ჩეხეთის ტურნირი: ქართველი გოგონების მორიგი წარმატება

AutoSharing Option
ფოტოზე: სოფიო სომხიშვილი, მწვრთნელი კახა მოცრაძე და მარიამ ჭანტურია

ჩეხურ ტეპლიცეში ამ უქმეებზე ჩატარებულ ჭაბუკთა "ევროპის თასზე" საქართველოდან მხოლოდ გოგონების ნაკრები გამოდიოდა, რომელმაც წარმატებითაც იასპარეზა - 2 მედალი (თითო ოქრო და ბრინჯაო) მოიპოვა, რითაც საერთოგუნდურ ჩათვლაში მე-10, ხოლო ცალკე გოგონებში მეხუთე ადგილზე გავიდა. ჩემპიონი მარიამ ჭანტურია (63) გახდა, მესამეზე კი მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი გავიდა.

ჭაბუკებში ევროპის მესამეპრიზიორი ჭანტურია წლეულს ანტალიაშიც კარგად გამოვიდა, თუმცა მაშინ ბრინჯაო მოიპოვა, ახლა კი გაცილებით უკეთესი შედეგი აჩვენა. ცხადია - ჭიდაობის ხარისხიც, შედეგად კი ხუთიდან სამი
შეხვედრა იპონით მოიგო.

ტეპლიცეში მან პირველივე შეხვედრა ძალიან ძლიერად ჩაატარა - გერმანელ მარაიკე რედიგს ჯერ ორი გდება გაუკეთა, ბოლოს კი პირდაპირ დააიპონა. უკრაინელი კარინა სარქისიანი ბევრად კი გაუძალიანდა, თუმცა წმინდა გდების და იპონისგან თავი მაინც ვერ დაიხსნა. სამაგიეროდ, ამ ხვედრს ბრიტანელი ემილი კოპერი გადაურჩა მეოთხედფინალში, ვისაც ჭანტურიამ ვაზარით მოუგო, ნახევარფინალში კი ქართველმა ძველებურად გაილაღა და ისევ წმინდა მოგება მიითვალა ლუქსემბურგელ ანეტა მოსრთან.

ფინალი შედარებით ფრთხილი გამოდგა გერმანელ ანაბელ ვინზიგთან და მსაჯმა გაფრთხილებებიც არიგა, მომგებიანი გდება კი ისევ ჭანტურიამ მიითვალა, რამაც ვაზარი და ოქროს მედალი მოუტანა.

ჭანტურიას მსგავსად, სომხიშვილიც ქართული ძიუდოს უახლოესი მომავლის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია და ისიც ამართლებს ამ იმედებს.

ამ ასაკში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ტეპლიცეში შარშანაც მესამე იყო, ამჯერად კი უკეთესი სინჯის მედლის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ნახევარფინალში თურქ მინე კალენდერთან მარცხი უფრო უიღბლობას ან, იქნებ, გამოუცდელობასაც უნდა დავაბრალოთ. სომხიშვილი ყველანაირად ჩაგრავდა მეტოქეს და ორი გაფრთხილებაც მიაღებინა. შეხვედრის მიმდინარეობა თურქს სულაც მოხსნას უქადდა, რადგან ჩვენი სპორტსმენი აქტიურად უტევდა და იქნებ სწორედ ეს იყო მისი შეცდომა - რაკი დრო იწურებოდა, აჯობებდა, შეტევებით არ გაერისკა დროის გაყვანაზე, ანგარიშის შენარჩუნებაზე ეჭიდავა. დასრულებამდე სულ რაღაც 3-4 წამი რჩებოდა, როცა კონტრილეთზე მოჰყვა - თურქმა კისრულით ვაზარზე დააგდო.

იქამდე ჩვენმა ლიდერმა ორი შეხვედრა მოიგო წმინდად, თუმცა საიპონე გდებამდე უნგრელ ჟილვია ფარკაშსაც და ესპანელ სარა კამპილო ფერნანდესსაც ორ-ორი ვაზარი აართვა. საბედნიეროდ, თურქთან წაგებამ ქართველი ვერ გატეხა და მისი ჯავრი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მეორე უნგრელ პეტრა ფარაგოზე იყარა - ვაზარი და იპონი.

მთლიანობაში, სომხიშვილმა ყველა მოგებულ შეხვედრაში ილეთები შეასრულა, რაც მისასალმებელი ფაქტია. მან სამი პაექრობა მოიგო და 8 გდება შეასრულა - 3 იპონი და 5 ვაზარი.

თუმცა უილეთოდ ჭიდაობას ქალებს ვერ დავაბრალებთ - ვერც ერთ ასაკში. პირიქით - ყველანი ძალიან ლამაზად და ტექნიკურად ჭიდაობენ. მაგალითად, სალომე ბლიაძე (48) უმედლოდ დარჩა, მაგრამ ერთ შეხვედრაში ჰაერში ისეთი მტკივნეული გაუკეთა მეტოქეს, თქვენი მოწონებული.

ამავე წონაში საკმაოდ კარგად გამოვიდა დებიუტანტი მარიამ გულედანიც, ვინც ორი შეხვედრა მოიგო.

ჩვენი გუნდიდან ტეპლიცეში მარიამ გურგულიანი, ეკატერინე ტატუნაშვილი (ორივე - 52), თინათინ რევაზიშვილი (57), ინდირა სილაგაძე (63) და სალომე მაყიშვილიც (+70) გამოდიოდნენ, თუმცა მედალოსნების შემდეგ, შედარებით წარმატებით რევაზიშვილი გამოვიდა.

მან ჯგუფში სამი შეხვედრა წმინდად მოიგო - ავსტრიელ სარა შმორანცსა და თურქ ჰაბიბე აფიონლუს ერთნაირი ანგარიშით აჯობა: ვაზარის შემდეგ დააიპონა, ბრიტანელ დარციე ჰანკოკს კი ვაზარი გაუქვითა და მესამე იპონი მიითვალა. რევაზიშვილი მეოთხედფინალში გერმანელ კაროლინე ფრიტზესთან ასევე წმინდად დამარცხდა და სანუგეშოში კი გადაერთო, მაგრამ პირველივე ბრძოლა წააგო ბელგიელ მანონ ლეხსარლისთან. ჩვენებური საბოლოოდ მეცხრეზე გავიდა.

მთლიანობაში, ტეპლიცეში გამოჩნდა, რომ ქალთა ძიუდოში კარგი თაობა მოდის, თუმცა იქვე მათი ნაკლიც ცხადად დავინახეთ - გამოუცდელობა, რასაც ხშირი სატურნირო პრაქტიკა უშველის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული