იუბილარმა თავის სახელობის ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
მოსკოვში ვეტერანთა საერთაშორისო ტურნირი ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის იუბილეს მიეძღვნა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მოჭადრაკე ქალბატონები მონაწილეობდნენ. მოასპარეზეებს პარტიისთვის ეძლეოდათ 25-25 წუთი ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით.

8 შესაძლებლიდან 6 ქულით პირველი ადგილი თვით იუბილარმა დაიკავა, 5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ვეტერანებში ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი, თბილისელი დიდოსტატი თამარ ხმიადაშვილი, 4,5 ქულით მესამე ადგილი უკრაინელ მარტა ლიტინსკაიას ხვდა.

შეჯიბრების ორგანიზატორებმა იუბილარი და ტურნირის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი ფულადი და სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს.

"მოხარული ვარ, რომ ეს ტურნირი ნონა გაფრინდაშვილის იუბილეს მიეძღვნა,
- თქვა ასპარეზობის საზეიმო დახურვისას პოლონელმა დიდოსტატმა ხანა ერანსკა-ბარლომ, რომელმაც შეჯიბრებაზე V-VI ადგილები გაიყო, - ნონა შესანიშნავი პიროვნება და სპორტსმენია. ახალგაზრდები რომ ვიყავით, 64-უჯრიან დაფასთან საჭადრაკო ოლიმპიადებზე,  ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს.

პაექრობისას შეუდარებლად ძლიერი მებრძოლი ცხოვრებაში კეთილი და გულთბილი მეგობარია. მასთან თამაში საინტერესოა, თუმცა - ძალიან რთული. ვერაფერს იტყვი ის დღესაც თითოეულ ჩვენგანზე ძლიერია".

ქალბატონ ხანას ნათქვამის დასტურად დავძენთ, რომ ნონა გაფრინდაშვილი თავისი რეიტინგით დღესაც მოქმედ მოჭადრაკეთა პირველ ასეულში შედის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული