გორში სამერმისო ჭაბუკები შეკრიბეს

AutoSharing Option
29-30 ოქტომბერს გორში, ანზორ ქიბროწაშვილის სახელობის ტურნირზე მთელი საქართველოს ჭაბუკმა ძიუდოისტებმა მოიყარეს თავი.

სახელოვანი ქართველი ფალავანის მემორიალი გორში მისი გარდაცვალების შემდეგ იმართება და ახლა მესამედ ჩატარდა.

ტრადიციად ქცეულმა შეჯიბრებამ ორგანიზატორების ძალისხმევით უკვე საერთაშორისო სტატუსი შეიძინა. შიდა და ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთიის, აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სვანეთის წარმომადგენლების გარდა ტურნირში აზერბაიჯანიდან ძიუდოს სამი კლუბის აღზრდილებიც მონაწილეობდნენ.

1996-1998 წწ დაბადებული 400-მდე სპორტსმენი ცხრა წონით კატეგორიაში იბრძოდა წარმატებისთვის გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზის ტატამზე. ტურნირს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმის გამო, რომ ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელები
აუცილებლად გაითვალისწინებენ მის შედეგებს გუნდის დაკომპლექტებისას. შეჯიბრებას ნაკრების ახალდანიშნული თავკაცი გია თენაძე და მისი თანაშემწე გიორგი რევაზიშვილი, ფედერაციიდან კი ვლადიმერ ნუცუბიძე და სოსო ლიპარტელიანიც ესწრებოდნენ.

ნაკრების წევრმა, ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა საგარეჯოელმა თამაზ კირაკოზაშვილისმა (60 კგ) გორშიც გამოიჩინა თავი. ამჟამად მან 66 კგ-ში იჭიდავა და მაინც შეძლო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა. კარგად იასპარეზა და პირველობა არავის დაუთმო საქართველოს პირველობის ფინალისტმა ახმეტელმა ვანო ჩურჩხელაშვილმა (73).

ზოგადადაც აღსანიშნავია ახმეტელი ძიუდოისტების ძალიან კარგი გამოსვლა. მათ ანგარიშზე სამი ოქროს მედალია. ყველასგან მოულოდნელად მხოლოდ მეორე - მესამე ადგილებით დაკმაყოფილდნენ გორელები. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ტატამზე არ გასულან ამ სეზონის ტრიუმფატორი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებში ბექა ღვინიაშვილი (81) და ქვეყნის ჩემპიონი გიორგი მუზაშვილი (66).

ღვინიაშვილი, ასაკობრივ ნაკრებში თანაგუნდელ მსოფლიოს და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ, თბილისელ გურამ თუშიშვილთან ერთად ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში კეიპტაუნს გაემგზავრა მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ. რაც შეეხება აზერბაიჯანელ სტუმრებს, მათ მხოლოდ ერთადერთი საპრიზო ადგილი ერგოთ.

ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული. ეროვნული კატეგორიის არბიტრები სჯიდნენ შეხვედრებს გივი ზაუტაშვილის ხელმძღვანელობით და პრეტენზიები ამიტომაც არ ყოფილა.

კვარცხლბეკი
42 კგ: 1. ზაზა ჭიკაძე (ახმეტა), 2. რობიზონ ბეგლარიშვილი (გორი), 3. გიორგი დოღონაძე (ქარელი) და ვახო მეტივიშვილი (ხაშური).
46 კგ: 1. ლევან შონია, 2. გიორგი ხმელიძე (ორივე - ქუთაისი), 3. შოთა ბესიაშვილი (თბილისი) და ავაზ გეიზალოვი (აზერბაიჯანი).
50 კგ: 1. ირაკლი ლიპარტელიანი (თბილისი), 2. ირაკლი კუპატაძე (საგარეჯო), 3. არჩილ ქარელიშვილი (გორი) და ზურაბ ონიანი (თბილისი).
55 კგ: 1. გიორგი კაციაშვილი (კასპი), 2. ბექა ნათათრალიშვილი (თბილისი), 3. ოთარ კაციაშვილი (საგარეჯო) და ლაშა ბუნტური (დედოფლისწყარო).
60 კგ: 1. გიგა გიგაური (თბილისი), 2. გიორგი მეტრეველი (ხაშური), 3. ზვიად ხუბულური (გორი) და ბექა ჩიქავა (ზუგდიდი).
66 კგ: 1. თამაზ კირაკოზაშვილი (საგარეჯო), 2. ბაჩანა ბოლქვაძე (ბათუმი), 3. ჯემალ ბუჩუტელი (თბილისი) და ლევან დარძული (ახმეტა).
73 კგ: 1. ვანო ჩურჩხელაშვილი (ახმეტა), 2. ზაზა მეგრელიშვილი, 3. მიხეილ ბუზალაძე და გიორგი ქანთარია (სამივე - თბილისი).
81 კგ: 1. გიორგი ქურდიანი, 2. სულიკო სეთურიძე (ორივე - თბილისი), 3. ბექა შერაზადაშვილი (ქარელი) და ჯაბა მუმლაძე (ახმეტა).
+81 კგ: 1. დავით რამაზაშვილი (ახმეტა), 2. შაქრო კუხიანიძე (ქუთაისი), 3. გიორგი ძებისაშვილი და გიორგი გველესიანი (ორივე - თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული