მინსკი. ევროპის თასი: ვარლამ ლიპარტელიანის პირველი ოქრო [VIDEO]

AutoSharing Option
ჩვენმა ნაკრებმა ორი მედლით - მინსკში, "ევროპის თასზე" ასპარეზობა თითო ოქრო-ვერცხლით დაამთავრა. ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა, ვინც ახალ წონაში - 100 კილოგრამში პირველი ოქრო მოიპოვა.

ვერცხლს ნუგზარ ტატალაშვილი (81) დასჯერდა, ვისთვისაც ეს ასევე პირველი ფინალია ახალ წონაში. ვაჟთა ნაკრებიდან კიდევ ორმა იჭიდავა ბრინჯაოსთვის - თამაზ კირაკოზაშვილმა (81) და ლაშა ტაველურმა (100), თუმცა დამამშვიდებლის ფინალში დამარცხდნენ და მეხუთეზე დარჩნენ.

ამას ორი მეშვიდე ადგილიც ემატება - თითო-თითო ვაჟებსა და ქალებში: უშანგი მარგიანი (90) და ელენე ქებაძე (+78), ამ ყველაფერმა კი საერთო გუნდურ
ჩათვლაში მეშვიდე საფეხური მოგვიტანა, ვაჟებში კი ირაკლი ცირეკიძის კრებული მეოთხეა.

ვინ შეარჩიეს მინსკში?
მინსკში ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირად პირველობაში წასაყვანი ბოლო მონაწილის გამოვლენა იყო სამ კანდიდატს შორის: ლაშა გიუნაშვილი (66), ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი (ორივე - 90).

ვერ გეტყვით, მწვრთნელებისთვის ეს საკითხი მინსკში რამდენად გადაიჭრა, თუმცა შედეგით სხვებს მარგიანმა აჯობა. მართალია, სამივე უმედლოდ დარჩა, მაგრამ მარგიანი დამამშვიდებელში მაინც გადავიდა და თან იქამდე საკმაოდ ტექნიკური, გამართული და კარგი ჭიდაობა აჩვენა.

ამ ფონზე მისმა კონკურენტებმა, პირიქით - ვერაფერი გვაჩვენეს დამაიმედებელი. თუმცა ეს საკითხი მაინც მწვრთნელთა გადასაწყვეტია, მათი აზრი კი ჯერ არ ვიცით. არ გამოვრიცხავთ, ამ ტურნირის შემდეგ იქნებ სხვა რომელიმე წონის გაორებაც გადაწყვიტონ. მაგალითად, 81-ის, სადაც სავარაუდო ლიდერად ზებედა რეხვიაშვილი გვგონია - ალბათ, ამიტომაც არ აჭიდავეს მინსკში. არა გვგონია, ამ წონაში მეორე მონაწილე შერჩეული ჰყავდეთ, კირაკოზაშვილს და განსაკუთრებით - ტატალაშვილს კი ურიგოდ არ უჭიდავიათ.

მარგიანის ჭიდაობა ჩვენ კი მოგვეწონა (სხვა შეჯიბრებების ფონზე), თუმცა ვერ გეტყვით, მწვრთნელები რამდენად დააკმაყოფილა მისი ჭიდაობის ხარისხმა, რადგან ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგო. ამიტომ დაველოდოთ მწვრთნელების თბილისში დაბრუნებას, ეს კი ერთი კვირის შემდეგ მოხდება, რადგან ჩვენები ახლა ერთობლივ ვარჯიშებზე რჩებიან მინსკში.

გიუნაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი უკრაინელ რობერტ ჰასანაგაევთან სამი ილეთი გაუშვა და წმინდად დამარცხდა. ჭრიკიშვილმა პირველ წრეში ლიტველ მანტას კლიმასაუსკასს გაფრთხილებებით კი აჯობა, მაგრამ ებრაელთა მომავალ ფინალისტ ლი კოჩმანთან ვაზარით დამარცხდა.

ამასობაში მარგიანმა საკმაოდ კარგი გდებებით და ტექნიკური ჭიდაობით გვასიამოვნა. უკვე აღარაა ლაპარაკი ახალ წონაში ადაპტაციაზე - ეს პროცესი საბოლოოდ დასრულებულია, თავად სპორტსმენი კი ტექნიკურად კიდევ უფრო წინ წასული ჩანს. ოღონდ ეგაა, მეტი მობილიზება და კონცენტრაცია მართებს კიდევ უფრო დიდი შედეგების მოსაპოვებლად, ხშირად აგებს წამიერი უყურადღებობით, თორემ ფიზიკურადაც არაა ცუდად მომზადებული.

ერთი სიტყვით, უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, პირველ წაგებამდე გამართულ ორ შეხვედრაში მარგიანმა საკმაოდ მაღალი კლასი აჩვენა და დიდწილად ამის ხარჯზე იპონებზე დაყარა მასპინძელი არტურ ჰაირილავეცი და რუსი რუსტამ ამირმეტოვი, ჩაროზად კი თითო-ორი გდება ორივეს დაუმატა. ის პირველად ბელარუს იაჰორ ვარაპაეუსთან დამარცხდა მეოთხედფინალში, დამამშვიდებელში კი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან წააგო ერთი ვაზარით (თვითონ ერთით მეტი გაუშვა).

დღე მეორე და წარმატებული
მეორე დღე პირველზე ბევრად წარმატებული გამოდგა, რადგან ნახევარფინალში ერთბაშად სამი კაცი გვყავდა, მთლიანობაში კი ხუთი კაცი ჭიდაობდა მედლისთვის. ამ სამი ნახევარფინალიდან ორი - 81-ზე მოდიოდა, სადაც ტატალაშვილი და კირაკოზაშვილი ჯიქურ მიიწევდნენ მედლისკენ, 100-ში კი ლიპარტელიანი იმყარებდა ფავორიტის იმიჯს.

ლიპარტელიანი ისევ თითებს იტკიებდა - მალიმალ იყურებოდა ზედ და სახვევებს ისწორებდა, თუმცა ამას საბოლოო წარმატებაში ხელი არ შეუშლია. აქ წონის უპირველესი ლიდერები არ გამოდიოდნენ, მაგრამ რა მომზადებაც ჩვენებურმა აჩვენა, წონის ლიდერობამდე უკვე ბევრი ნამდვილად აღარ რჩება. მისი ძალა საკუთარ თავზე რუსმა ალექსეი კაზაჩკოვმა ერთი, ხოლო ჩილელმა ტომას ბრიენომ ორი ვაზარით გამოსცადეს. საკმაოდ უხერხული მეტოქე - ებრაელი პეტერ პალჩიკი ჩვენებურმა დააიპონა, ნახევარფინალში კი უკრაინელი ანტონ სავიცკი დაჯაბნა. ფინალში კიდევ ერთხელ მოუგო ჰოლანდიელ მიხაელ კორელს - ვაზარ-იპონით და მსოფლიოს ჩემპიონატს კარგ განწყობაზე ხვდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

81-შიც კარგად გამოვიდნენ ჩვენები, თუმცა კირაკოზაშვილს უფრო ადრე დაეტყო დაღლაც და ისიც, რომ ჯერ კიდევ აკლია უფროსებთან პაექრობის გამოცდილება. ტატალაშვილი ისევ პროგრესირებად სპორტსმენად წარმოჩნდა - ძლიერი ათლეტი, ვინც იოლად არავის არაფერს დაუთმობს, თუმცა ფინალში მარცხი ნაკლებადცნობილ რუს დენის კალინინთან შეიძლება, ისევ ფსიქოლოგიის ბრალი იყოს, რაც მის შემთხვევაში თან ახლავს ხოლმე გადამწყვეტ ორთაბრძოლებს.

მთლიანობაში, ტატალაშვილმაც დახვეწილი, ძლიერი და ლამაზი ჭიდაობა გვაჩვენა. მინსკში მან ექვსი პაექრობა გამართა, რომელთაგანაც დასაწყისში ორი წმინდად მოიგო - შვეიცარიელ მიხაელ კიტსლერთან და უკრაინელ დანიელ საფინთან. რუს ალი ბოცკაევთან, მეოთხედფინალში ყაზახ ბეკჟან აბდულაევთან და ნახევარფინალში სომეხ ანდრანიკ ჩაპარიანთან ვაზარით იმარჯვა, ფინალი კი იპონით დათმო. ამის მიუხედავად, მან ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა.

ისე, კალინინს ნაკლებადცნობილი ეძახე და, მინსკში ბედისწერად კი გვექცა - ნახევარფინალში კირაკოზაშვილიც მან დაგვიმარცხა ასევე წმინდად. ჩვენებურმა ამ ტურნირზე თავი ყველაზე მეტად ჰაერში შეხტომით გაკეთებული მტკივნეულებით დაგვამახსოვრა, რაც კარგად აუთვისებია ზებედა რეხვიაშვილისგან. კირაკოზაშვილმა თავიდან ჩეხი ივან პეტრი და სლოვენიელი მატუშ მილიჩოვსკი დააიპონა, მერე კი დამატებით დროში ვაზარით აუღო ძალიან ძლიერ პორტუგალიელ დიოგო ლიმას.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ შეხვედრა ვერ მოიგო - ჯერ კალინინთან დამარცხდა, მერე კი ბრინჯაოსთვის პაექრობა პორტუგალიელ ჟოაო მარტინოსთან დათმო.

უმედლოდ დარჩა, თუმცა საკმაოდ დამაიმედებლად გამოვიდა ტაველურიც, ვინც ერთი "თავიც" გააგორა - რუსი ადლან ბისულთანოვი შეცდომაზე გამოიჭირა და არ აპატია. მანამდე ბელარუსი პაველ კლიუჩნიკაუ დააგდო იპონზე, მოლდოველ დენის ტაჩის კი იქამდე ორი ვაზარიც აუღო.

ჩვენებური მეოთხედფინალში ბრიტანელ ბენჯამინ ფლეტჩერთან დამარცხდა, სანუგეშოში კი მასპინძელი მიკიტა სვირიდი დააიპონა, თუმცა უკრაინელ ანტონ სავისკისთან ვერაფერს გახდა.

წაგების ქრონოლოგია
იმის მიუხედავად, რომ მძიმე წონის შეხვედრები ყველაზე ბოლოს ტარდება, წაგებულებზე საუბარი მაინც ამ წონით უნდა დავიწყოთ, რადგან ჩვენი მძიმეწონოსნების გამოსვლა კრიტიკას ვერ უძლებს: ადამ ოქრუაშვილიც და ლევან მატიაშვილიც პირველივე შეხვედრებში უშანსოდ, წმინდად დამარცხდნენ, შესაბამისად, რუს ნიკიტა დიბრინთან და აყლაყუდა უკრაინელ ალექსანდრ გორდიენკოსთან.

სამაგიეროდ, ამ წონაში მეორეზე გავიდა აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე უშანგი კოკაური, თუმცა ფინალში მისი მარცხი მასპინძელ ულადისლაუ ციაპრიცკისთან ძალზე საკამათოა.

66 კილოგრამში წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა ლუხუმ ჩხვიმიანს, თუმცა ერთი შეხვედრა კი მოიგო: რუს ივან სპირინს ვაზარით აჯობა, მაგრამ იქვე მოლდოველ დენის ვიერუსთან თვითონაც ასეთი სხვაობით დამარცხდა.

წარუმატებლად გამოვედით 73 კილოგრამშიც, თუმცა ჩვენმა დუეტმა თავიდან რიხით დაიწყო: ტურნირზე თავისი ხარჯით წასულმა ბექა შავდათუაშვილმა (ის ამჯერად ახალ წონაში გამოვიდა) რუს ოლეგ ვასილიევთან, ფრიდონ გიგანმა კი ლიტველ რეგიმანტას რიბინასთან 3-3 ილეთი მიითვალეს, თუმცა წმინდად მხოლოდ შავდათუაშვილმა იმარჯვა.

სამწუხაროდ, ის მალევე დამარცხდა უკრაინელ არტემ ხომულასთან ვაზარი გაუშვა, რისი გაქვითვაც ვერ შეძლო და გავარდა. სამაგიეროდ, გიგანმა დააიპონა ამერიკელი ალექსანდერ ტურნერი, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო: წმინდად დამარცხდა რუსთა მომავალ ფინალისტ ოლეგ ბაბგოევთან.

81-ში ბექა დონღვანიც თავისი ხარჯით იყო წასული და პირველივე პაექრობაში დამარცხდა ლიტველ არტურას მაიბოროდასთან. ნოდარ ბერიანიძემ (90) უკრაინელ ვადიმ სინიავსკის აჯობა, მაგრამ სერბ მარკო ბუბანიასთან წააგო.

სამაია
ქალებში სულ სამი მონაწილე გვყავდა, რომლებმაც მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს. ეს მძიმეწონოსანმა ელენე ქებაძემ შეძლო - უკრაინელი გალინა ტარასოვა ვაზარით დაამარცხა.

ტურნირზე ყველაზე ძლიერი მეტოქეც ქებაძეს შეხვდა - ბელარუსთა ევროპის წლევანდელი ჩემპიონი მარინა სლუცკაია,ჰვისთანაც წმინდად წააგო და დამამშვიდებელში გადავიდა, იქ კი ლიტველ სანტა პაკენიტესთანაც დამარცხდა.

მარიამ ჯანაშვილმა (57) აზერბაიჯანელ ზაკირა ზაიროვასთან დათმო, ნინო ოძელაშვილმა (70) - უკრაინელ ირინა ხრიაშჩევსკასთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მურატლო რა არის გაუგებარი ვერ ვხვდები. მილიონჯერ დაიწერა და მილიონჯერ ისაუბრეს ამ საკითხზე. საქმე ისაა რომ ასაკის მატებასთან ერთად სხეულის ბუნებრივი წონაც მატულობს და უფრო და უფრო ძნელი ხდება წონის კლება. ავთო სადრაც 89-90 კილოა და ამდენის დაკლება ყოველი ტურნირის წინ არს წარმოუდგენელი. რომც მოახერხოს, მთლიანად გამოიფიტება ორგანიზმი და შედეგი ექნება ნული. ვეღარ იკლებს ადამიანი და რა გააკეთოს? ამიტომ თვითონ ავთომ მოითხოვა წონის შეცვლა და ფედერაციაც არ წავიდა წინააღმდეგი. ეს არის რეალობა. ვინ ვის ჩაუჯინეს ეგ კიდევ სხვა საკითხია. ამ საკითხს მარტივი სიტყვა დაარეგულირებს და ამ სიტყვას კონკურენცია ქვია.
fraternity
10:22 25-07-2017
0
რამდენჯერმე გთხოვეთ გეპასუხად ავთო ჭრიკიშვილის წონის შეცვლის შესახებ და ნორმალური პასუხი ვერ მივიღე. არა მგონია მარტო მე მაინტერესებდეს. რატომ შეუცვალეს წონის ლიდერს 81-დან 90? ეს გადაწყვეტილება საბოლოოა თუ დროებითი? ავთოს მსგავსი იშვიათად იბადება. მისი დგომი ჭიდაობისას უნიკალურია( მოხრილი ნამდვილად არ მახსოვს), ყოველთვის თავდაჯერებული და უშიშარი. ვერ ვხვდები როგორ შეიძლებოდა ოლიმპიადის წაგების შემდეგ ასეთი ცვლილება...თუ კი რამე საშუალება არსებობს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს 81-ს, თორემ ჯერ ერთი 90-ში ბექა გვყავს და ლიპოს შეუცვალეს წონა ამის გამო, ეხლა კი ავთო ჩაუჯინეთ წონაში... რას ერჩით ვერ გავიგე.
murtalo
17:14 24-07-2017
0

სიახლეები პოპულარული