ჭადრაკი. თბილისის მერიის თასი: გიგა ყუფარაძემ შესანიშნავი შედეგი აჩვენა

AutoSharing Option
100-ზე მეტი მოჭადრაკე მონაწილეობდა ბლიცში (თითოეულ პარტიაზე 5-5 წუთი ) დედაქალაქის მერიის თასზე (საპრიზო ფონდი 3500 ლარი) 30 დეკემბერს გამართულ საახალწლო ტურნირში, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.

მოასპარეზეთა შორის იყვნენ სახელოვანი დიდოსტატები და საერთაშორისო ოსტატები.

შეჯიბრება ჩატარდა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. შესანიშნავი შედეგი აჩვენა საერთაშორისო ოსტატმა გიგა ყუფარაძემ, რომელმაც 8 ქულას მოუყარა თავი და სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ დიდოსტატები - თორნიკე სანიკიძე და დავით ჯოჯუა, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს. 7-7 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებზე დიდოსტატი კონსტანტინე შანავა
და საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუა გავიდნენ.

ქალებში 6.5 ქულით პირველი იყო 18-წლამდელებში 2015 წლის ევროპის ჩემპიონი ნინო ხომერიკი. 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილები საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ ნინო ხურციძესა და ქეთი წაწალაშვილს ერგოთ. ვეტერანებში საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. გიორგი ბაღათუროვი (7), 2. გიორგი გიორგაძე (6), 3. სერგო ცომაია (6).

გამარჯვებულები და პრიზიორები თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა გეგა ზურაბაშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და ტურნირის დირექტორმა ზურაბ მიქაძემ დააჯილდოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული