საქართველოს დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ვალერი ლიპარტელიანი დააკლდება

AutoSharing Option
როგორც საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ გერმანიიდან გვაცნობა, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (100) დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ვერ იჭიდავებს. მიზეზი თითის ტრავმაა, რომელიც ჯერ კიდევ პარიზის "დიდ მუზარადზე" იტკინა და უდიდესი ტკივილის ფასად ჩაამთავრა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან.

ეს მისი პირველი ოფიციალური შეჯიბრება იყო ახალ წონაში საბოლოოდ გადასვლის შემდეგ და დებიუტი მედლითაც აღნიშნა, მაგრამ ტრავმაც მიიღო.

გერმანიაში მისი ჭიდაობაც მაშინვე გახდა საეჭვო, თუმცა, ერთი მხრივ, ელოდნენ გერმანიაში ჩასატარებელი გამოკვლევის შედეგს და
თან იყო იმედი, რომ შეჯიბრებამდე დარჩენილ ორკვირიან მონაკვეთში იქნებ პრობლემაც მოგვარებულიყო.

ახალი კვლევების შემდეგ მისი ჭიდაობა გამოირიცხა, რადგან, ცირეკიძის ცნობით, გუნდის კაპიტანს თითზე მყესი აქვს გაწყვეტილი. თუმცა რამდენადაც ამის საშუალებას ეს ტრავმა აძლევდა, მან მაინც მიიღო მონაწილეობა ერთობლივ შეკრებაში, პარიზიდან გერმანიაში გადასვლის შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე კვირაში დიუსელდორფში რომ გამართა. ის ასევე დარჩება ტურნირის შემდეგ ჩასატარებელ ოთხდღიან წვრთნებზე, რომელშიც მონაწილეობას შეჯიბრებაზე მყოფი სხვა გუნდებიც მიიღებენ.

არადა, ეს ტურნირი ლიპარტელიანისთვის გამორჩეულად წარმატებულია - მის კარიერაში "დიდი პრიზის" ხუთი ოქროა და აქედან სამი დიუსელდორფში მოიგო! ბოლოს იქ 2015 წელს გაიმარჯვა, როცა ფინალში რუსი ყაზბეგ ზანკიშიევი დაამარცხა, მანამდე კი ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილს, ხოლო მეოთხედფინალში შვედ ევროპის ჩემპიონ მარკუს ნიმანსაც აჯობა.

შეგახსენებთ, რომ დიუსელდორფის "დიდი პრიზი" 24-26 თებერვალს გაიმართება და მასში ჩვენი ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იჭიდავებს.

ამჯერად ქალთა ტურნირში მონაწილე არ გვეყოლება.

წინასწარი მონაცემებით, შეჯიბრებაში ხუთივე კონტინენტი იქნება წარმოდგენილი და 51 ქვეყნის 378 ათლეტი იასპარეზებს.

ტურნირს 24 თებერვალს 60-66-კილოგრამიანი ვაჟები და 48-52-57-ის ქალები გახსნიან. მეორე დღეს ვაჟებში 73-81-ის, ქალებში კი 63-70-ის წარმომადგენლები შეეცდებიან მედლების მოპოვებას. 26-ში ტატამზე ვაჟებში 90, 100 და +100-ის ძიუდოისტები გავლენ, ქალებში კი ასპარეზი 78 და +78-კილოგრამიანებს დაეთმობათ.

ცირეკიძე ორი წონის - 66-ის და 100-ის გარდა, ყველა წონაში იყენებს კუთვნილ ორკაციან კვოტას, თუმცა ამათგანაც 100-ში ცაიტნოტში აღმოჩნდა, თორემ სხვა შემთხვევაში იქნებ კიდეც ჩაენაცვლებინა ლიპარტელიანი.

მწვრთნელი, ძირითადად, პარიზში ნაჭიდავებ შემადგენლობას დაეყრდნო, თუმცა 81-ში ორივე მონაწილე შეცვალა (მათ შორის - ფინალისტი ზებედა რეხვიაშვილიც) და გამოსაცდელად ახალი დუეტი გამოიძახა, მძიმე წონაში კი გურამ თუშიშვილის ნაცვლად ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მედალოსანი ადამ ოქრუაშვილი დააყენა, რაც წინასწარვე იყო განზრახული.

ტურნირის საპრიზო ფონდი საკმაოდ მაღალია, ჩემპიონის სარგო 3 000 დოლარია, საიდანაც 2400 უშუალოდ სპორტსმენის წილია, 600 - მწვრთნელის. ვიცე-ჩემპიონი 2000-ს მიიღებს (1600+400), მესამეპრიზიორი - 1000 დოლარს (800+200).

ამასთან, გამარჯვებულს 700 სარეიტინგო ქულა დაეწერება, მომდევნო ადგილებზე გასულებს კი, შესაბამისად, 490 და 350, თუმცა რეიტინგში ქულებს, მედალოსანთა გარდა, მომდევნო ადგილებზე გასულებიც მიიღებენ, თუმცა, ცხადია, დაბალი ადგილისთვის შეფასებაც დაბალი იქნება.

დასასრულ, გეტყვით, რომ ტურნირის წილისყრა დღეს, თბილისის დროით 17 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. ვაჟა მარგველაშილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი
81 კგ. ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი
90 კგ. ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი
100 კგ. ლაშა ტაველური
+100 კგ. ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზებედამ ყველაზე ეფექტურად იჭიდავა. რატომ არ არის შემადგენლობაში?! ამ ფაქტს ჟურნალისტის კომენტარი მაინც აღარ ეკუთვნის?!
aburjga
17:15 23-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული