იხილეთ ვიდეო - ძმაკაცური ამბორი
ისინი ბლომად შეიკრიბნენ ვარშავის "ტორვარის" დარბაზში - პარასკევს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე შალვა გოგოლაძეც ჩამოვიდნენ, ხოლო თბილისიდან ჩვენთან ერთად გამოფრენილ მოზრდილ ჯგუფს შაბათს მეორე 10-კაციანი ჯგუფიც შეუერთდა და დარბაზში ქართული
დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, როცა თუშიშვილს ლამის დოპინგზე არ უშვებდნენ ავტოგრაფების, ფოტოგადაღების და ინტერვიუს მთხოვნელები (მათ შორის - უცხოელი ჟურნალისტებიც), გუნდის ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა ისინი მადლიერების ნიშნად ტრიბუნებიდან არენაზე ჩამოიყვანა და კერპთან უშუალო ურთიერთობის საშუალება მისცა. პარასკევს მათ ტრიბუნასთან დავით ქევხიშვილი მივიდა და მორიგი წარუმატებელი დღისთვის მოუბოდიშა.
ლიპარტელიანის პოლონელი ქომაგები
შაბათს დარბაზი ბოლომდე გაივსო მაყურებლებით. ცხადია, პოლონელები ჭარბობდნენ, თუმცა ჩეხთა მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლუკაშ კრპალეკსაც დიდძალი ქომაგი ჩამოუვიდა სამშობლოდან. აი, მის შემდეგ ყველაზე მეტი ქომაგი კი ჩვენს ბიჭებს ჰყავდათ დარბაზში. თუმცა იქნებ ცალკეულ შეხვედრებში ჩეხებსაც ვაჭარბებდით: საქმე ისაა, რომ ხშირად ადგილობრივებიც ჩვენებს გულშემატკივრობდნენ. ვალერი ლიპარტელიანს (100), შეიძლება ითქვას, პირადი ფანკლუბი ჰყავდა დარბაზში: იმ ტრიბუნაზე, სადაც ზემოხსენებული ქართველი ქომაგები ისხდნენ, ძიუდოს ადგილობრივ კლუბ "ლემურის" ბავშვები არიან განთავსებულნი და სწორედ ისინი მხურვალედ ქომაგობდნენ ქართველს.
როგორც ჩვენებისგან ვიცი, თურმე პატარა პოლონელები ხან ვალერის, ხან კი ვარლამს გაჰყვიროდნენ მისი გამოსვლისას (იმ ხმაურში ჩვენ მათ ყურის საგდებად არ გვეცალა). თუმცა ადგილობრივთა ოვაციები არც ბექა ღვინიაშვილს და განსაკუთრებით - თუშიშვილს დაჰკლებიათ. მომავალი ჩემპიონის ყოველ გდებასა და ყოველ კისრულზე, რასაც შედეგად ამხელა ხალხის პანტაპუნტით დანარცხება მოჰყვებოდა ხოლმე, "ტორვარი" ოვაციისგან ინგრეოდა.
ისტორიული პარალელები
ისტორიაში პირველად, ქართული ფინალი ევროპის ჩემპიონატზე; ერთბაშად სამი მედალი (თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო) ტურნირის ბოლო დღეს; ქართული ფინალით და საქართველოს ჰიმნით დასრულებული კონტინენტის პირველობა - აი, ასეთი საოცარი გამოდგა ვარშავაში ჩატარებული ევრო-2017-ის ფინიში ძიუდოში. არადა, პირველი ორი დღის კოშმარის შემდეგ, როცა სამი ნახევარფინალი ვიჭიდავეთ, ხოლო ვაჟებში ოთხი ჩემპიონიდან ორი სხვათა ქვეყნის (უკრაინის და რუსეთის) სახელით მოჭიდავე ქართველები იყვნენ, საქართველო კი უმედლოდ რჩებოდა, ასეთი დასასრული ლამაზ სიზმარს ჰგავდა.
საბედნიეროდ, "ტორვარის" არენაზე შაბათს გასული ჩვენი ფალავნების უმეტესობამ, უწინარესად კი, მძიმეწონოსნებმა ყველაფერი გააკეთეს ამ სიზმრის ასახდენად და ორდღიანი წარუმატებლობით მინავლებული პულსი აშკარად სახიფათო ნიშნულამდე აგვიჩქარეს.
კიდევ კარგი, საბოლოოდ, მედლების მიხედვით, მდგომარეობა გამოსწორდა (აქვე გეტყვით, რომ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ბიჭებში მესამეზე გავედით რუსეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ), თუმცა გუნდში ძალიან ბევრი პრობლემაა, რაც ამ მედლებმა არ უნდა გადაფაროს.
გლადიატორი
22 წლის გურამ თუშიშვილი კარიერაში პირველად გახდა კონტინენტის ჩემპიონი. ამავდროულად, ეს მისთვის ეროვნულ ნაკრებში პირველხარისხოვან შეჯიბრებებში მოპოვებული პირველი მედალია. ვერცხლი ოქრუაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაო - ბექა ღვინიაშვილმა (90), რაც მისთვის პირველი ჯილდოა მთავარ ნაკრებში.- გურამ თუშიშვილი: ერთი მხრივ, მერჩივნა, ფინალში სხვა შემხვედროდა...
თუშიშვილმა ვარშავაში მთელი თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა, წარმოუდგენლად ძლიერი ჭიდაობა აჩვენა და ყველა შეხვედრა ულამაზესი გდებით, იპონით მოიგო. კრპალეკი, ეს ამხელა ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კაცი როგორ გადააგდო; რა უქნა ჰოლანდიელ როი მეიერს - თავადაც ფიზიკურად ძლიერ ათლეტს, ორჯერ როგორ გაისროლა ილეთზე, ხოლო ოქრუაშვილის დაგდებას რა ტიტანური ძალა სჭირდება, ყველამ კარგად იცის.
ამათ ფონზე, პოლონელებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათი კამილ გრაბოვსკი ვის დაჰკარგვია, მასთან იპონი რომ გაგვიკვირდეს. საინტერესოა, რომ მესამე ადგილზეც მასთან დამარცხებულები - კრპალეკი და მეიერი გავიდნენ, რაც ცხადყოფს, რაოდენ რთული ბადე გაიარა მან. თუმცა შეხვედრებიდან გამომდინარე, გააჩნია, ვისთვის იყო ის ბადე რთული - არა მგონია, ჩვენებურისთვის ყოფილიყო და მისი მეტოქეების რა გითხრათ.
იმ დღეს თუშიშვილი ყველა ასპექტში მომეწონა: ფიზიკურად ხომ ხარივით ჯანზე იყო და კენჭივით აფრიალებდა იმხელა ხალხს, გამძლეობაც კარგი ჰქონდა, თანდათან გლადიატორივითაც დაიკუნთა, აბა, ტექნიკით ყველასგან გამორჩეულია, თუმცა მის მთავარ ღირსებად ხასიათი მიმაჩნია.
სასტუმროში წინა დღესაც შემხვდა და სავსებით მშვიდად იყო, ოდნავადაც არ ღელავდა. აი, ტატამზე კი მგელივით გადიოდა, ნახტომისთვის მომართული. ახლაც თვალწინ მიდგას, რა სახით ედგა კრპალეკს, როგორი თვალებით უყურებდა ამ ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონს - დარწმუნებული ვარ, იმ წუთებში მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, პირდაპირ იპონზე როგორ დაეგდო და საერთოდ არ ანაღვლებდა მისი ტიტულები.
ფინალში რაკი თანაგუნდელს ეჭიდავებოდა, აღარ იყო ასე "მგელი" (თუმცა ოქრუაშვილიც ითვალისწინებდა თანაგუნდელობის ფაქტორს), თორემ სხვა რომ ყოფილიყო, პირველივე წამიდან შეუტევდა.
მსოფლიოსთვის ეს განწყობა თუ შეინარჩუნაო... - გუშინდელს მერე ხშირად იმეორებს მისი პირადი მწვრთნელი ბათო ჯიქური.
ლიპარტელიანის ეპოქა: დასასრულიც და დასაწყისიც
ეს ჩემპიონატი რამდენიმე ნიშნით აღმოჩნდა ჩვენთვის გამორჩეული: პირველი ქართული ფინალი, თუშიშვილისა და ღვინიაშვილის პირველი მედლები უფროსებში მთავარ შეჯიბრებებზე. შაბათი ჩვენთვის ყოველმხრივ გამორჩეული დღე აღმოჩნდა, მხოლოდ ვალერი ლიპარტელიანის წაგება იყო ერთადერთი ხინჯი. თან ამით ერთი ეპოქაც დასრულდა - ბოლო 9 წლის განმავლობაში ის პირველად დარჩა უმედლოდ. ზედიზედ რვა წელიწადი მოჰქონდა ჯილდო, ამხელა ისტორიას კი ეს წაგება, მართლაც დიდი გულისწყვეტის მიუხედავად, ვერ გადაფარავს.
ერთ დროს ყველა ისტორია მთავრდება და არც ამ სერიის შეწყვეტაა ტრაგედია. სამაგიეროდ, ის რაღაც ძალიან სიმბოლურად დაემთხვა ლიპარტელიანის გადასვლას ახალ წონაში - ახლა იქ უნდა დაიწყოს ახალი ისტორია, გინდ ევროპის, გინდ - მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ახალ წონაში დამკვიდრებას დრო და ადაპტაცია სჭირდება, ეს კი მას, წესით, არ უნდა გაუჭირდეს.
ისევ ჩემპიონობა, ისევ რუსების ძლევით
საქართველოს ნაკრები მეცხრედ გახდა ევროპის ჩემპიონი! პირადი პირველობის დამაგვირგვინებელი ქართული ფინალის მსგავსად, ჩვენებმა ვარშავურ ევროპირველობაზე მეორედ დასვეს წერტილი და ფინალში მერამდენედ მოუგეს რუსებს. "ტორვარის" არენა გუშინაც გუგუნებდა "საქართველო, საქართველოს", თუმცა სანერვიულო მომენტიც ბლომად იყო. მორალური ფაქტორის გარდა, ეს გამარჯვება იმითაცაა საყურადღებო, რომ გუნდმა შესუსტებული შემადგენლობით, ორი ლიდერის - ავთანდილ ჭრიკიშვილისა (90) და ვალერი ლიპარტელიანის (100) გარეშე მოიპოვა: პირველი ტრავმის გამო არ ჭიდაობდა, მეორე კი გუნდურში ვერ მოხვდა ნაკრებში, რადგან აქ 100 კილოგრამი საერთოდ არაა, მძიმე წონაა შეტანილი.
ჩვენებს წილისყრამაც გაუმართლა და ჯგუფური ეტაპი იოლად გაიარეს, თუმცა სუსტ მეტოქეებთან თითო შეხვედრა მაინც წააგეს: იტალიასთანაც და სერბეთთანაც 4:1 მოიგეს. ამის შემდეგ უკვე სანერვიულო შეხვედრები დაგვეწყო და დარჩენილ ორივე ორთაბრძოლაში ბეწვის ხიდზე გავიარეთ. ნახევარფინალში უკრაინასთან 1:2 ჩამოვრჩით, მაგრამ დარჩენილი ორი შეხვედრა მოვიგეთ და ფინალში გავედით.
1:2 ჩამოვრჩით ფინალში რუსეთთანაც. ვაჟა მარგველაშვილმა ანზაურ არდანოვს კი გამოჰკრა შედეგიანად, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, წააგეს ლაშა შავდათუაშვილმა და ზებედა რეხვიაშვილმა - 1:2.
საბედნიეროდ, დარჩენილი ორი წონის ფალავნებმა ისევ ივაჟკაცეს, ოღონდ ამჯერად მარგიანის ნაცვლად ისევ ღვინიაშვილმა იჭიდავა. მან შედარებით იოლად აჯობა მაგომედ მაგომედოვს და ყველაფერი ისევ მძიმე წონაზე მიდგა.
ვერ ვიტყვი, რომ თუშიშვილს გაუჭირდა რენატ საიდოვთან, მაგრამ ერთხელ რუსმა კინაღამ მისთვის ჩვეული მტკივნეული გაუკეთა - ჰაერში ახტომით. ჩვენებური კი გაექცა, მაგრამ ცოტა ხელიც იტკინა. ბოლოს მაინც მშვენივრად წამოიღო და გაშხლართა თუშიშვილმა, რითაც მეცხრედ მოგვიტანა ჩემპიონობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"