ავთანდილ ჭრიკიშვილის გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე საეჭვოა

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, ძიუდოში ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90) გერმანიაში მიღებული ხელის ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. ყოველ შემთხვევაში, ძიუდოისტთა ნაკრების ხელმძღვანელობა ასე ვარაუდობს და იგივე დაგვიდასტურა მისმა პირადმა მწვრთნელმა გურამ მოდებაძემ, ვინც, პარალელურად, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი დამრიგებელია.

გაცილებით იმედიანადაა გუნდის ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, რომელმაც განგვიცხადა, რომ ათლეტი ევროპის ჩემპიონატამდე (შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირად-გუნდური პირველობა 20-23 აპრილს ვარშავაში გაიმართება) გამოჯანმრთელებას და ტრავმის მოშუშებას კი მოასწრებს, მაგრამ საკითხავია, ფორმის აღდგენას თუ შეძლებს.

კახაბრიშვილი ვარაუდობს, რომ ჭრიკიშვილი თანაგუნდელებს გუნდურ შეჯიბრებაში
მაინც დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონმა ხელი დიუსელდორფის "დიდი პრიზის" შემდეგ იქვე გამართული ერთობლივი ვარჯიშების ბოლო დღეს გერმანელ მარკ ოდენტალთან სპარინგისას იტკინა და თან, საკმაოდ სერიოზულადაც. მას ყოველდღიურად უკეთდება სათანადო პროცედურები და ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. კახაბრიშვილის ინფორმაციით, ხელს უკვე ამუშავებს, თუმცა, ცხადია, ჯერ დატვირთვებზე ლაპარაკიც ზედმეტია.

შესაბამისად, ჭრიკიშვილი თბილისის "დიდ პრიზსაც" გამოტოვებს, რომელიც სპორტის ოლიმპიურ სასახლეში 31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ჩატარდება. თუმცა ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან შეჯიბრებას ნაკრების ლიდერთა აბსოლუტური უმრავლესობა დააკლდება: ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი (66), ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), ევროპის პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი (90), ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი ვალერი ლიპარტელიანი (100) და გურამ თუშიშვილი (+100).

ტიტულოვანთაგან იჭიდავებენ მხოლოდ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი (81) და მძიმე წონის ლიდერები, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მედალოსანი ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი.

იმ ლიდერთაგან, რომლებიც თბილისის ტურნირს გამოტოვებენ, ღვინიაშვილს და ლიპარტელიანსაც ევროპიდან ჩამოყოლილი ტრავმები აწუხებთ - ორივემ ხელის თითები დაიზიანა. ლიპარტელიანი ვარჯიშს აგრძელებს და ლეიბზეც შედის თანაგუნდელებთან ერთად, თუმცა ხელს ჯერ სრული დატვირთვით ვერ იყენებს, მაგრამ მოელიან, რომ ორშაბათიდან ამასაც შეძლებს.

ღვინიაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო უკეთესია, თუმცა თბილისის ტურნირისთვის მაინც ასვენებენ, რათა შესაძლო გართულება თავიდან აიცილონ და ევროპის ჩემპიონატს ფორმაში შეხვდნენ.

სხვა ლიდერთა გამოუსვლელობის მიზეზი ევროპის მოახლოებული ჩემპიონატია: შავდათუაშვილმა და თუშიშვილმა წინა უქმეებზე ბაქოშიც იჭიდავეს და ახლა ასპარეზობით მათი გადაღლის საშიშროებაა, დანარჩენებს კი წონა აქვთ დასაკლები და ამის გაკეთება ერთ თვეში ორჯერ გამოფიტავთ. ამიტომ წონას საევროპოდ დააკლებინებენ და არა ახლა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან საწყენია, რადგან როგორც ვიცით ნაკრების ძირითადი ბირთვი ყოველდღიურად იმდენს ვარჟიშობს ფიზიკურად, შეუძლებელია წონა გაექცეთ და მე-2 არ მახსოვს არცერთი ქვექნის გრაპრი, თუ გრანდსლემი, სადაც იმ ქვეყნის ძირითადი ნაკრების 70%-ს, რომ არ ეჭიდავა. თუ არ იქნება კონკურენტული გრანპრი, ალბათ ზედმეტი იქნება გრანსდსლემზე ფიქრი და სავარაუდოდ ისევ ევროპის ღია პირველობის სტატუსს მოგვცემენ.ამ ეტააპზე ,თუ აღარ ჩამოდიან იაპონია,საფრანგეთი და კორეა, მომავალში აღარც სხვა ლიდერი ქვეყნების სპორცმენები დაინტერესდებიან თბილისში ჭიდაობით....
tornike
20:32 16-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული