ეს მთლიანად ევროპისთვის იყო სიურპრიზი - ინტერვიუ ირაკლი ცირეკიძესთან

AutoSharing Option
ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე ყოველთვის გამოირჩევა გულახდილი ტონით და არასოდეს გაურბის პრობლემებზე პირდაპირ საუბარს, რითაც საზოგადოებისთვის სასურველ რესპონდენტად იქცა.

ის ამჯერადაც ასე მოიქცა და ბევრ ისეთ პრობლემაზე ისაუბრა ღიად, დაუფარავად, რაზედაც ეჭვი ადრეც გვქონდა.

მაგალითად, რატომ უჭირთ ჩვენებს ბრინჯაოსთვის ჭიდაობა. ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი სპორტსმენობაშიც მტკიცე ნერვებით და "ცივსისხლიანობით" გამოირჩეოდა, რამაც ძიუდოს მწვერვალების დაპყრობის საშუალება მისცა, და კარგად მოეხსენება ათლეტის ფსიქოლოგია.

იმედია, მსოფლიოს ჩემპიონატამდე დარჩენილ დროში გუნდში არსებული პრობლემები გამოსწორდება, ამჯერად კი მწვრთნელს ძირითადად ევროპის ჩამთავრებულ ჩემპიონატზე
ვესაუბრეთ.

- ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
- ტაქტიკა, უპირველეს ყოვლისა! - ევროპის ჩემპიონატის შეფასება
- ევროპის ჩემპიონატი: ოქრო გუნდი, მეცხრედ! [VIDEO]

- ევროპის ჩემპიონატიდან რამდენიმე დღე გავიდა. ცივი გონებით როგორ აფასებთ ამ ტურნირს?
- სპორტში ფავორიტობა ყოველთვის არ ამართლებს და ახლაც ბევრი ლიდერი სპორტსმენი გამოდიოდა, მაგრამ წამიერი მოდუნების თუ უყურადღებოდ გადადგმული ნაბიჯის გამო ნაადრევად დაასრულეს ჩემპიონატი.

იყო მომენტები, როცა მეტი ბრძოლა და ხასიათის სიმტკიცე იყო საჭირო, რადგან ერთ ნაბიჯში ვიყავით მედალთან, მაგრამ მაინც დავკარგეთ. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე იყო ბიჭების კარგი გამოსვლა, რომლებმაც მედლები მოიპოვეს.

- ხართ კმაყოფილი ამ შედეგით?
- სიმართლე გითხრათ, ყველა წონაში გვქონდა მედლის მოპოვების შანსი - ზოგან სულაც ჩემპიონობის, ზოგან, უბრალოდ, ჯილდოსი. მთლიანობაში, ყველა წონიდან ველოდებოდით მედალს, რადგან მათი პოტენციალი იძლევა ამაზე ფიქრის საშუალებას.

ამასთან, გამოჩნდა ნაკლოვანებებიც, რაზეც უნდა ვიმუშაოთ მომავალში. კარგია, ეს ახლა რომ გამოჩნდა და არა - გვიან, მსოფლიოს პირველობაზე ან სულაც ამ მიმდინარე ოლიმპიური ციკლის ბოლოს. ჯობია, თავშივე დავიწყოთ იმაზე მუშაობა, რაც გამოსასწორებელია და არა ციკლის შუაში ან ბოლოში.

- ხასიათის სიმტკიცე ახსენეთ და როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ გამოავლინეს ის, რა დააკლდათ საამისოდ და რატომ უჭირთ ნახევარფინალის ჭიდაობა ასე ძალიან?
- სამაგალითოდ 60 კილოგრამის ნახევარფინალებზე გეტყვით. ლუხუმ ჩხვიმიანთან მიმართებაში ყოველთვის გვქონდა შენიშვნა, რომ უფრო სხვანაირად წაეყვანა ჭიდაობა - უფრო წყნარად ეჭიდავა და არ აჰყოლოდა აგრესიას, რადგან ამ დროს შეცდომების დაშვების ალბათობაც იზრდება.

ეს დავალება ნახევარფინალამდე შეასრულა, იქ კი ზემოთქმულ მიზეზებს დაემატა ის ფსიქოლოგიური წნეხი, რომ ფინალში გადიხარ, ერთი ნაბიჯი გაშორებს იქამდე და ეს პატარა ზღვარია გადასალახავი. თან მისთვის პირველი ნახევარფინალი იყო, რამაც დამატებით იმოქმედა, თუმცა იბრძოლა, რაც შეეძლო. სამწუხაროდ, თანაბარ ბრძოლაში დამარცხებულები დავრჩით. მას კიდევ ბევრი სამუშაო აქვს და კიდევ ბევრჯერ შეეცდება ამა თუ იმ სინჯის მედლის მოპოვებას.

ამირან პაპინაშვილს რაც შეეხება, ასეთი პაპინაშვილი ჩემთვის წარმოუდგენელია. ის სულ სხვანაირი ვნახეთ წლის დასაწყისში, მაგრამ თბილისის ტურნირზე გამოსვლა მისთვის ზედმეტი იყო. მას იქ არ უნდა ეჭიდავა. ამაზე წლის დასაწყისშიც ვსაუბრობდით. მით უფრო, უკვე ასაკშიცაა და იქ ჭიდაობა ბევრი იქნებოდა. თვითონაც ამბობდა, რომ წონის დაკლება მასზე ცუდად მოქმედებდა. მით უფრო ცუდია, როცა წყვეტ რომელიმე ტურნირისთვის მზადების პროცესს, რაც იმ მომენტში ხელის შემშლელია.

რომ არა ეს და კიდევ გარკვეული ფაქტორები, პაპინაშვილს ბევრად უკეთ შეეძლო გამოსვლა. ფიზიკურადაც ძლიერია, ტექნიკურიცაა, ტაქტიკურადაც ასე თუ ისე, მიჰყავს შეხვედრა, მაგრამ ამ ევროპირველობაზე მაინც სხვა პაპინაშვილი იყო და არ უნდა წაეგო ბულგარელ იანისლავ გერჩევთან.

- ანუ შეცდომა იყო, როცა მის დაჟინებას დაეთანხმეთ და თბილისში აჭიდავეთ?... სხვა დროსაც თუ იქნება გუნდში ასეთი მოთხოვნა, უფრო მკაცრები იქნებით თუ ისევ გაითვალისწინებთ სპორტსმენთა სურვილს?
- უკვე ვნახეთ, რომ ამან უკუშედეგი მოგვცა. ამიტომ ყველაფერი მორგებული იქნება სპორტსმენზე, რაც მისთვის სასარგებლო იქნება შედეგის მისაღწევად. სხვა ნიუანსებს უკუვაგდებთ და ყველაფერს მაქსიმალურად პროფესიონალურად გავითვალისწინებთ. წინასწარ გაწერილ გეგმას ძირითადად არ გადავუხვევთ, ხოლო პატარ-პატარა ცვლილებები ყოველთვის ხდება.

Sportall.Ge

- რეხვიაშვილს რა დაემართა? საცოდაობაა, იმ დონეზე ჩატარებული სამი შეხვედრის შემდეგ უმედლოდ რომ დარჩა...
- ძიუდო სპეციფიკური სახეობაა და თუნდაც არბიტრის ფაქტორი ბევრს ნიშნავს. იცით, რომ არ მიყვარს მსაჯებზე გადაბრალება და მათზე ლაპარაკი, მაგრამ თუნდაც იმ შეხვედრაში გერმანელ დომინიკ რესელთან არბიტრის ობიექტური გადაწყვეტილებებით შეხვედრა სხვანაირად დასრულდებოდა. შეიძლება, თვითონაც ცოტას ნერვიულობდა, ცდილობდა ინიციატივის ხელში აღებას, მაგრამ მსაჯებმა არ გაუფრთხილეს მეტოქე. ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს, როცა ამხელა უპირატესობის მიუხედავად, დაწინაურებას ვერ ახერხებ, მაგრამ, ცხადია, ამ ფაქტორსაც გადალახვა სჭირდება.

- ჩვენებს ხშირად ბრინჯაოსთვის ჭიდაობაც უჭირთ. ეს რისი ბრალია - განწყობის, დამოკიდებულების, ფსიქოლოგიის თუ რისი?
- ჩვენები უფრო ჩემპიონობისთვის არიან მომართულები და პოტენციალიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამა თუ იმ შეჯიბრებაზე ფავორიტები ვიყოთ, მაგრამ დამარცხების შემდეგ თითქოს ყველაფერი დამთავრდა, ის ტურნირიც მორჩა და ვემზადებით მომდევნოსთვის.

ცხადია, ეს მცდარი მიდგომაა და არასწორია ჩვენი მხრიდან. წაგების შემდეგ უცებ ყრიან ფარ-ხმალს. იგივე პაპინაშვილი, რომელსაც ამ კომპონენტში საერთოდ უჭირს, მაგრამ ახლა ბექა ღვინიაშვილიც იმავე მდგომარეობაში იყო.

ყველამ იცით, რომ ის ფავორიტია, რომელიც უნდა მივიდეს და მოიგოს. ეს დამატებითი წნეხიცაა, მაგრამ ამას გაძლებაც უნდა და თუ გაუძლებ, მაშინ ჩემპიონიც გახდები. თითქოს იყო ისე, რომ შეიძლება, გატეხილიყო და ვერ გაეგრძელებინა ბრძოლა, მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ, გადალახა ეს მომენტი, ბოლომდე იბრძოლა და მედალიც მოიპოვა.

დავინახეთ, რომ ბიჭებთან ამ კუთხით სამუშაოა და ვიმუშავებთ. თითქოს დუნდებიან, ვერ უკეთებენ თავს მობილიზებას.

- მძიმეწონოსნებზე საგანგებოდ უნდა გკითხოთ - ალბათ, მათზე სასაყვედურო არაფერი გექნებათ...
- მძიმე წონაში წარმატების მოლოდინი ნამდვილად გვქონდა, მაგრამ ქართული ფინალიც სიურპრიზი იყო და გურამ თუშიშვილის ჭიდაობაც. თუმცა მისი ასეთი გამოსვლა მარტო ჩემთვის კი არა, მთლიანად ევროპის ჩემპიონატისთვის იყო სიურპრიზი - ამდენი წელიწადია, მსგავს შეჯიბრებებზე დავდივარ და კონტინენტის პირველობის ასე მოგება არ მინახავს.

მან მართლაც ფურორი მოახდინა. ძალიან დამაჯერებლად იჭიდავა - ჭკვიანურად, ტაქტიკურად გამართულად. რამდენჯერმე მეტოქესთან ახლოსაც მივიდა, რაც საშიშია, მაგრამ ოდნავი საფრთხეც ვერავინ შეუქმნა. მძიმეწონოსნებთან ახლოსაც მივიდა, შორიდანაც თავისი კოზირები ბოლომდე გამოიყენა და ძალიან თავდაჯერებულად იჭიდავა. კარგად მომზადებული შეხვდა ამ ტურნირს და ყველა მხრიდან გამოსცადა თავი. არც ერთ კომპონენტში არ დაჩაგრულა, რაც დიდ რწმენას მისცემს.

ადამ ოქრუაშვილმაც კარგად იბრძოლა. ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა, როგორ აკეთებდა, თავის კოზირებსაც კარგად იყენებს და რაც მთავარია, სურვილი აქვს, კიდევ ივარჯიშოს და მიაღწიოს წარმატებებს.

- ზოგადად, ვერიდები ამ თემაზე საუბარს, მაგრამ თუშიშვილს აუცილებლად მოუწევს შეხვედრები იმავე რინერთან, იაპონელებთან. რა რეზერვი აქვს მათთან საბრძოლველად, რაზე უნდა გაამახვილოთ მზადებისას ყურადღება?
- წონის მომატება სჭირდება - დაახლოებით 7-8 კილოგრამისა კიდევ შეიძლება, ოღონდ კუნთოვანი მასის ხარჯზე. ეს ფიზიკურად კიდევ უფრო გააძლიერებს და ამ კუთხით მათთან ჩამორჩენა არ იქნება. ამიტომ არც დაიღლება. ფიზიკურ კომპონენტს ის სისწრაფე, სისხარტე და ტექნიკაც უნდა დაემატოს, რაც ისედაც აქვს, ეს კი ყველა მძიმეწონოსანთან პლუსს მისცემს. ამდენი უპირატესობიდან გამომდინარე, მგონი, ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა შესაძლებელი.

- ვთქვათ, ჩავლებებზე, გამძლეობაზე არ აქვს სამუშაო? ან - ტექნიკური არსენალის გამრავალფეროვნება?
- ჩავლებებსაც კარგად აკეთებს და, როგორც გითხარით, საკმაოდ ახლოსაც მივიდა მძიმეწონოსნებთან. შემეშინდა, წონით არ დაეჩაგრათ, მაგრამ ძალიან კარგად იგრძნო თავი. ამასთან, თავისი კოზირებიც სრულად გამოიყენა. წონის მომატება გამძლეობის პრობლემასაც მოუხსნის.

ტექნიკურად მისი მთავარი მინუსია, რომ ზოგჯერ შეიძლება, ილეთზე მოჰყვეს. თუნდაც სწორად შევიდეს, მაინც რაღაცას აკლებს და შეიძლება, ჩაატრიალონ. არის რამდენიმე ილეთი, რომლის გაკეთების შემთხვევაში ამის საფრთხე ნაკლებია. მაგალითად, ამოსმული უკან გასვლით, სადაც ჩატრიალების საფრთხე თითქმის არ არსებობს. არის უკან გდებაზეც საუბარი, ოღონდ მოფრიალებით და არა შეკვრით. ეს რამდენიმე ილეთი ძალიან გაამრავალფეროვნებს მის არსენალს და ჭიდაობას უფრო სრულყოფილს გახდის. ამიტომ ასეთ პატარ-პატარა ელემენტებს აუცილებლად ჩავდებთ მის გამოსვლაში.

Sportall.Ge

- გუნდის რამდენიმე ლიდერის - მარგველაშვილის, შავდათუაშვილის, ლიპარტელიანის წაგების მიზეზად რა მიგაჩნიათ?
- არასწორი გადაწყვეტილებები იმ კონკრეტულ შეხვედრებში. შეიძლება, შავდათუაშვილის შემთხვევაში იყო თავდაჯერება ავსტრიელთან, რომელსაც კი ჩაგრავდა, მაგრამ სხვანაირადაც შეიძლებოდა მიდგომა და მისი დამარცხება.

მარგველაშვილი ცოტა ჩქარობდა, ასეთ დროს კი მეტი შეცდომა შეიძლება, დაუშვა. ლიპარტელიანი ხელის თითის ტრავმიდან გამომდინარე, 50 პროცენტით თუ იყო მზად ამ ჩემპიონატისთვის. ტრავმის გამო სათანადოდ ვერ მოემზადა, თუმცა ვნახეთ, რომ ლიდერებთან არანაირი პრობლემა არ ექნება. უბრალოდ, მალევე მოუწია შეხვედრების ჩატარებამ და ამ უვარჯიშებლობის გამო გამძლეობა არ ეყო, თორემ მათი დამარცხება რომ შეუძლია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

- ბრძანეთ, ევროპის პირველობამ ხარვეზები დაგვანახვაო და მაინც რა დაგანახვათ, რაზე უნდა იმუშაოთ მომავალში?
- ჩავლებებზე უნდა ვიმუშაოთ ბევრი. მოწინააღმდეგეს რამდენიმე კუთხით შეგიძლია მიუდგე და ამაზე ვიმუშავებთ. როცა გხვდება უხერხული მეტოქე, რომელსაც ვერ უღებ ჩავლებას, ვერ ახერხებ სწორად მიდგომას, შეგვიძლია, მას სხვა კუთხით მივუდგეთ, არ გავირთულოთ საქმე და პირიქით - მას გავურთულოთ. ამ კუთხით აუცილებლად ვიმუშავებთ, რაც სასარგებლო იქნება ბიჭებისთვის.

აუცილებლად გავაგრძელებთ ფიზიკურ მომზადებას, რასაც უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. ფიზმომზადებაში ყველაფერი იგულისხმება ერთად - ძალა, გამძლეობა, ფუნქცია... ამ ყველაფერზე მუშაობა ახლახან დავიწყეთ, მთლიანად მთელმა გუნდმა, რაც სისტემატური იქნება და დარწმუნებული ვარ, ეს შედეგსაც გამოიღებს. რაც გავიარეთ "ჩემპიონთა აკადემიაში", ჩემი დაკვირვებითაც და ბიჭების აზრითაც, საკმაოდ კარგად გვეხმარებიან. ამიტომ ეს პროცესი არ შეწყდება. ამასთან, ძიუდოს აკადემიაშიც დავიწყეთ ანალოგიური მზადება და ვცდილობთ, ამ კუთხით არა მარტო ნაკრების ლიდერები, არამედ მთელი გუნდი იყოს მომზადებული.

აუცილებელია ფიზიკური კონდიციების ამაღლება და კონკრეტულ მეტოქეებზე ინდივიდუალური მუშაობა. აგრეთვე - ჩვენი კოზირების გამოყენება და სიურპრიზების შეთავაზება, რაც მოულოდნელი იქნება იმ კონკრეტული მოწინააღმდეგისთვის.

- ტაქტიკურადაც ბევრ ნაკლს ავლენენ ჩვენები - ვერ გაჰყავთ დრო, უჭირთ ტემპის კონტროლი, ხშირად უტევენ ერთფეროვნად და ვერ ცვლიან სტილს...
- ამიტომ გავამახვილე ყურადღება ჩავლებებზე. ბიჭებთან იმაზეც გვქონდა საუბარი, რომ რატომ უნდა მისცე მეტოქეს თუნდაც ერთი შანსი, როცა შეიძლება, საერთო უშანსოდ დატოვო. ჩავლებები დაგვეხმარება დროის გაყვანაშიც, მაგრამ, უპირველესად, მეტოქის დაჭერასა და ილეთის მომზადებაში. ეს ყველაფერი რომ გვეცოდინება, მაშინ არც მეტოქის მოსვლა არ იქნება უხერხული. პირიქით - იქით გავანეიტრალებთ. ამ ყველაფერზე სამუშაოდ დრო საკმარისად გვაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სისულელა თბილისის ტურნირისთვის ყველაფრის გადაბრალება. თბილისის ტურნირი ვინც გამოტოვა იმათი გამოსვლა რითი იყოს მისაღები? არც შედეგით და არც ხარისხით. მე ნაკლებად სარწმუნოდ მეჩვენება ცირეკიძის ლოგიკა, რომ თურმე არ უნდა გამოსულიყო თბილისში პაპინა და მაგან შეუშალა ხელი
fraternity
11:30 01-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული