ქუთაისურ ტატამზე თბილისმა გაიმარჯვა

AutoSharing Option
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა აკაკი კიბორძალიძის სახელობის მეათე საერთასორისო ტურნირი ძიუდოში ჭაბუკთა (1993-95) შორის. შეჯიბრება გუნდური სისტემით ჩატარდა და მასში მონაწილეობა თბილისის, ქუთაისის, იმერეთის, მესხეთ-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაკრებებმა მიიღეს.

თითოეული გუნდი ერთმანეთს 8 წონით კატეგორიაში ეჯიბრებოდა. პირველ ეტაპზე თბილისის ნაკრები ისვენებდა, ქუთაისმა მესხეთ-ჯავახეთის გუნდს იოლად 8:0 სძლია. ქვემო ქართლმა სამეგრელო-ზემო სვანეთს მოუგო 5:2, იმერეთის ნაკრებმა კი შიდა ქართლი 6:2 დაამარცხა.

ნახევარფინალში თბილისმა 6:1 გაიმარჯვა იმერეთთან, ქუთაისმა კი
ქვემო ქართლი დაამარცხა. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს იმერეთი და ქვემო ქართლი დაუპირისპირდნენ. თავიდან იმერლები 2:0 დაწინაურდნენ 55 კგ. წონით კატეგორიაში გაგა გუბელაძემ მირზა გუჯეჯიანს მოუგო, 60 კგ-ში კი გოგა ლომთაძემ ბექა მათიაშვილი დაამარცხა.

ქვემო ქართლელებს შანსი 66 კგ-ში მოჭიდავე ბექა ვიბლიანმა შეუნარჩუნა, რომელმაც მანამდე შესანიშნავად მოასპარეზე თორნიკე ტვილდიანს იპონით მოუგო. შემდეგ წონებში ისევ იმერლებმა იყოჩაღეს - 73 კგ-ში უჩა მარგიანმა ლერი დადვანი დაამარცხა, 81-ში კი ცოტნე ზურაბიანმა მჭედლიშვილს სძლია.

ქვემო ქართლელთაგან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კორიფაძემ ივარგა, რომელმაც გიორგი ჯიბლაძეს მოუგო. 100 და +100 კილოგრამებში ისევ იმერლებმა კარლო ნემსიწვერიძემ და გუგა კიბორძალიძემ გაიმარჯვეს. საბოლოოდ იმერლებმა 6:2 მოიგეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ფინალში ერთმანეთს ქუთაისი და თბილისი დაუპირისპირდნენ. პირველი ფინალური ორთაბრძოლა 55 კგ.წონით კატეგორიაში ქუთაისელი ლერი ჭეიშვილის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ლევან თანიშვილს სუფთად მოუგო.

60 კგ-ში თბილისელმა გელა ქელეხაშვილმა გელა ლიპარტიანს სძლია და ანგარიში გათანაბრდა 1:1 შემდეგ თბილისელმა პავლე ქავთარაძემ (66) ნუგზარ ქურასბედიანი დაამარცხა, თამაზ ონიანისა და თომა თავზარაშვილის (73) ჭიდაობა კი ფრედ დასრულდა. 81 კგ-ში თბილისელმა თემურ ხაჩიძემ ჯაბა ჩეჩელაშვილს მოუგო და დედაქალაქელები 3:1 დაწინაურდნენ. ფინალს ინტრიგა ჯაბა კაპანაძემ (90კგ.) დაუბრუნა, რომელმაც გიორგი სეტიელი იპონით დაამარცხა.

სეტიელი მსაჯების გადაწყვეტილებას დიდხანს აპროტესტებდა, მაგრამ ამაოდ. გადამწყვეტი გამოდგა 100 კგ-ში გიორგი ქავთარაძისა (თბ) და ელგუჯა ბიბილაშვილის (ქუთ) ორთაბრძოლა, რომელიც საბოლოოდ ქავთარაძის გამარჯვებით დამთავრდა -5:0 და თბილისმა ჩემპიონობა გაინაღდა 4:2 ბოლო ორთაბრძოლა (+100) როსტომ ხახალეიშვილსა და ამბროსი კონკროშვილს შორის ფორმალობაღა იყო. ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის ვაჟმა მეტოქეს 10:0 სძლია, მაგრამ საბოლოო გამარჯვება თბილისს დარჩა 4:3 და ოქროს მედლებს დედაქალაქელები დაეუფლნენ.

დავით ხახალეიშვილი: ,, აკაკი კიბორძალიძის სახელობის ტურნირში კახეთისა და აჭარის გარდა თითქმის ყველა რეგიონმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრება ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რაც იმას ნიშნავს რომ ნიჭიერი და ჯანსაღი თაობა მოდის.

ასეთი ტურნირებით ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი ჩამოყალიბდნენ და დიდი სპორტისკენ მიმავალ გზაზე გამოცდილება შეიძინონ. მომავალ წელს ქალაქის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით ტურნირი გაცილებით ფართო მასშტაბებს მიიღებს. გვინდა რამდენიმე ევროპული გუნდი მოვიწვიოთ და აკაკი კიბორძალიძის ტურნირი ევროპული შეჯიბრებების კალენდარში მოვახვედროთ. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული