გურამ თუშიშვილი: დავამტკიცებ, რომ შემთხვევით არ მომიგია

AutoSharing Option
დოსიე
გურამ თუშიშვილი
დაიბადა: 02.05.1995 წელს კოჯორში
უფროსებში ევროპის ჩემპიონი პირადში (2017) და გუნდურში (2017)
ახალგაზრდებში ევროპის ორგზის ჩემპიონი (2013; 2015) და მესამე პრიზიორი (2012)
ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონი (2011) და ევროპის მესამე პრიზიორი (2011)
ჰყავს მეუღლე - ანი პაიკიძე და შვილი - სესილი.
ჰობი: ნადირობა, ბუნება, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სეირნობა.


მძიმეწონოსანი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის გმირად იქცა, იმდენად დამაჯერებელი ტრიუმფით მოიგო კონტინენტის პირველობა.

- ევროპის ჩემპიონატი: ოქრო გუნდი, მეცხრედ! [VIDEO]
- დღის კარიკატურა: ოქროს ამბორი

ახალ ვარსკვლავად
შერაცხილი ქართველი ტალანტი (თუმცა უცხოელებმა მასზე ავანსები ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლისას გასცეს) ევროპირველობისთვის მართლაც გამორჩეულად ძლიერად მოემზადა და ამ წონის ლიდერებს ახალი თავსატეხი გაუჩინა, ვარშავურმა წარმატებამ კი სამომავლოდ უდიდესი სტიმული მისცა.

თუმცა სტიმული მას ამ ტურნირამდეც გაუჩნდა, მაგრამ აჯობებს, ამაზე ინტერვიუდან შეიტყოთ, აქ კი ერთს დავძენთ: ახალგაზრდული ფუქსავატობის შემდეგ ის უჩვეულოდ გარდასახული მეჩვენა, რადგან დღეს სულ სხვანაირად აფასებს ცხოვრებას, გრძნობს პასუხისმგებლობას და აღიარებს, რომ წარმატება მხოლოდ დიდი შრომის შედეგია. ღმერთმა ქნას, ასე გააგრძელოს!

ჩემპიონობა ვიგრძენი, მაგრამ...
- როგორია ჩემპიონის რანგში ცხოვრება, რა შეიცვალა ამით თქვენს ცხოვრებაში?
- ცხადია, ძალიან გახარებული ვარ ამ გამარჯვებით და დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. უფროსებში ასეთი წარმატება ძალიან სასიხარულოა და მით უფრო - მძიმე წონაში. ბედნიერი ვარ... ეს ყველაფერი შრომის ფასად და ჩემს გარშემო მყოფი ადამიანების - მწვრთნელების, მშობლების, ფედერაციის, მეგობრების დახმარებით მოვიდა და ყველას დიდი მადლობა.

ჯერჯერობით მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა დამეკისრა და უფრო მეტად უნდა მოვემზადო, ვივარჯიშო... ერთი სიტყვით, პასუხისმგებლობა გაიზარდა და რეჟიმის, დისციპლინის მხრივ დაუშვებელია ზოგი ისეთი რაღაცის გაკეთება, რაც აქამდე შეიძლებოდა.

ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობ ქუჩაში ხალხისგან - ზოგი მილოცავს, ზოგი ფოტოს იღებს ჩემთან და ბედნიერი ვარ. შევიგრძენი ჩემპიონობა, თუმცა, ჩემი მიზანი ისაა, რომ უფრო და უფრო მეტი გავაკეთო. მაქსიმალისტი ვარ და ყოველთვის მეტი მინდა. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, მერე ოლიმპიადა მოდის და უნდა მოვემზადო. პოლონეთიდან ჩამოვედი თუ არა, იმ დღესვე დამთავრდა ევროპის პირველობა და დაიწყო ახალი დღე, ახალი წიგნი. ის წარმატება ჩაივლის, დრო გავა და იმდენად ვეღარ იქნება ვერც ის ცნობადობა, ვერც ის მიღწევები. სპორტული კარიერა ხანმოკლეა და სულ გინდა, რაღაც მოასწრო.

ახლა უფრო ვხვდები რაღაცებს. ჩემ გვერდით იდგნენ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, მაგრამ იმ წუთებში სპორტში რომ ხარ, ეს მაინც სხვა სიხარულია. იმათ ჩემპიონობას ხალხი შეგუებულია, ზოგჯერ კი ავიწყდებათ კიდეც მათი წარმატება. შენ კი ახალი სული რომ ხარ სპორტში, სხვა მხარდაჭერა, მეტი ქომაგობაა. მეც ეს მინდა, რომ რაც შეიძლება, დიდხანს ვიყო სპორტში.

სპორტი ძალიან მაგარია, რადგან თავად სპორტული ცხოვრებაა საინტერესო. ალბათ, აქამდე იმიტომაც არ მქონდა ბევრი წარმატება, რომ რაღაცები თავიდანვე სწორად ვერ აღვიქვი. მეგონა, ეს ჩემთვის ადვილი იყო. თუნდაც იმავე ახალგაზრდებში - ერთს რომ მოვიგებდი, მოვდუნდებოდი. მეგონა, იმავეს ისევ გავაკეთებდი; ის წარმატება ჩემი იყო და სულ ჩემთან იქნებოდა, მაგრამ ასე არაა და ყოველთვის არ გამომდიოდა, რადგან მუდმივი რეჟიმი არ მქონდა. არ უნდა მოდუნდე, არ უნდა მოეშვა და შენი თავი სულ ახლოს უნდა გყავდეს იმ მედალთან.

ახლაც მხარი მტკივა, მაგრამ ისე ჩავერთე ვარჯიშში, 1-2 დღე დავისვენე და მეტი ვეღარ გავძელი, ისევ მომინდა. თან, როგორც გითხარით, უკვე ორმაგი პასუხისმგებლობაა.

- ასე მგონია, ახალ გურამ თუშიშვილს ვუსმენ...
- კი, კი - ნამდვილად, თუმცა ამ მოგებით სხვა მხრივ ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა: რეალურად, ასეთი ვარ და ადამიანები ისეთები არიან და ისეთები რჩებიან, როგორიც იზრდებიან.

- ასეთი გარდატეხა ვინ შეიტანა თქვენს ცნობიერებაში?
- ადამიანს თვითონ თუ არ უნდა, სხვისი ხათრით ვერაფერს ვერ გააკეთებინებ, ან - სანახევროდ გააკეთებს. ჩემს შემთხვევაში პასუხისმგებლობა გაიზარდა - შევქმენი ოჯახი, მერე შვილი შემეძინა... მშობლები ყველაფერში გვერდში მიდგანან, მაგრამ თავმოყვარეობის ამბავია - სულ ვიღაცას ვერ უყურებ ხელებში, არსებობა გჭირდება.

ცხოვრებაში ბევრი რამეა, რაც არ მინახავს და მინდა, ჩემმა შვილმა ნახოს - მატერიალურად იქნება, ტიტულებით, ცნობადობით თუ სხვა. ამ ყველაფერზე თავად დავფიქრდი და გავაანალიზე, არავისთან არ მისაუბრია და არც ფსიქოლოგი მყოლია, როგორ უნდა წამეყვანა ჩემი ცხოვრება და რა უნდა გამეკეთებინა. თავად უნდა ჩამოაყალიბო, რა გინდა, ოღონდ როგორც წეღან ვთქვი, ისევ იმ ადამიანად უნდა დარჩე, პიროვნება არ უნდა შეიცვალოს.

მე ასეთი ვარ და ვერაფერი ვერ შემცვლის იმის გარდა, რომ შეიძლება, უფრო დავიხვეწო - როგორც სპორტში, ასევე - ცხოვრებაშიც. ადამიანი მარტო სპორტით ვერ იქნები. პირიქით - სულ სპორტზე ფიქრმა, შეიძლება, ხელიც შეგიშალოს, რადგან თავის დროზე ყველაფერი საჭიროა - თუნდაც ოჯახთან ერთად ან მეგობრებთან გასეირნება, ნადირობა და ყველაფერი, რაც კი შეიძლება, კაცმა გააკეთოს.

თავისუფალი დრო უკვე თითქმის აღარ მრჩება. ბევრს ჰგონია, რომ ადვილია წარმატებულ სპორტსმენად ყოფნა, მე კი ვფიქრობ, რომ გაცილებით რთულია, შემდეგ ისე წაიყვანო ცხოვრება, დაიტოვო ის სახელი, რაც გაქვს - როგორც სპორტში, ისე - ცხოვრებაში. ძალიან მინდა, ეს ორივე მხარე გავაკონტროლო და არც მეგობარს დავეკარგო, ან ის თქვან, ეს შეიცვალაო.

- საკუთარმა ოჯახმა რა როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში?
- ოჯახმა უფრო მეტად დამაფიქრა ცხოვრებაზე. მით უფრო, როცა შვილი გყავს, მერე რაღაცას ყოველთვის იკლებ, რომ მას უფრო მეტი მისცე. ჩემმა მშობლებმა, მეუღლემ და მისმა მშობლებმა იმდენად შემიწყვეს ხელი, რომ სპორტის გარდა, სხვა საფიქრალი არ მქონოდა და მხოლოდ მევარჯიშა.

მადლობა ღმერთს და ჩემს ოჯახს, ისე კარგად რომ შევეწყვეთ და გავუგეთ ერთმანეთს, ვიფიქრო მხოლოდ სპორტზე და გავაკეთო ჩემი საკეთებელი, რაც მინდა და რაც შემიძლია. დანარჩენი ყველაფრით უზრუნველყოფილი ვარ. ახლა ისინიც ძალიან გახარებულები არიან ამ წარმატებით. ოჯახში არ მაქვს იმის პრობლემა, რომ აი, ბავშვს სჭირდება, ან სადმე უნდა წავიდეთ და ვარჯიში გააცდინეო. მეც ვხვდები, რომ სჭირდება და როცა საშუალება მაქვს, სულ ვაკეთებ ამას, თუმცა ხშირად ოჯახებში მართლაც დგას ეს პრობლემა, დროს ვერ გვითმობო.

- მეუღლე გულშემატკივართა არმიიდანაა თუ სად გაიცანით? მისმა ოჯახმა იოლად მიგიღოთ სპორტსმენი სასიძო?
- თბილისელია - ანი პაიკიძე, თუმცა ზაფხულობით კოჯორში ისვენებდნენ და ბავშვობიდან ოჯახებით ვიცნობთ ერთმანეთს. ამიტომ სირთულეებიც არ ყოფილა. პირიქით - ყველაფერმა წყნარად, მშვიდად ჩაიარა და დღესაც მაქსიმალურად ხელს მიწყობენ. თუმცა კიდევ უფრო მეტი გვინდა - მეც, იმათაც, რაც კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა.

ისე, ერთი რაღაცის მეშინია, მაგრამ ამასაც გადავლახავ - შეიძლება, უცაბედად წავაგო და ვაითუ, გაჩნდეს კითხვა, შემთხვევით ხომ არ მოიგოო. მსგავსი კომენტარები ხშირად გვსმენია, როცა ერთი წაგების გამო ვინმეს ჩამოწერენ, თუმცა, დავამტკიცებ, რომ შემთხვევით არ მომიგია.

მამა ისევ მკაცრია
- სახლში დაბრუნებულს მამა როგორ შეგხვდათ, ვისაც ასევე დიდი ამაგი აქვს ამ გამარჯვებაში, თუმცა აქამდე ძალიან ბევრი კი ანერვიულეთ...
- ძალიან გახარებული და ბედნიერია. იქაც დამირეკა, პოლონეთში. სიხარულის ცრემლებიც, გვერდში დგომაც, თუნდაც ის გაბრაზება - ეს ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდა და მათ ნაცვლად იყო დიდი სიხარული, მაგრამ ჩემთან ურთიერთობას ისევ იმ მკაცრი რეჟიმით აგრძელებს.

თუმცა, ეს კარგია, ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ზედმეტი სითბო არაა საჭირო. პირიქით - ზომიერების ფარგლებში სპორტსმენს კიდეც უნდა ვეჩხუბოთ, კიდეც გავუბრაზდეთ, კიდეც დავაძალოთ, მეტიც უნდა მოვთხოვოთ. ჩემი აზრით, ზედმეტად თავზე ხელის გადასმა არავისგან არაა კარგი.

ასეთები იქით უნდა შეაშინო
- ვარშავაში ძალიან თავდაჯერებული და მშვიდი იყავით. რა გათვლები გქონდათ ევროპის პირველობაზე, გრძნობდით, რომ მზად იყავით ასეთი ფურორისთვის?
- მოდი, ამ კითხვაზე პასუხს პარიზის ტურნირიდან დავიწყებ, სადაც ცოტა გაურკვევლობის, ჭოჭმანის მომენტი მქონდა, გამოვა შედეგი თუ არა-მეთქი. კი არ მეშინოდა, ჩემს თავში არ ვიყავი დარწმუნებული, ამას თუ შევძლებდი. ეს ფაქტორები და გონების გაფანტვა, თორემ იქაც რომელიმე სინჯის მედალი უნდა მომეპოვებინა.

იაპონელ ტაკეში ოჯიტანისთან შეიძლებოდა მოგება, თუმცა ცოტა მომზადებაც დამაკლდა, რადგან დავიღალე. სამაგიეროდ, იქ დავრწმუნდი, რომ შემეძლო და ორმაგად მოვუმატე ვარჯიშს, რადგან მოდიოდა გერმანიის და ბაქოს სოლიდური ტურნირები, თუმცა მწვრთნელებს ვთხოვე, გერმანიაში დამესვენა და ბაქოში მეჭიდავა. ეს თვითონ გავთვალე ასე და ვფიქრობდი, რომ ბაქოსთვის უფრო კარგად მოვემზადებოდი. თან წონაშიც დიდი კონკურენცია იყო - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე.

მწვრთნელებმაც გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა და ბაქოში მაჭიდავეს, რომლისთვისაც იმდენად კარგად მოვემზადე, რომ მედლის დიდი იმედი მქონდა. ბაქოს შემდეგ მონდომება, ჟინი და რწმენა ასმაგად გამიძლიერდა. აქ ჩამოსულს არც დამისვენია, ისე დავიწყე მზადება ევროპისთვის, გეგმის მიხედვით, ყოველგვარი აჩქარებების გარეშე.

თბილისშიც მინდოდა ჭიდაობა, მაგრამ მანდ უკვე მწვრთნელებმა დამაოკეს. მითხრეს, ახლა დაწყნარდი და ენერგია რომ მოგიზღვავდება, ევროპასაც იჭიდავებო. ყვარელში, ბოლო შეკრებაზე საკუთარ თავზე მაღლა რომ დადგები და ამას გრძნობ, ისე ვიყავი.

მადლობა ღმერთს, რისი იმედიც გვქონდა მე და ჩემს მწვრთნელ ბათო ჯიქურს და როგორ წყნარადაც ვიყავი, ევროპირველობაც ისე მშვიდად მოვიგე.

- ეს რწმენა სახეზეც გეტყობოდათ და ხასიათშიც - საერთოდ არ ნერვიულობდით არც წინადღეებში და არც - ტატამზე... არ დამავიწყდება, რა ანთებული თვალებით, როგორი გამგელებული უყურებდით ჩეხთა მსოფლიოს, ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონ ლუკაშ კრპალეკს...
- დარწმუნებული ვიყავი მასთან მოგებაში. ჩემი აზრით, მასეთი მოჭიდავეები იქით უნდა შეაშინო, უნდა აგრძნობინო, რომ გინდა მასთან მოგება, თორემ იმის შიშით და ფიქრით თუ გახვედი, ვაითუ წავაგოო, ან მის ტიტულებზე იფიქრე, სანახევროდ უკვე წაგებული გაქვს. მასეთებს შენთან შედარებით ისედაც დიდი გამოცდილება აქვთ და ეს შიშიც თუ შეგატყვეს, უკვე თვითონ წარმართავს შეხვედრას.

თან უნდა მოინდომო, უნდა განეწყო შეჯიბრებისთვის. დილა რომ თენდება, ყველანაირად უნდა მოიყვანო შენი თავი განწყობაზე. ვარშავაში გუნდურში საერთოდ არ მინდოდა ჭიდაობა, მაგრამ ხან მუსიკა ჩავრთე, ხან - ისეთ რამეებს ვუსმენდი თუ ვფიქრობდი, რომ დაგბურძგლოს, ხასიათზე მოგიყვანოს. მეც ასე ნელ-ნელა მოვედი განწყობაზე, თუმცა აუცილებელია, ეს ხასიათი არ დაკარგო. შუა შეჯიბრების დროსაც რომ დაკარგო, მაინც ძნელია.

ზოგი ძალიან მშვიდია, კარგადაც იძინებს, მე კი არა ვარ ასეთი, სულ ტონუსში, სულ ჩართული უნდა ვიყო პროცესში და ჭიდაობის გარდა, სხვა არაფერზე არ ვიფიქრო.

ისტორიული ფინალი და მეგობრული ჟესტი
- ისტორიულ ქართულ ფინალში ორივეს გეტყობოდათ მეგობრობა და ჩვეული ხასიათები არ გამოავლინეთ. ბოლოს ის ჟესტი სპონტანურად მოგაფიქრდათ?
- მე და ადამი ვმეგობრობთ, სულ ვხუმრობთ ერთმანეთში, თუმცა არა - მუცელზე კოცნით. ეს დიდი სიხარულის გამოხატვა იყო. თან ცოტა მეუხერხულა, მტკივნეული რომ გავუკეთე, მაგრამ ექსტაზში ვერ აკონტროლებ თავს, ვერ თოკავ ემოციებს, თუმცა მერე უცებ დავფიქრდი... ოღონდ, ვფიქრობ, რომ სპორტიც ესაა - აბა, რისთვის ხარ იქ, თუ არ მოიგებ? მაშინ საერთოდ არ უნდა გახვიდე.

ამ ჟესტით ჩემი სითბო და პატივისცემა გამოვხატე ოქრუაშვილისადმი. თან გამიხარდა, რომ შრომა არ დამეკარგა და "ერთხელ ამ ბიჭის პოტენციალი როგორ ვერ ვიხილეთ" სტერეოტიპიც დავარღვიე.

- დაჯილდოებისას რა გითხრათ ოქრუაშვილმა?
- ყველაზე კარგი სიტყვები, რაც ცხოვრებაში არ დამავიწყდება: მე მეწყინა, რომ წავაგე, მაგრამ გამიხარდა, შენ რომ მოიგეო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
თუში თავის სიტყვას იტყვის მსოფლიოზე.
ჯ ი ჯი
18:01 08-05-2017
0
თუში თავის სიტყვას იტყვის მსოფლიოზე.ჩვენი დიდი სურვილია და იმედიც არის რომ ტედი რინერს დაამარცხებს.მთავარია სერიოზული ვარჯიში და აზროვნება ჯიდაობის დროს.ერთი ილეთით ყველას ვერ წააქცევ.
ჯ ი ჯი
18:41 08-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული