შეგახსენებთ, რომ ის ახალი ნატურალიზებული ძიუდოისტია, ვინც თავად გამოთქვა ჩვენი სახელით გამოსვლის სურვილი.
- ლუჩილა ძაპა: ქართველი ვარ და ამით ვამაყობ! ეს ჩემი ოცნება იყო...
თავის დროზე მის გამოჩენას ცოტა აჟიოტაჟური გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, სადაც განსაკუთრებით პოპულარული გახდა მისი ფოტოები, რომლებშიც მოდელს უფრო ჰგავდა.
- ვინ არის მორიგი უცხოელი ძიუდოისტი საქართველოს ნაკრებში [PHOTO]
ამან იტალიელი ცოტა გააღიზიანა და იძულებული გახდა, სოციალურ ქსელებში საგანგებო განმარტებაც
"ჩემი ფოტოები ჩემი პირადი საქმეა, მაგრამ გთხოვთ, ჭიდაობით შემაფასოთ. მე მიყვარს საქართველო, ქართული ძიუდო და ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო მისთვის" - დაწერა ძაპამ, რომელმაც მერეც არაერთხელ დაადასტურა, რომ უზომოდ შეყვარებულია ქართულ ძიუდოზე.
ის ძალებს 52 კილოგრამში მოსინჯავს. იტალიელი საქართველოში დედასთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა მშობელი დღეს უკვე გაფრინდება სამშობლოში, ლუჩანო კი მთლიანად მწვრთნელთა განკარგულებაში დარჩება. როგორც თავად სპორტსმენი ამბობს, ამ შეკრების და ახალი გამოწვევისთვის იტალიაში გულმოდგინედ ემზადებოდა, მაგრამ ვარჯიშებზე ფეხიც უტკენია, ოღონდ ტრავმა საშიში არაა და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს სერიოზულად არ შეუშლის.
ძიუდოისტი გოგოების ნაკრებმა 24 მაისს დაიწყო შეკრება გორში, სადაც მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ თავიდან მხოლოდ ჭაბუკები იახლა, რადგან უახლოესი სოლიდური შეჯიბრებები მათ ელოდებათ - ივნის-ივლისის მიჯნაზე ლიტვურ კაუნასში ჭაბუკთა ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატი ტარდება, 25-29 ივლისს კი უნგრულ დიორში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია ამავე ასაკში.
ეს ოთხი დღე თენაძე ჭაბუკებს სპეციალური განრიგით ავარჯიშებდა და ამიტომ ჰყავდა მხოლოდ ამ ასაკის გოგოები წაყვანილი, ახლა კი უკვე სპარინგებიც საჭიროა და დღეიდან მათ ახალგაზრდებიც შეუერთდებიან. მათ შორის ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტი მარიამ ჯანაშვილიც (57) იქნება, ვინც ხელის ტრავმა მოირჩინა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
ჯანაშვილზე გაცილებით სერიოზულია მზია ბებოშვილის მდგომარეობა, რადგან ოპერაციით გამოწვეული უქმობისას თურმე წონა სერიოზულად გაექცა და საკითხავია, შეძლებს თუ ვერა 52-ში დაკლებას.
გოგოები გორში შეკრებაზე 7 ივნისამდე დარჩებიან, მერე რამდენიმე დღით სახლებში დაბრუნდებიან და პირად მწვრთნელებთან ერთად ივარჯიშებენ სპეციალური დავალებებით, 12-ში კი ხორვატიაში გაფრინდებიან, სადაც ქალაქ პორეჩში ერთობლივ კემპში მიიღებენ მონაწილეობას. თენაძეს იქ ჭაბუკებთან ერთად ახალგაზრდებიც მიჰყავს, რადგან სპარინგები და ერთობლივი წვრთნები მათაც სჭირდებათ.
მწვრთნელებს კაუნასში წასაყვანი შემადგენლობა ძირითადად უკვე გამოვლენილი ჰყავთ, თუმცა დასახელებას არ ჩქარობენ, რადგან ზოგიერთ წონაში გარკვეული დეტალები კვლავაც გასარკვევია.
რაც შეეხება უფროსთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატს, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ბუდაპეშტში გასამართავ ამ შეჯიბრებაში ჩვენი ქალები არ გამოვლენ.
ქალთა ძიუდოს წლეულს დახმარება არც ფედერაციის მხრიდან დააკლდება და მათ ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება დაუფინანსდებათ, სადაც წასვლას მწვრთნელები საჭიროდ მიიჩნევენ. ამის თაობაზე ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი მოგვითხრობს:
- ქალთა ძიუდოს ბიუჯეტი ფედერაციის ბიუჯეტის პროპორციულად იზრდება. ვინც უფროსებში ნაკრების წევრებად მოიაზრებიან, მათ შეკრებებსა და შეჯიბრებებზე წასვლის არავითარი პრობლემა არ აქვთ. ამ ეტაპზე ჭაბუკთა ნაკრებიც გამოიკვეთა, რომელიც ბავშვთა ოლიმპიადისა და ევროპის პირველობისთვის ემზადება და პრობლემები არც მათ არ შექმნიათ.
ერთგვარი გარდამავალი ეტაპია ახალგაზრდებთან მიმართებაშიც და პირველად მოხდა, რომ ძიუდოს აკადემიაში შევკრიბეთ თბილისსა და მის ახლომახლო მცხოვრები სპორტსმენები, რომლებსაც მიზერულ ფასად მოვუგვარეთ კვების საკითხი, დილით მოდიოდნენ სავარჯიშოდ, ისადილებდნენ, მერე მიდიოდნენ სახლში, დაისვენებდნენ და საღამოს ისევ მოდიოდნენ სავარჯიშოდ. შეკრების მსგავსი გავუკეთეთ ორი კვირით, თუმცა სახლებიდან დადიოდნენ. ამასთან, ბათუმიდანაც კარგი ხელშეწყობა აქვთ, რომლებიც მთელი გუნდით იყვნენ ჩამოსულნი და ამათთან ერთად ივარჯიშეს.
ქალთა ნაკრებში ერთი მწვრთნელიც დავამატეთ - კახა გვიჩიანი, ვინც ახალგაზრდულ ნაკრებთან მუშაობს.
ერთი სიტყვით, კონტინგენტი გაიზარდა, თუმცა რაც უფრო შორს მიდიან, მეტი მონდომება და დახვეწა სჭირდებათ.
ქევხიშვილს ნატურალიზაციაზეც დავეკითხეთ, აპირებს თუ არა სხვა სპორტსმენების გადმოყვანას ქალთა ნაკრებში. თუმცა ამ პროცესს ის უარყოფითად აფასებს. აი, რა გვითხრა ამასთან დაკავშირებით:
- რას მოგვცემს ნატურალიზაცია, თორემ კი! ჩვენ გვინდა, საქართველოში წამოვწიოთ ქალთა ძიუდო, ქართველები გავზარდოთ. უცხოელებს ძირითადად მაინც იქით უწევთ ყოფნა. კი ბატონო - კარგი იყო ესტერ სტამის მიერ მოპოვებული ევროპული ვერცხლის მედალი, მაგრამ ყველამ იცის, რომ ჰოლანდიელი იყო.
ამასთან, საკითხავია - იყო კი ეს მედალი სტიმული ჩვენებისთვის? ამათ ხომ უკვე აქვთ თავიანთი შედეგები და მათთვის ესაა ყველაზე დიდი სტიმული.
ვიმეორებ - ცუდი არაა ნატურალიზაცია, მაგრამ რამდენად ღირს ამაზე თავის გადაკვლა და თანხების დახარჯვა? აჯობებს, აქ შევქმნათ სათანადო გარემო და ეს პროცესი მართლაც მიდის, კონტინგენტი რეალურად გაიზარდა.
სხვათა შორის, თავის დროზე სტამიც რომ გადმოვიდა, თავიდან საკუთარი ხარჯებით დადიოდა შეჯიბრებებზე, ვიდრე შედეგი არ გვაჩვენა. ძაპას შემთხვევაშიც ასეა და - გიორგი პარკატისაც (100). მისი გადმოყვანა ნიკო ბიბილაშვილმა გვთხოვა, მოქალაქეობა აქვს და იქნებ გამოვცადოთო. ჩვენ მივეცით საშუალება, ეჭიდავა ჩვენი სახელით, თორემ ეკატერინბურგში თავისი ხარჯით წავიდა.
ჩემი სურვილი არაა უცხოელების ჩამოყვანა და მათი შედეგით დროშის ფრიალი. ჩვენ ძიუდოში იმდენი პოტენციალი გვაქვს, ეს არ გვჭირდება. რომ არ გვყავდეს სპორტსმენები, მაშინ კიდევ მესმის, მაგრამ ქართულ ძიუდოს მსოფლიოში იცნობენ. სხვების ჩამოყვანას მირჩევნია, ეს ენერგია, ეს სახსრები ადგილობრივთა გამოზრდაზე დავხარჯო, რათა მასა შეიქმნას, თორემ ის ჩამოსული ისე წავა, განსაკუთრებულს არაფერს დატოვებს.
თავად თუ გაუჩნდება ვინმეს ჩვენი სახელით გამოსვლის სურვილი, როგორც ეს სტამის, ძაპას და პარკატის შემთხვევაშია, ნებას ვრთავთ და ხელს ვუწყობთ ამ სურვილის ასრულებაში, თუმცა, ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"