ზაიზენბახერისთვის შავდათუაშვილი უკვე გაიზარდა

AutoSharing Option
გორელი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში წლეულს საუკეთესო იყო.

ლაშამ ჩვენი ქვეყნისა და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატებში ოქროს მედალი დაიმსახურა, მსოფლიოზე კი მესამე პრიზიორი გახდა. მისი იმედი ახლა პეტერ ზაინზერბახერსაც აქვს, გუნდში დააყენა და რამდენიმე დღეში ჰოლანდიაში უნდა აჭიდაოს ამსტერდამის გრან-პრიზე.

ახალგაზრდა ფალავანს ინტერვიუსთვის გორის ძიუდოს დარბაზში ვეწვიეთ.

- წლეულს ევროპის ჩემპიონობის მოპოვების მერე მსოფლიოზეც კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ასვლას გეგმავდი?

- კარგად ვიცი, რომ არც ევროპის და არც მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატება იოლად არ მიიღწევა, ყველა შეხვედრაში ბოლომდე უნდა
დაიხარჯო. ცხადია, არც ევროპის ჩემპიონობაა ადვილი, მაგრამ ვინაიდან სამხრეთ აფრიკაში პირველობისათვის საბრძოლველად შესაძლოა პლანეტის ისეთი წამყვანი ქვეყნების ძიუდოისტებს შევხვედროდი, როგორებიც არიან იაპონია და კორეა, პრაგმატული მოსაზრებით, რომელიმე სინჯის მედლის მოპოვებასაც დამაკმაყოფილებლად მივიჩნევდი. თუმცა არ იფიქროთ, რომ ოქროზე არც ვოცნებოდი, თანაც კარგად გამოჩნდა, რომ ცოტა დამაკლდა იქამდე.

- კეიპტაუნში ყველაზე ძლიერ მეტოქედ ვინ მიგაჩნდა?
- განსაკუთრებით ბერძენ გიორგი აზოიდისთან შეხვედრას ველოდი ინტერესით. ამ მოჭიდავეს შარშან მსოფლიო თასზე მოვუგე, თუმცა წლეულს, ანალოგიურ შეჯიბრებაზე უკვე მან მაჯობა. აზოიდისმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემამდე ვერ მოაღწია, ნაადრევად გამოეთიშა ასპარეზობას. ნაცნობ მეტოქეთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი სლოვენიელი ანდარს სერეჟისა და ჩემი შეხვედრა იყო. ადრე მას ორჯერ მოვუგე, ახლა კი მესამედ - ფინალში.

- კორეელ დონგკიო ლიისთან იმ ერთადერთ მარცხზე რას იტყვი?
- ჯერ კიდევ პირველი გაფრთხილება იყო სადაო, მეორე "შიდო" კი რატომ მივიღე, დამიჯერეთ, მართლა ვერ გავიგე. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, კორეელმა ვერ მაჯობა და ქართულმა პრესამ და სპეციალისტებმაც ასე ჩათვალეს, ეს შეხვედრა, რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყო. წაგების მიზეზი სპორტსმენმა პირველ ყოვლისა მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძებოს, უხეირო მსაჯობაზე წუწუნი კარგს არაფერს მოგვიტანს.

- საერთოდ, კეიპტაუნში ყველა შეხვედრაში ინიციატივა შენს მხარეს იყო და კორეელის გარდა, ყველას დამაჯერელად მოუგე.
- ჩემი აქტიურობით მეტოქე პასიური ხდება, რასაც მსაჯის მხრიდან მეტოქის გაფრთხილება მოსდევს. მერე ეს უკანასკნელი ჩქარობს მდგომარეობის გამოსწორებას და სიჩქარეში უფრო იოლად უშვებს შეცდომებს. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ეს სტილია ჩემს ტაქტიკურ არსენალში, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამან რამდენჯერმე გამიმართლა.

- მიმდინარე სეზონი, ალბათ, დამაკმაყოფილებლად ჩაგეთვლება, მით უფრო შარშანდელი ერთგვარი ჩავარდნის შემდეგ.
- შარშან ჩემი წარუმატებლობები დიდწილად საკუთარი ინიციატივით გადამეტებულმა ვარჯიშებმა განაპირობა. ვშიშობდი, თვითშემოქმედებით გამოწვეულ გამოფიტვას დიდი ხნით იძულებული პაუზა არ მოეტანა. საბედნიეროდ, უსიამოვნო პერიოდი მალე დასრულდა. მადლიერი ვარ ჩემი მწვრთნელების, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ შარშან საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავე და ნაკრებში ასპარეზობა არ მომიწევდა, ჩემი იმედი არ დაკარგეს და ჩეხეთის ტურნირზე საკუთარი სახსრებით გამგზავნეს. ორმაგად სასიხარულო იყო, რომ ნდობა გავამართლე. საერთაშორისო არენაზე შარშან მიღებული გამოცდილება, წლევანდელ წარმატებებში ძალიან წამადგა.

- პეტერ ზაიზენბახერმაც მოგაქცია ყურადღება და 19-20 ნოემბერს ამსტერდამში გრან-პრიზე საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ მიგიწვია.
- მინდა ნაკრების მთავარ მწვრთელს იმედი გავუმართლო და სამომავლოდ გუნდში ადგილიც დავიმკვიდრო. ცდას არ დავაკლებ, რომ კარიერა დიდებშიც წარმატებით გავაგრძელო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული