შიდა ქართლი საჭიდაოდ დაირაზმა

AutoSharing Option
ჩვენი ქვეყნის რეგიონები ძიუდოში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატისათვის ემზადებიან და საამისოდ შესარჩევ პირველობებს მართავენ.

ამ დღეებში შიდა ქართლელებმაც შეარჩიეს ქვეყნის უპირველესი შეჯიბრებისთვის ფალავნები. ტატამზე რეგიონის ოთხივე რაიონიდან ასამდე ძიუდოისტმა იჭიდავა. შიდა ქართლს კვოტით შვიდივე წონით კატეგორიაში ოთხ-ოთხი მონაწილის გამოყვანა შეუძლია.

აქაურები, საქართველოს ბოლო ორი წლის ჩემპიონატებით თუ ვიმსჯელებთ განსაკუთრებით კარგად მსუბუქ და საშუალო წონებში გამოიყურებიან. მაგალითად, შარშანწინ 73 კგ-ში, სამივე სინჯის მედლები სწორედ მათ ერგოთ.

შეჯიბრება დაემთხვა ჰოლანდიაში მიმდინარე გრან-პრის გათამაშებას, სადაც პეტერ ზაიზენბახერს გორიდან ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ახალგაზრდებში
წლევანდელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი (66) ჰყავდა წაყვანილი. რეგიონის გუნდში ამ ძიუდოისტთათვის ადგილი წინასწარ დაჯავშნულად გამოცხადდა და მათ წონებში შეჯიბრებაზე გამოვლენილ მხოლოდ სამ საუკეთესოს მიეცა ქვეყნის ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება. გაგაცნობთ საუკეთესო ოთხეულებს.

60 კგ. პაატა მერებაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გიუნაშვილი, ნიკა მშვიდობაძე; 66 კგ. ლაშა შავდათუაშვილი, ირაკლი ლომიძე, გიორგი ფერსაშვილი, გოჩა ვარძელაშვილი; 73 კგ. ზვიად ბაზანდარაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ნიკა გოგინაშვილი, გიორგი მაზიაშვილ; 81 კგ. დავით კარბელაშვილი, იოსებ ჩილინდრიშვილი, ჯუმბერ გიგაური, პაატა ღვინიაშვილი; 90 კგ. გიორგი ნოზაძე, გიორგი თათარაშვილი, კახა გაზაშვილი, სოსო გუზიტაშვილი; 100 კგ. გიორგი ბოლოთაშვილი, ილია მაჭავარიანი, გიგა თაყაძე, სერგო ბალიაშვილი; +100 კგ. უშანგი კოკაური, გიორგი კარიბოვი, იოსებ კარიბოვი, გიგა გელაშვილი.

გუნდში ყველა გორის ძიუდოს სკოლების აღზრდილია გიუნაშვილის, გაზაშვილის (ორივე-ქარელი) და ნოზაძის (ხაშური) გარდა.

შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი ფალავანიცაა, რომლებიც ჭაბუკთა და ახალგაზრდებს შორის ძიუდოსა და სამბოში ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორები და ქართულ ჭიდაობაში დიდებს შორის ქვეყნის ჩემპიონები არიან. შესაბამისად, მთავარ მწვრთნელებს (ანზორ თენაძე, ნიკო ბიბილაშვილი, ქართლოს პავლიაშვილი) შეგირდების შარშანდელზე უკეთ ასპარეზობის იმედი აქვთ. შეგახსენებთ, რომ შარშან შიდა ქართლელებმა ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

გუნდმა ორშაბათიდან გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში ათდღიანი მოსამზადებელი შეკრება დაიწყო, რის შემდეგაც ფალავნები ორიოდ დღით დაისვენებენ და 3 - 4 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატში ჩაებმებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული