგიკული ამბავი აუწყეს - შეჯიბრების დამთავრებამდე ერთი დღით ადრე მას მამა გარდაეცვალა, მაგრამ ეს ამბავი მისთვის მაშინვე არ შეუტყობინებიათ, რომ ასპარეზობის მშვიდად დასრულება შესძლებოდა.

2015 წელს ჩაქვში ევროპის ჩემპიონატი ხომ მან სწორედ მამის უეცარი ავადმყოფობის გამო ლიდერის რანგში მიატოვა.

თანავუგრძნობთ ნანა ძაგნიძეს მამის გარდაცვალების გამო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
გიტანაგრდზობტ კალბატონო ნანა მამის გარდაცვალებას ვიზიარებ ტკვენს მცუხარებას, გმერტმა ნატელჰი ამკოპოს მამატკვენის სალი. ამინ.
vaxo
23:34 24-04-2017
0
გაანათლოს ზურაბის სული უფალმა,მას 1995 წლიდან ვიცნობდი,ნანას წარმატებებით ხარობდა და აი ბოლო წარმატებას ვერ მოესწრო.ულმობელია წუთისოფელი!ნანა გისამძიმრებთ და გილოცავთ ამ დიდ წარმატებას!
sano
21:52 24-04-2017
0

სიახლეები პოპულარული