საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი გურამ პაპიტაშვილი

AutoSharing Option
ჩემი კარიერის მანძილზე მუდამ დისციპლინის მოყვარული ვიყავი და ვცდილობდი ჩემი გოლიათი ფალავნებიც ასეთები ყოფილიყვნენ. ხანდახან მიკვირდა, როგორ მემორჩილებოდნენ ეს ცოტა არ იყოს ფიცხი ხასიათის გოლიათები, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფროსისადმი პატივისცემის გრძნობა არ აკლდათ და იმიტომ იყო ასე.

ერთხელ მახაჩყალის ტურნირზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ შინ მოვემგზავრებით და რკინიგზის სადგურზე ვაგონში მყავს მთელი გუნდი. მატარებლის გასვლამდე 5 წუთია დარჩენილი და დურმიშხან ბერუაშვილი მომაკლდა თვალში.

გავედი სადგურზე მის მოსაძებნად. ვხედავ მან და სოსლან ანდიევმა როგორ მიიტანეს სადგურის ღია სასადილოში თითო ბოთლი შამპანური და
მაგიდაზე დადგეს. მივედი, ორივე ბოთლი ერთმანეთს შემოვახეთქე და დავამსხვრიე. დურმიშახანი თავჩაღუნული წავიდა მატარებლისკენ და სოსლანიც ხმის ამოუღებლად გაბრუნდა უკან.

რენტგენის სურათი
დურმიშხანმა ერთხელ ნახერხმოყრილ არენაზე ჭიდაობისას ტრავმა მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.

მე შეჯიბრებას ვერ მივატოვებდი, ამიტომ საავადმყოფოში  სანახავად მისი დასრულებისთანავე გავეშურე. გამოჩნდა ექიმი, რომელზეც მიმითითეს, რომ ბერუაშვილს მკურნალობდა. მოდის იგი თავის კოლეგასთან ერთად რენტგენის სურათით ხელში და რაღაცას გაკვირვებული ლაპარაკობს. შეშფოთებულმა ვკითხე რამე საგანგაშო ხომ არ არის-მეთქი და ექიმი მპასუხობს: "დახედე ერთი ამ სურათს, ეს ადამიანის ნეკნებია თუ ნადირისაა კაცი ვერ გაარკვევს და ამას საგანგაშო რა უნდა მოსვლოდაო".

ქართველი ფალავნების სადღეგრძელო

ბერუაშვილი მართლაც გიგანტური აგებულების ფალავანი იყო. ერთხელ მინსკში შეჯიბრებაზე ყოფნისას სასტუმროში დაბრუნებულს, ვიღაც მთვრალი შუააზიელები შემოელახა.

რასაკვირველია, წაიყვანეს მილიციის განყოფილებაში. მეც მოვწესრიგდი და ცოტა ხანში წავედი მილიციაში, თან გზაში ვფიქრობ, როგორ გამოვიხსნა ჩემი შეგირდი. მაგრამ თურმე ამაოდ ვიმტვრევ თავს. განყოფილებაში, ერთ-ერთ ოთახში რომ შევედი, მორიგე მილიციელს და ბერუაშვილს არაყი დაედგათ და ეს უკანასკნელი სამართალდამცველს ქართველი ფალავნების სადღეგრძელოს დალევას აძალებდა.

რაღაა ახლა სიკვდილი.
სხვათა შორის, ჩემი ფალავნებიდან ყველაზე მეტად იუმორის გრძნობით ბორის გოგიჩაიშვილი და ნოდარ ექვთიმიშვილი იყვნენ დაჯილდოებულნი. ერთი ცნობილი გორელის დაკრძალვაზე ვიყავით, უკვე სასაფლაოზე ავასვენეთ და პროცესიის მიწურულია. მესმის, ზუსტად ჩემ ზურგს უკან, ნოდარ ექვთიმიშვილისა და გორის ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის დეკანის შოთა ასანიძის (რომელიც საკმაოდ კარგი სპეციალისტი, მაგრამ ზედმეტად მიამიტი კაცი იყო) საუბარი. მობილური ტელეფონები ახალი ხილია ჯერ:

- ბატონო შოთა, ახლა სიკვდილი აღარაფერია, მობილურს ჩააყოლებენ მიცვალებულს სასახლეში და როცა მოენატრებათ მოიკითხავენ ხოლმე, - უხსნის ნოდარი კახური სიდინჯით მის ყოფილ ლექტორს.
ზუსტად იმ წამს რეკავს ჩემი მობილური. ისე, რომ საერთოდ არ შევიმჩნიე, მათი საუბარი თუ მესმოდა, გადავწყვიტე ნოდარისთვის "ხელი შემეწყო" და ტელეფონზე ბატონი შოთას გასაგონად ვუპასუხე.

- გისმენ ქრისტინე, გენაცვალე, - ვითომ ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ველაპარაკებოდი.

შოთა მყისიერად ჩაიკეცა. საბედნიეროდ, მალევე მოვასულიერეთ. რასაკვირველია, ირგვლივ ყველამ ჩათვალა, რომ მეცნიერს, გარდაცვლილი მეგობრის გამო შეუწუხდა გული. ცოტა ხანში მან თავისი გულის შეღონება ასე ახსნა: "რა თქმა უნდა, ხუმრობას ჩვეულებრივად მივიღებდი, მაგრამ იმავე წამს პაპიტაშვილისგან მეუღლის მოკითხვას უკვე შოკისმომგვრელი ეფექტი ჰქონდა და გულმაც ამიტომ  მიმტყუნაო."

წავაგე მიხაილოვიჩ!
მყავდა ერთი შეგირდი გვარად ბოლოთაშვილი. ერთ-ერთ შეჯიბრებაზე მასზე აშკარად ძლიერ მოწინააღმდეგეს ხვდება. გავიყვანე ტატამზე, გამოვემართე ჩემი ადგილისკენ და ვფიქრობ, ნეტავი თუ მოუხერხებს რამეს მეტოქეს-მეთქი. სანამ მწვრთელის ადგილზე დავჯექი და შეხვედრის საყურებლად მოვემაზადე ბოლოთაშვილი უკვე თავს დამადგა.
- აქ სად მომყვები შე მამაძაღლო, წადი იჭიდავე-მეთქი, - ვუთხარი.
- უკვე წავაგე მიხაილოვიჩ! - მეუბნება.

ყავაზე გიჟდებოდა
საბჭოთა კავშირის სტუდენტთა ნაკრებმა ჩემი თავკაცობისას, რამდენჯერმე გაიარა მოსამაზდებელი შეკრება გორში. 60-იან წლებში გუნდში გვყავდა ვინმე ლიოვა მოსკალიოვი, ყაზახი მოჭიდავე, რომელიც ყავის უდიდესი მოტრფიალე იყო. ალბად გსმენიათ საბჭოთა კავშირის ხანაში ქართველების მოსკოვში გადაფრენის, ქეიფის და იმავე დღეს უკან დაბრუნების ისტორიები. ჰოდა, მოსკალიოვს გორში ყავა რომ არ მოეწონა, ყოველდღე სამბორბლიან მოტოციკლეტ "იჟ"-ით თბილისში დადიოდა. ნაკრები დილით ვარჯიშს რომ მორჩებოდა, მოსკალიოვი "იჟ"-ით ქარივით მიქროდა თბილისში, რომ ყავა დაელია და საღამოს მეცადინეობისთვისაც მოესწრო. გორი - თბილისის ტრასაზე უკვე დაზეპირებული ჰყავდათ ვიღაც თავზეხელაღებული მოტოციკლისტი, რომელიც დედაქალაქში ყოველ შუადღეს გარბოდა რაღაც აუცილებელ საქმეზე.

ტყუპისცალს მიხედეთ
მსოფლიოს ერთ-ერთ ჩემპიონატზე ვიმყოფები სსრკ ნაკრებთან ერთად უფროსი მწვრთნელის ვლადლენ ანდრეევის თანაშემწედ. ანზორ კიკნაძე ხვდება ჰოლანდიელ იან სნეიდერს, რომლის ტყუპისცალი ძმა პეტერი ასევე კარგად ჭიდაობდა და რაც მთავარია, ისიც იქ იყო. ანზორი იგებს შეხვედრას. იანმა ამ დროს მცირე ტრავმა მიიღო და მაშინდელი წესებით ნება დაერთო ტატამთან სიახლოვეს ეწამლათ ექიმებს.

ვატყობთ, რომ კიკნაძე უჩვეულოდ ღელავს, მე და ანდრეევი მივედით ახლოს და მთელი მონდომებით ვამხნევებთ, მაგრამ ვხედავთ, რომ უგულისყუროდ გვისმენს და სულ სხვაგან იყურება. ამაზე კი ორივე გავუწყერით, მაგრამ ანზორმა აქეთ შემოგვიტია: "მე თავი დამანებეთ კაცო და იმათ მიხედეთ, ის მეორე ტყუპისცალი შორიახლოს დასტრიალებს და ისე გვანან რომ ჩაანცვლონ ვერაფერს გავიგებთო". ამაზე კი კარგად ვიცინეთ, თანაც რა თქმა უნდა, პეტერ სნეიდერს ძმა არ ჩაუნაცვლებია და ანზორმაც მშვიდობიანად მიიყვანა შეხვედრა გამარჯვებამდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული