ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში: ქართველები სამეულში

AutoSharing Option
ვარშავაში, მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს მამაკაცთა ნაკრები სასიამოვნოდ ანცვიფრებს ბრძენთა თამაშის მოყვარულთ. განვლილ ოთხ ტურში ჩვენმა ბიჭებმა გუნდური 6 ქულა მოაგროვეს და მეორე-მერვე ადგილებს იყოფდნენ.

12 ნოემბერს ისინი ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. საქართველოს გუნდს პირველი ქულა ბაადურ ჯობავამ მოუტანა - გილ პოპილსკის დასამარცხებლად შავი ფიგურებით 16 სვლა იკმარა.

თანაგუნდელს მხარი აუბეს მიხეილ მჭედლიშვილმა და ქვეყნის წლევანდელმა ჩემპიონმა გაიოზ ნიგალიძემ, რომლებმაც, შესაბამისად, დანი რაზნიკოვი და ავიტალ ბორუჩოვსკი დაჯაბნეს. ყველაზე გვიან ტალ ბარონისა და ლევან ფანცულაიას პარტია დამთავრდა - 52-ე სვლაზე
ყაიმით.

ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელთა დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: უნგრეთი-საფრანგეთი 2:2, რუმინეთი-უკრაინა 2:2, ჩეხეთი-აზერბაიჯანი 1.5:2.5, ბელორუსი-საბერძნეთი 1:3, სლოვენია-სომხეთი 1:3, სერბეთი-ხორვატია 2:2, გერმანია-ინგლისი 1.5:2.5.

ხუთი ტურის შემდეგ: საფრანგეთი - 9 (12,5), საქართველო - 8 (12,5), საბერძნეთი - 8 (12,5), აზერბაიჯანი-8 (11,5).

საქართველოს ქალთა ნაკრებს 12 ნოემბერს, ტრადიციულად, უხერხული მეტოქე ჰყავდა - სომხეთის ეროვნული გუნდი. მე-4 დაფაზე ბელა ხოტენაშვილმა მარია კურსოვა დაამარცხა და თავისი გუნდი დააწინაურა. ნინო ხურციძე ლილით გალოიანს დაუზავდა. მერი არაბიძეს ლილით მკრტიჩიანთან შეხვედრისას 34-ე სვლისთვის აშკარა უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა ამ ტურნირზე უკვე მეორედ გაუშვა ხელიდან მოგების შანსი და 10 სვლის შემდეგ ყაიმზე შეუთანხმდა მეტოქეს. სამაგიეროდ, პირველ დაფაზე ელინა დანიელიანმა თეთრებით მშვენივრად გამოიყენა ნანა ძაგნიძის შეცდომები და წონასწორობა აღადგინა - 2:2.

ასეთივე ანგარიშით დამთავრდა რუსეთ-გერმანიის ორთაბრძოლა. უკრაინამ პოლონეთი გაანადგურა - 3.5:0.5 და ერთპიროვნულად დაწინაურდა.

სერბეთი-ესპანეთი 1.5:2.5, ჰოლანდია-რუმინეთი 2:2, პოლონეთი (3)-ისრაელი 3:1, საფრანგეთი-აზერბაიჯანი 1.5:2.5, თურქეთი-უნგრეთი 1.5:2.5, ბულგარეთი-ლიტვა 2:2.

ხუთი ტურის შემდეგ: უკრაინა - 10 (15,5), საქართველო - 8 (14), პოლონეთი - 8 (12).

13 ნოემბერს ჩვენი ქალები უკრაინას, ვაჟები კი აზერბაიჯანს დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული