ეს არ არის შემთხვევით - დედამისი ნატა ბაგინსკაია თბილისელია (ბებია ხოფერიას ქალი იყო), ყოფილი მხატვრული ტანმოვარჯიშე. გასული საუკუნის 80-90-იან წლებში საქართველოს ნაკრების წევრი ნელი სალაძესთან ვარჯიშობდა. მაშინ დაძმობილებულ ქალაქებს - თბილისსა და ინსბრუკს შორის ხშირად იცვლებოდა სპორტული დელეგაციები. ერთ-ერთ ჯგუფში ერთხელ ნატაც მოხვდა, ავსტრიაში იქაურ ველომრბოლთა ნაკრების წევრი პეტერ ნაგლერი
ვახტანგი ახლა მშობლებთან ერთად თბილისშია, ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობს და შემოდგომამდე ავსტრიაში დაბრუნებას არ აპირებს.
ვალიკო ურიდიასთან იმაღლებს ოსტატობას და კალათბურთში ნიკო ჩერქეზიშვილთანაც ვარჯიშობს, ახლახან ბაკურიანშიც იყო შეკრებაზე, სამუსიკო სკოლაშიც დადის.
- ჭადრაკი ბავშვობიდან მიტაცებს, ნელ-ნელა ვიწაფები, წლეულს თანატოლთა შორის თბილისისა და საქართველოს პირველობებში მონაწილეობას ვაპირებ. ძალიან მიყვარს დედულეთი. აქამდეც ხშირად ჩამოვდიოდი თბილისში - აქაური სილამაზე და ხალხის სითბო მიზიდავს; ახლა საოცარმა ქართულმა ანბანმა მომხიბლა. მათი წერისას უდიდეს სიამოვნებას ვგრძნობ, - მითხრა ვახტანგმა.
თბილისით, და საერთოდ, საქართველოთი, დიდი ხანია, მოიხიბლა ვახტანგის მამა - პეტერ ნაგლერიც, რომელმაც შარშან სენიორთა შორის ტურ დე ფრანსშიც მიიღო მონაწილეობა. ქართველთა სიძეს ჩვენი მთებიც იზიდავს, უპირველესად მყინვარწვერზე ასვლას აპირებს.
- საქართველოში პირველად ცხრა წლის წინ ჩამოვედი. მიხარია, რომ მთელმა ქვეყანამ სახე იცვალა; აქ ახლა ისეთი სტაბილური სიტუაციაა, ბევრ განვითარებულ ქვეყანას რომ შეშურდება – უშიშრად ცხოვრება შეიძლება. ამიტომ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეუღლემ, ვახტანგი ერთი წლით თბილისში ჩამოგვეყვანა ქართული ენის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების საფუძვლიანად შესასწავლად.
- როგორც მითხრეს, სხვა მიზნებიც გქონიათ.
- დიახ, თბილისსა და ინსბრუკს შორის კონტაქტების გაღრმავების მიზნით გადავწყვიტე, რომ ჩემი მშობლიური ქალაქიდან რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად თქვენს დედაქალაქში ველოსიპედით ჩამოვიდე. ავსტრიაში ალპინიზმის მოყვარული ბევრი მეგობარი მყავს.
საქართველოში ლამაზი და თვალშეუდგამი მთებია, მათი დალაშქვრაც გვინდა. დიდი სურვილი მაქვს, ალპები და კავკასია დავამეგობრო, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობას გაამყარებს, - ამბობს ბატონი პეტრე, როგორც მას ცოლოურს ეძახიან.
- ხომ გაგიგონიათ, სადაც არის ბედი შენიო... მეც ჩემი ფეხით ჩავედი ინსბრუკში. თავიდან ძალიან გამიჭირდა თბილისთან განშორება, თუმცა მშობლებთან და ახლობლებთან ურთიერთობა არასდროს გამიწყვეტია. დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ მამა-შვილი საქართველოს სიყვარულში მეჯიბრებიან, - კმაყოფილებას ვერ მალავს ქალბატონი ნატა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"