"მიყვარს განსხვავებული ილეთები და სიამოვნებას ვიღებ, როცა გამომდის" [VIDEO]

AutoSharing Option
პარიზში, სეზონის პირველ გრან სლემზე საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ამ პრესტიჟული შეჯიბრების ვიცე-ჩემპიონი ზებედა რეხვიაშვილი (81) გახდა.

- პარიზის გრან სლემი: ზებედა რეხვიაშვილის რიხიანი დაბრუნება [VIDEO]

25 წლის ძიუდოისტმა Sportall.ge-სთან ამ წარმატებაზე ისაუბრა.

- თუ არ ჩავთვლით ფინალს, ტურნირზე ჩემს გამოსვლას დადებითად შევაფასებ. ფინალში ენერგია აღარ გამყვა იმიტომ, რომ მანამდე ძალიან რთული შეხვედრების ჩატარება მომიხდა. აბსოლუტურად ყველა მეტოქესთან ძალიან მობილიზებული ვიყავი.

ოპერაციების შემდეგ 73 კგ-დან 81-ში გადავედი, ამ წონაში ვემზადებოდი და ბოლო
ეტაპისკენ წინა ჯვარედინის და გვერდითა იოგების ტრავმა მივიღე. კიდევ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ტატამზე ვეღარ შევდიოდი, ძალიან დავღონდი...

დეკემბრის ბოლოს უკვე სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი. ამ ტურნირის შემდეგ ვარჯიშების ხარისხი მოიმატებს, უფრო სერიოზულ დატვირთვებზე გადავალ და იმედია, ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება.

ვისარგებლებ შემთხვევით და გულშემატკივარს ბოდიშს მოვუხდი, ოქროს მედალი რომ ვერ მოვიპოვე. გპირდებით, უკეთესი შედეგისთვის თავს არ დავზოგავ.

- მთავარმა მწვრთნელმა ძიუდოს ახალ წესებზე თქვა, ჩვენთვის კარგია და ამას საფრანგეთშიც ნახავთო. თუმცა, პარიზში ჩვენების გამოსვლით გულშემატკივართა ნაწილი უკმაყოფილო დარჩა. შენ რას გვეტყვი ახალ წესებზე?
- რამდენიმე გაუგებარი ნიუანსია. მაგალითად ის, რომ შიდოთი ვეღარ იგებ შეხვედრას. თუმცა, მოსაგებად რომ გადიხარ, ახალ წესებზე არ უნდა იფიქრო. უმნიშვნელო ცვლილებებია და ჩემი აზრით, ჩვენთვის ეს უკეთესიცაა.

რაც შეეხება ნაკრების გამოსვლას, ვიტყვი, რომ ეს ძალიან კარგი გუნდია. ახლა სეზონის დასაწყისია და, შესაბამისად, ბიჭები ფორმაში არ არიან. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც ოლიმპიადაზე იჭიდავა. ზოგსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის ბიჭები ფორმის პიკში იქნებიან და იმაზე ბევრად ძლიერი გუნდი გვეყოლება, ვიდრე 2013-14 წლებში გვყავდა.

ასე რომ, გულშემატკივრის შეფასებები ჩვენს გამოსვლასთან დაკავშირებით ზედმეტად საგანგაშო მგონია. ქართველები ამბიციურები ვართ და მაქსიმუმი გვინდა...

- პარიზში წონის ლიდერს მოუგე...
- იმდენად მობილიზებული ვიყავი, არ მიფიქრია, ვის ვხვდებოდი.

- ილეთი, რომელსაც მთელი საქართველო აზიარებდა...
- ეს ილეთი ჩემს სტილს კარგად "მოვარგე". საერთოდ, მიყვარს განსხვავებული ილეთები და სიამოვნებას ვიღებ, როცა გამომდის.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

- დღევანდელი გადმოსახედიდან, რაში გაქვს მოსამატებელი?
- მეტი პრაქტიკა მჭირდება - როგორც ვარჯიშებზე, ისე შეჯიბრებებზე. 10 თვე სავარჯიშო დარბაზშიც კი არ მიჭიდავია... ეს ჩემი აზრია, დანარჩენში კი ჩვენი პროფესიონალი მწვრთნელები დამეხმარებიან.
მკითხველის კომენტარები / 2 /
https://www.youtube.com/watch?v=i0-jQ8W2u7A ეს არის ძიუდოს საუკეთესო ილეთების კრებული. აი შეადარეთ ჩვენი ვეფხვი ზებედა რას აკეთებს. სასწაულია!
aburjga
13:48 16-02-2017
0
47 წელია ძიუდოდოს ვუყურებ და ვგულშემატკივრობ. დარწმუნებით გეტყვით, რაც ზებედამ გააკეთა ასეთი ილეთი კინოშიც კი არ მინახავს. ეს შესანიშნავი რამე იყო, საოცრება! ყოჩაღ, უძლიერესი ხარ! მიდი ზებადა, შენი გამჩერებელი კაცი ახლა პლანეტაზე არ არის! დიდი მადლობა! იაპონა, აი ეს არის ძიო დო!
არჩილ ხოფერია
12:48 16-02-2017
0

სიახლეები პოპულარული