საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები - პარიზიდან დანახული გუნდი

AutoSharing Option
დღეს ისევ ვუბრუნდებით პარიზში ჩვენი ძიუდოისტების გამოსვლას, რომლებმაც იქ 4 მედალი მოიპოვეს: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

- პარიზის გრან სლემი: ზებედა რეხვიაშვილის რიხიანი დაბრუნება

რაღაც დაუწერელი კანონით, ჩვენებს ყოველთვის უჭირდათ ამ ტურნირის მოგება. თუმცა ბოლო წლებში კი გავუთამამდით, მაგრამ წლეულს უსიამოვნო ტრადიცია მაინც ვერ დავარღვიეთ.

არადა, სპორტში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძლევამოსილად დაბრუნებულ ზებედა რეხვიაშვილს (81) ერთი მოგება დააკლდა, რომ შენგელი ფიცხელაურის, ამირან ტოტიკაშვილის, გიორგი რევაზიშვილის, გია გუგავას, დავით ასუმბანის, ვალერი ლიპარტელიანის და ავთანდილ ჭრიკიშვილის შემდეგ გამხდარიყო პარიზული ტურნირის მერვე
ქართველი გამარჯვებული.

წლევანდელი "მუზარადის" ბრინჯაოსმედალოსნები ამირან პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშილი (66) და ლიპარტელიანი გახდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მერვეზე გავიდნენ, მხოლოდ ვაჟებში კი - მეხუთეზე. თუმცა ამაში დიდი როლი ოქროს გარეშე დარჩენამ ითამაშა, თორემ ეს ნუსხა რაოდენობრივად რომ ჯამდებოდეს, პირველ ნომინაციაში მეხუთე, მეორეში კი მთლად მეორე ადგილზე ვიქნებოდით.

ოქროს გარეშე დარჩენის მიუხედავად, ჩვენი ნაკრების გამოსვლა გუშინვე დადებითად შევაფასეთ. ამის საბაბს შემდეგი გარემოებები გვაძლევს: ნაკრებისთვის პირველი ტურნირი იყო; თანაც, ძირითად შემადგენლობას ვარჯიში არც ისე დიდი ხნის დაწყებული აქვს; იყო საკადრო გადაადგილებები წონებში, როცა რამდენიმემ წონა შეიცვალა; ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა საკმაოდ საიმედოდ იასპარეზა; გამოიკვეთა გუნდის ხელწერა: ფიზიკური მომზადება, სუნთქვა, გამძლეობა აღარ იყო ძველებურად კატასტროფული და ცალკეული გამონაკლისების მიუხედავად, უმეტესობა ამ კომპონენტში საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებოდა.

ირაკლი ცირეკიძის ფორმაციის ნაკრები აღარ იქნება გაფრთხილებებზე და ტაქტიკურად მოჭიდავე გუნდი. ის შეუტევს (ოღონდ გეგმაზომიერად, დაცვითი რედუტების გათვალისწინებით) და სიამოვნებას მიანიჭებს მაყურებელს. შესაშური ტექნიკური არსენალი გამოავლინეს მარგველაშვილმაც, რეხვიაშვილმაც, უმეტეს შეხვედრებში - ბექა ღვინიაშვილმაც (90) და, რაღა თქმა უნდა, გურამ თუშიშვილმაც (+100).

ტრადიციულად, დახვეწილად და უაღრესად გააზრებულად ჭიდაობდა ლიპარტელიანიც, ეს კი ერთი გუნდისთვის ცოტა არაა.

გუნდმა პარიზში წასვლამდე ფიზიკურადაც ივარჯიშა თბილისში და ერთგვარ შიშს ესეც აჩენდა - "მძიმე" წვრთნების გამო ხომ არ იქნებოდა ნაკრები გადაღლილი და გაუხეშებული, თუმცა შეჯიბრებამ საპირისპირო დადებითი სურათი დაგვანახა. ეს იყო ახლებური ფიზიკური ვარჯიშები, რომელიც სპეციფიკურია საჭიდაო სახეობებისთვის და მან თავისი შედეგი გამოიღო. ამის ყველაზე ცხადი მაგალითი ისევ რეხვიაშვილია, ვისთვისაც "ფიზიკა" მუდამ "აქილევსის ქუსლი" იყო.

ნაკრების ჭიდაობის გაუმჯობესებული ხარისხიც ფიზიკური კონდიციების მოწესრიგების დამსახურებაა - როცა სპორტსმენი ჯანზეა და გრძნობს თავის სიძლიერეს, მაშინ უფრო თამამადაც ირჯება და ყველაფერიც გამოსდის. ალბათ, ამას უნდა მივაწეროთ პაპინაშვილის ფსიქოლოგიური მდგრადობაც, თორემ ბოლო წლებში ამ კუთხით ჰქონდა პრობლემები.

უმედლოდ დარჩენილთაგან ყველაზე მეტად თუშიშვილს გამოვარჩევთ, ვინც ძალიან ტექნიკური ჭიდაობა აჩვენა. მას ქართული ჭიდაობის მადლიც უხვად სცხია და ახალი წესებიც აძლევს გასაქანს, რაც დიდწილად გამოიყენა კიდეც. მარტო ის რად ღირს, რომ პირველ შეხვედრაში ფრანგ ნაბილ ზალაგს ოთხი ვაზარი აართვა ოთხი სხვადასხვა ილეთით! მერე ძლიერი ჰოლანდიელი როი მეიერიც კარგად დააგდო.

ის ჯგუფში იაპონელთა მომავალ ჩემპიონ ტაკეში ოჯიტანისთან დამარცხდა, თუმცა მისი უმედლოდ დარჩენის მიზეზი მაინც არასტაბილურობა გვგონია - ტურნირზე რაღაც მომენტში მაინც მოუკლებს. სამწვრთნელო შტაბის მთავარი ამოცანაც ამ ხარვეზის გამოსწორება უნდა იყოს (დაახლოებით იმავეს ვიტყვით ღვინიაშვილზეც), თორემ პარიზში, მგონი, ყველაზე ნათლად გამოჩნდა, რომ თუშიშვილს მართლაც შეუძლია ლეგენდარული ტედი რინერის დაგდება.

ლიდერთა საკმაოდ დიდი ჯგუფისგან უფრო უკეთეს გამოსვლას ველოდით, მაგრამ, ვნახოთ, მომავალი წინაა, ევროპირველობამდე კი საკმაო დრო რჩება. ვფიქრობთ, ამ პერიოდში ლაშა შავდათუაშვილიც (73) მოახერხებს მობილიზებას და პარიზულ მარცხს ჩამოირეცხავს. მას რომ ფენიქსივით შეუძლია რეაბილიტირება, ეს წინა ოლიმპიურ ციკლშიც დაამტკიცა.

ასევე გვეიმედება, რომ მომდევნო შეჯიბრებებში იმედს გაგვიმართლებენ ახალგაზრდები - ფრიდონ გიგანი (73) და თამაზ კირაკოზაშვილი (81), თორემ პარიზის სიძლიერემ და "დიდ ბიჭებში" გარევამ დებიუტანტებზე ცუდად იმოქმედა.

ყველაზე ცუდი ტენდენცია, რაც ამ ტურნირმა დაგვანახა, შემდეგია: ყველა პირადი შეხვედრა ლამის პირწმინდად და უშანსოდ წავაგეთ იაპონიასთან. არადა, ახალი წესები ჩვენც გვიზრდის შანსს და სამწვრთნელო შტაბმა ამაზეც უნდა იზრუნოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 28 /
Irakli apkhaidze-ს. ეს როგორ!! სხვა გუნდებს, ვინც პარიზის ტურნირზე იჭიდავა, ოლიმპიადაზე არ მიუღია მონაწილეობა? ეს რა ლოგიკაა!!!
შიო
14 თებერვალი 2017 16:57
0
"არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი". შე დალოცვილო, იძახით, რომ პირველი ტურნირია და მზად არ ვიყავით ბოლომდეო. ხომ იცოდით ამ ტურნრში რომ უნდა მიგეღოთ მონაწილეობა? იცოდით ხომ! მაშინ რატომ დროზე არ დაიწყეთ მომზადება? მოკლედ, ამ ჯერზე მაგრად ჩ--------ეთ.
გულო გულორდავა
14 თებერვალი 2017 16:54
0
ეს დაგლილი ხალხი რამ ცაგაგვანინად ერტი ცუტის მერე პეხზე ვერა დგებიან კველა სახეობაჰი ერტი და იგივე პრობლემა როგორაააააა
vava
14 თებერვალი 2017 16:51
0
ზედმეტად სუბიექტურია სტატიის ავტორი. რომელ ფიზიკურ გამძლეობაზე საუბრობთ ?? სპორტსმენები 2 წუთის მერე ფეხზე ვეღარ იდგნენ. მოდი განვიხილოთ თითოეული:

პაპინაშვილი - ამირანს ყოველთვის უჭირს გადამწყვეტ მომენტში მობილიზება მაღალი სინჯის მედლისთვის

ლუხუმი - გამოცდილების ამბავია

მარგველაშვილი - მოქმედი ევროპის ჩემპიონისთვის შეიძლება დაბალი შედეგია, თუმცა, მაინც გამოცდილებას უნდა დავაბრალოთ

შავდათუაშვილი - გასაფრთხილებელი იყო და გააფრთხილეს. შემტევი ჭიდაობითაც არ გამოირჩეოდა

გიგანი და კირაკოზაშვილი - ახალბედები არიან

ზებედა - ძალიან კარგად იჭიდავა. მშვენიერი დაბრუნება ჰქონდა.

ჭრიკიშვილი - ფორმაში საერთოდ არაა და ილეთებს ვეღარ აკეთებს ძველებურად

ღვინიაშვილი - მემგონი ზედმეტად თავდაჯერებულია და არც ეგრე აქვს საქმე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წონის ლიდერების უმეტესობა საერთოდ არ მონაწილეობდა ტურნირში. ერთი გვაკი იყო და იმასთანაც წააგო. სუნთქვის სერიოზული პრობლემა აქვს და მეტი ვარჯიში მართებს და სხვანაირი განწყობა. იოლი მეტოქე არ არსებობს და ყველა ანგარიშგასაწევია. ილეთებიც არ უკეთებია და არც გამოსდიოდა.

ლიპარტელიანი - წონის შეცვლის მიუხედავად სტაბილურად ჭიდაობს და ამჯერადაც მშვენივრად იასპარეზა. უფრო მაღალ შედეგებს დადებს ამ წონაში

მძიმე წონაზე ვერაფერს ვიტყვი, მომავალი უკეთესად გვაჩვენებს.

ზოგადად მეტ შედეგს ველოდი იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს და იაპონიას პირველი ნომრები არ ყავდათ.

იაპონელები ცალკე განხილვის ღირსები არიან - მეორე და მესამე ნაკრებით ამდენი მედალი აიღეს და ოლიმპიური ჩემპიონები ალბათ გადაუვლიან ყველას.


სტატიის ავტორი კიდე წინა წლების ჩანაწერებს უყურებდა ალბათ
გულშემატკივარი
14 თებერვალი 2017 16:47
0
ცირეკიძეს და ქევხიშვილს ნუ დააღუპინებთ ამ შემდგარ და ძალიან მაგარ, ფეხზე დამდგარ გუნდს!!!
es ra xdebaa???
14 თებერვალი 2017 16:19
0
ყველაფერი გამოსწორდება, ოლიმპიადის მერე პირველი შეკრების ფონზე არა უშავს, მომავალ ოლიმპიადაზე ღვინიაშვილიც და თუშიშვილიც ოქროებს წამოიღებენ!
Irakli apkhaidze
14 თებერვალი 2017 16:03
0
ფიზიკურად კარგად იყვნენ მომზადებულებიო!!! კარგით რა, ღვილიაშვილი ძლივს იდგა ფეხზე. რომელ ფიზიკურ მომზადებაზე აპელირებ ავტორ!!!!
iraklia tavadzes
14 თებერვალი 2017 16:03
0
ჩვენი ძიუდოისტების პარიზულ გამოსვლას აქვს მხოლოდ ერთი სახელი და მას რუსულდ "სლაბაკი" ქვია. რათ უნდა ამას მიკიბ მოკიბვა. მთავარია გუნდის მესვეურებმა გაითვალისწინონ ეს გაკვეთილი და უფრო სერიოზულად მიუდგნენ საქმეს. ან რატომ გაუშვეს ნოზაძე!!! რატომ! შედეგი არ ქონდა თუ რაშია საქმე!!
zaza
14 თებერვალი 2017 16:01
0
ჩვენმა ძიუდოსტიებმა პირწმინდად წააგეს ერთი ერთზე იაპონელებთანო, კი ეს ასეა და აქედან გამომდინარე შესასწავლია იპაონიის ძიუდოს სკოლა პირწმინდად ასე ვთქვათ, გასაგზავნია იაპონიაში ჭკვიანი კაცი რომელიც კარგად შეისწავლის იაპონიის ძიუდოს სკოლას, ამის გამკეთებელი ვინმე არი საერთოდ? მეეჭვება რაღაცა.
ხვიჩა
14 თებერვალი 2017 15:58
0
შეცდომაა - "დიდი მუზარადი", "დიდი ფაფახი", "დიდი ჩექმი" დ.ა.შ.
სწორია - "დიდი სლემი"!!!!!
givi
14 თებერვალი 2017 15:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული