გუნდის დანარჩენი წევრებისგან მეშვიდე ადგილზე ამბაკო ავალიანი (81) გავიდა.
ამ შედეგით ჩვენი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაშიც კი მეორეზე გავიდა, იმის მიუხედავად, რომ ქალებში მონაწილე საერთოდ არ გვყავდა, მარტო ბიჭებში კი პირველზე გავედით.
ეს ტურნირი სიძლიერით შედარებით კი ჩამოუვარდებოდა პარიზის ორი კვირის წინანდელ "დიდ მუზარადს",
ბუნებრივია, იყო ხარვეზები - ზოგჯერ ძალიან მძიმე და თვალში საცემიც, მაგრამ ამ ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პარიზში დანახული დადებითი ტენდენციები - გაცილებით უკეთესი ფიზიკური მომზადება, უკეთესი ტაქტიკური მიდგომა, გაუმჯობესებული ტექნიკური არსენალი და სხვა.
კიდევ ვიმეორებთ - ხარვეზები იყო და ნაკრების ხელმძღვანელობას სამუშაო ბევრი აქვს; რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ძირითადი - ნაკრების ლიდერთანაც, თუმცა გუნდის ხელწერაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა.
იმედია, აღებული ტემპი ევროპა-მსოფლიოზეც გაგრძელდება და იქაც მივიღებთ კარგ შედეგს.
პარასკევი: საფინალო დუეტი
ამ ტურნირის პირველი დღე ფრანგული შეჯიბრების სტარტს ჰგავდა - ჩვენმა ლიდერებმა, პაპინაშვილმა და მარგველაშვილმა ისევ ისე დამაჯერებლად იჭიდავეს, თუმცა ამჯერად ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენეს - ოქრო-ვერცხლი მაშინდელი ორი ბრინჯაოს წილ. რაც მთავარია, ორივემ დამაჯერებლად და ძლიერად იჭიდავა - შემტევ სტილში, ტაქტიკურად საკმაოდ გამართულად და ტექნიკურად, გახსნილად და თამამად. ეტყობა, პაპინაშვილმა საბოლოოდ მოიშორა "აზიური სინდრომი". მართალია, ფინალი მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან წააგო ვაზარით, მაგრამ პარიზშიც და ახლაც თითო აზიელი მაინც დაამარცხა. თუმცა პარიზში თუ შედარებით უცნობ კორეელ ჩანიონ კიმის სძლია ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, ამჯერად ნახევარფინალში მეორე მონღოლი, თვით მსოფლიოს ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავაა გააგორა. თანაც, უბრალოდ კი არ მოუგო, არამედ ვაზარ-იპონით, ანუ ორი ილეთით დაამარცხა.
გერმანიაში გამოსვლა პაპინაშვილმა თითქოს ცოტა რთულად კი დაიწყო - ფრანგ ცედრიკ რევოს გაფრთხილებებით მოუგო, თუმცა მომდევნო შეხვედრებში "გაიხსნა" და სულ სხვა კუთხით წარმოდგა: ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს ვაზარით აჯობა, დაშდავაას კი რაც დამართა, უკვე გითხარით.
წაგების მიუხედავად, მან ფინალიც დამაჯერებლად ჩაატარა განბატთან, არ უჭიდავია ფრთხილად და დაზვერვით, ნამდვილად მოსაგებად იბრძოდა და მარცხს წინასწარ არ იყო შეგუებული, თუმცა ეს მონღოლი უხერხული ტიპის მოჭიდავეა - ილეთზე ძნელად რომ შეგიშვებს, ისეთი. ამასთან, ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული და პაპინაშვილმა ძირითადად ამის გამო ვერ შეძლო მასთან ილეთის გაკეთება. სამაგიეროდ, მეტოქემ ერთი შეცდომა არ აპატია, თუმცა იმ მომენტში ტაქტიკურადაც მოატყუა - გარეფეხზე გადასვლის იმიტაცია გააკეთა, მაგრამ მოძრაობაზე დაიჭირა და ზედა ჩავლებიდან ბეჭებზე გადააგდო.
სამაგიეროდ, იმ დღეს მარგველაშვილი იყო შეუჩერებელი და თავიდან პირველ სამ შეხვედრაში იპონით იმარჯვა. ოღონდ პირველ ორ შეხვედრაში გერმანელ მანუელ შაიბელთან და ბულგარელ ბოჟიდარ ტემელკოვასთან წარმატება თუ მოსალოდნელიც იყო, აი, რუსთა ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს პრიზიორ კამალ ხან-მაგომედოვთან ისეთი იპონი ნამდვილად უმაღლესი კლასის მანიშნებელია.
მარგველაშვილი მართლაც უმაღლეს დონეზე ჭიდაობს - ფიზიკურადაც კარგად უძლებს სატურნირო დატვირთვას და გააზრებულად, თითქმის უშეცდომოდ ჭიდაობს. ნახევარფინალში ებრაელ ტალ ფლიკერს სამი ვაზარი აუღო, ფინალში კი ახალგაზრდა იაპონელ ნოჰირიტო ისოდას სავაზარედ ამოუსვა.
ამ დღეს ჩვენგან ლუხუმ ჩხვიმიანიც (60) ჭიდაობდა, მაგრამ პირველივე შეხვედრა 2 ვაზარით წააგო ბულგარელ იანისლავ გერჩევთან.
შაბათი: შავდათუაშვილის ფინალი
ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ახლა ბევრად უკეთ გამოვიდა, ვიდრე - პარიზში, სადაც უმედლოდ დარჩა. ეტყობა, ის თანდათან შედის ფორმაში, რადგან ამჯერად ხარისხობრივად ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. თუმცა ერთი რამ კი არის: რუსმა დენის იარცევმა ოლიმპიადის შემდეგ უკვე მეორედ მოუგო (არადა, ბრაზილიაში ჩვენებურმა აჯობა) და თან ეტყობოდა, რომ კარგად ჰყავდა შესწავლილი ქართველი. ფაქტია - ჩვენმა მწვრთნელებმა საგანგებოდ უნდა იმუშაონ იარცევზე. ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ არაა ოპტიმალურ ფორმაში, თორემ იქნებ იარცევს სხვა დროს ბევრად უკეთ ეჭიდაოს და ვინძლო, არც ახლა შეკვროდა ფინალში, საიდანაც რუსმა იოლად გადაჩეხა ზურგზე. ოღონდ შავდათუაშვილი იმ დროს ისედაც აგებდა და თვითონაც გარისკა...
სამაგიეროდ, მანამ ძლიერად იჭიდავა: შვედ კრისტოფერ მაკიასს ვაზარ-იპონით სძლია, ნახევარფინალში ებრაელ ტოჰარ ბუტბულსაც წმინდად მოუგო, ყაზახ ჟანსაი სმაგულოვსა და ბრაზილიელ მარსელო კონტინის კი 2-2 ვაზარი აართვა.
ამ დღეს კიდევ სამი ფალავანი ჭიდაობდა, თუმცა მედლისკენ მხოლოდ ერთმა გაიწია - ამბაკო ავალიანი მეშვიდეზე გავიდა. ის მეოთხედფინალში რუსთა მომავალ ჩემპიონ ასლან ლაპინაგოვთან დამარცხდა წმინდად, სანუგეშოში კი პირველივე პაექრობა დათმო პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძესთან, თუმცა ამაში, გარკვეულწილად, მსაჯსაც მიუძღვის წვლილი.
ფრიდონ გიგანი (73) პირველივე შეხვედრაში ორი ვაზარით უგებდა ჩეხ იაკუბ იეცმინეკს, მაგრამ იპონით წააგო.
81 კილოგრამში ახალ წონაში გადასვლისა და ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად ჭიდაობდა ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი, ვინც სერბ სტეფან მაჯდოვს ვაზარ-იპონით კი მოუგო, მაგრამ უნგრელ ატილა უნგვარისთან იმავე სხვაობით წააგო.
კვირა: ღვინიაშვილის ოქრო
გამარჯვების მიუხედავად, ბექა ღვინიაშვილი არ იყო საუკეთესო ფორმაში; მას ბევრად მეტი შეუძლია და შორს იყო თუნდაც იმ ფორმისგან, რასაც ახალგაზრდებში ვხედავდით, მაგრამ პარიზზე ბევრად უკეთ გამოვიდა. მან ისევ გამოავლინა არაჩვეულებრივი ფიზიკური ჯანი, თუმცა სუნთქვა-გამძლეობა ახლა გაუმჯობესებული ჰქონდა. ხარვეზების მიუხედავად, მან ტექნიკური სიახლეებიც გვაჩვენა - მხოლოდ ბრუნის და ღონის იმედად აღარ იყო და როცა დასჭირდა, ჩაშლილ ილეთს კომბინაციაში სხვებიც მიაყოლა (მაგალითად, ასე აჯობა პირველივე პაექრობაში მონღოლ ბატერდენე ბანდიკხუუს - როცა ის მომზადებული შეხვდა ამის ილეთს, ღვინიაშვილმა იქვე შეცვალა შეტევა და სხვა ილეთზე გადავიდა). რაც მთავარია, ქართველმა ისევ ისეთივე ჟინიანი ჭიდაობა აჩვენა და ძირითადად ამან მოაგებინა ფინალში რუს ჰუსეინ ხალმურზაევთან.
ინგუში ოლიმპიური ჩემპიონის - ხასან ხალმურზაევის ტყუპისცალმა უფრო დაცვით ჭიდაობაზე გააკეთა აქცენტი, რადგან ღვინიაშვილმა გამუდმებული შეტევით სხვა გზა არც დაუტოვა. ბექას თითქოს რამდენჯერმე ღონე არ ეყო (აქაც და წინა შეხვედრებშიც) ილეთზე მის წამოსაღებად, მაგრამ მუდმივმა ზეწოლამ თავისი შედეგი გამოიღო და ბოლო ნახევარ წუთში კარგად გადაავლო, ტატამიდან ააგლიჯა და მშვენივრად გადმოიღო ილეთზე.
კაცმა რომ თქვას, ამ გდების შეფასება იპონადაც შეიძლებოდა, მაგრამ ვაზარი მისცეს, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა. ჯერ ერთი, რომ დროც იწურებოდა, ხოლო ხალმურზაევი ილეთის გამკეთებელი არ ჩანდა; მეორეც - ბექამ დავარდნისთანავე შებოჭა.
ღვინიაშვილმა თავიდან ბანდიკხუუს და გერმანელ მარკ ოდენტალს ვაზარ-იპონით მოუგო, მერე კი შედარებით გაუძნელდა. ყოველ შემთხვევაში, მეოთხედფინალში ტაჯიკ კომრონშოკ უსტოპირიონთან იპონი ვერ მიითვალა, თუმცა ორი ვაზარი კი აუღო, ხოლო ნახევარფინალში დრამატული ბრძოლა მოიგო ახალგაზრდა გერმანელ ედუარდ ტრიპელთან. ეგ კი არა, ორივეს გდება გაუუქმეს, თუმცა ღვინიაშვილს რას ერჩოდნენ, ვერ გეტყვით. საბოლოოდ ჩვენებურმა ისევ ჟინის ხარჯზე მაინც მოიგო და ფინალში გავიდა.
ამ დღეს სხვა ჩვენებურებიდან თითქმის ყველა სტარტზევე დამარცხდა: ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) ესპანელთა ქართველ ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა, მძიმე წონაში ლევან მატიაშვილმა იაპონელ კოკორო კაგეურასთან წააგო, ადამ ოქრუაშვილმა - ყაზახ იერჟან შინკეევთან. პირველ წრეში წარმატებას მხოლოდ ლაშა ტაველურმა (100) მიაღწია: ამერიკელ ლა შმიტს აჯობა, მაგრამ ბელგიელთა მომავალ ჩემპიონ ტომა ნიკიფოროვთან წააგო.
დიუსელდორფის გრან პრი. კვარცხლბეკი
60 კგ
1. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი); 2. ამირან პაპინაშვილი (საქართველო); 3. ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი), ფელიპე პელიმი (ბრაზილია).
66 კგ
1. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო); 2. ნორიჰიტო ისოდა (იაპონია); 3. ტალ ფლიკერი (ისრაელი), კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი).
73 კგ
1. დენის იარცევი (რუსეთი); 2. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო); 3. გულიამ ჩანო (საფრანგეთი), ტომი მაკიასი (შვედეთი).
81 კგ
1. ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი); 2. ატილა უნგვარი (უნგრეთი); 3. დორინ კოტონოაგა (მოლდოვა), ივაილო ივანოვი (ბულგარეთი); 7. ამბაკო ავალიანი (საქართველო).
90 კგ
1. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო); 2. ხუსეინ ხალმურზაევი (რუსეთი); 3. დაიკი ნიშიამა (იაპონია), მიჰაელ ზგანკი (სლოვენია).
100 კგ
1. ტომა ნიკიფოროვი (ბელგია); 2. აარონ ვოლფი (იაპონია); 3. მიჰაელ კორელი (ჰოლანდია), ყაზბეგ ზანკიშიევი (რუსეთი).
+100 კგ
1. კოკორო კაგუერა; 2. ჰისაიოში ჰარასავა (ორივე - იაპონია); 3. ბარნა ბორი (უნგრეთი), იერჟან შინკეევი (ყაზახეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მაგრები ხარტ ბიჭებო გაიხარეტ რომ გაგვახარეტ წარმატებებ გისურვებტ