ქართველი მოჭადრაკეები ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩნენ

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქში დამთავრდა მოჭადრაკეთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი.

საქართველოს ქალთა ნაკრები 16 ნოემბერს, პრინციპულ მატჩში რუსეთის ეროვნულ გუნდთან 1:3 დამარცხდა (ვალენტინა გუნინა-ნანა ძაგნიძე 0,5:0,5, მერი არაბიძე-ალექსანდრა კოსტენიუკი 0:1, ნატალია პოგონინა-ბელა ხოტენაშვილი 1:0, ლელა ჯავახიშვილი-ოლგა გირია 0,5:0,5), რითაც მედლებისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

სამაგიეროდ, მსოფლიოს ჩემპიონმა უკრაინის ნაკრებმა სომხეთს აჯობა - 3:1 და 15 ქულით ევროპის ჩემპიონობა ვადამდე მოიპოვა; 17 ნოემბერს, ბოლო ტურში კი რუსეთს, ფაქტობრივად, უბრძოლველად დანებდა - 1:3.

ამ გამარჯვებით ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა 14 ქულა მოაგროვეს და ვერცხლის მედალი დაისაკუთრეს.

ამდენივე
ქულას მოუყარეს თავი პოლონელებმა, რომლებსაც უარესი დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალი ერგოთ. საქართველოს ქალთა ნაკრებმა 17 ნოემბერს ჰოლანდია დაამარცხა (ნანა ძაგნიძე-ლიზა შუტი 1:0, ჯაოფინ პენგი-მერი არაბიძე 0:1, ნინო ხურციძე-თეა ლანჩავა 1:0, ერლეთ ვან ვერსელი-ბელა ხოტენაშვილ 0:1) და 12 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა. ამდენივე ქულით სომხებს მეხუთე ადგილი ერგოთ.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებს კარგა ხანია, საერთაშორისო სარბიელზე ასეთი შედეგი არ ჰქონია. ათი წლის წინათ მან სწორედ ევროპაზე დაიკავა მესამე ადგილი. ჩვენები მიზანთან ახლაც ახლოს იყვნენ, მაგრამ... შაბათს ქართველმა მოჭადრაკეებმა 2010 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული უკრაინის უძლიერესი ნაკრები დაამარცხეს 2,5:1,5 (ალექსანდრ არეშჩენკო-ბაადურ ჯობავა 0:1, მიხეილ მჭედლიშვილი-ანდრეი ვოლოკიტინი 0,5:0,5, ალექსანდრ მოისეენკო-ლევან ფანცულაია 0,5:0,5, გაიოზ ნიგალიძე-სერგეი ფედორჩუკი 0,5:0,5), 17 ნოემბერს კი ჩეხეთს დაუზავდნენ - 2:2 (დავიდ ნავარა-ბაადურ ჯობავა 1:0, მიხეილ მჭედლიშვილი-ვიქტორ ლაზნიჩკა 0,5:0,5, ზბინეკ ჰაჩეკი-მერაბ გაგუნაშვილი 0,5:0,5, ლევან ფანცულაია-ირჟი სტოჩეკი 1:0), 9 ტურში მოაგროვეს 12 გუნდური ქულა და მე-6 ადგილზე გავიდნენ.

14 ქულით ჩემპიონობა აზერბაიჯანელებმა მოიპოვეს, 13-13 ქულით, შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილები ფრანგებმა და რუსებმა გაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ დარჩენილან უმედლოდ,დაფებზე მაინც აიღეს
sano
10:26 21-11-2013
0

სიახლეები პოპულარული