ფეხზე წამოდგომა კი 90-იანი წლების შემდეგ მხოლოდ 2002 წელს ტიტულოვანი ადგილობრივი ფალავანის გია თენაძის მიერ კობა კურტანიძის სახელობის სკოლის შექმნით დაიწყო.
წინსვლა ეტაპობრივად გაგრძელდა და დღესაც წარმატებით მიმდინარეობს. სკოლის აღზრდილები წლეულს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულნი იყვნენ საქართველოში. სკოლას რამდენიმე წელია ანზორ თენაძე ხელმძღვანელობს, გია კი ჯერ ქალთა ნაკრების თავკაცი იყო, ხოლო ცოტა ხნის წინათ ჭაბუკთა გუნდიც ჩააბარეს. გორში "სპორტული ცენტრის" შექმნისთანავე კი მის ხელმძღვანელად დაინიშნა.
- ბატონო გია, პირველ
- 2011 წელი, 2010 წელთან შედარებით ნაყოფიერი იყო. ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში გვქონდა ისეთი წარმატება, უკეთესს ძნელად რომ ვინატრებდით. ბექა ღვინიაშვილი (81) ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია.
ბექა ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გია გუგავამ მსოფლიოს ჩემპიონატზეც წაიყვანა და იქ ბრინჯაოს მედალი ერგო. შეიძლება შეცდომაც იყო, რომ ბექას ახალგაზრდების ევროპა გამოვატოვებინეთ, თორემ მჯერა არც იქიდან დაბრუნდებოდა უმედლოდ.
ახალგაზრდულ ნაკრებში ყველაზე გამორჩეული იყო ლაშა შავდათუაშვილი (66 ). მისი წარმატებები ქვეყნის ჩემპიონატზე მოპოვებული ოქროს მედლით დაიწყო, კარგად გამოვიდა საერთაშორისო ტურნირებში, მოიგო ევროპის ჩემპიონატი, გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. ბოლოს მან ცოტა უკმაყოფილების გრძნობა დაგვიტოვა, როცა საქართველოს ჩემპიონატზე დიდებში მხოლოდ მესამე ადგილი იკმარა, მაგრამ არაუშავს მომავალი წინა აქვს.
- რა მონაცემებით გამოირჩევა ეს ორი ნიჭიერი მოჭიდავე?
- ღვინიაშვილი უაღრესად დიდი ფიზიკური შესაძლებლობების სპორტსმენია, რასაც კარგად უხამებს მდიდარ ტექნიკურ არსენალს. შავდათუაშვილი უფრო კლასიკურ, იაპონურ ძიუდოს ჭიდაობს, დინჯი, მოზომილი მოძრაობებით. იგი ფრთხილია და, მართალია, ქულებს უხვად არ მოიპოვებს, მაგრამ თავადაც არ კარგავს, ძნელად ეცემა ტატამზე. არიან სპორტსმენები, რომელთაც გამუდმებით უნდა უკიჟინო "ივარჯიშეო", შავდათუაშვილი და ღვინიაშვილი პირიქით, უნდა აიძულო, ვარჯიში შეწყვიტონ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რამე გაუთვალისწინებელმა (სერიოზულმა ტრავმამ და სხვ.) მიზეზმა შეაფერხოს მათი კარიერა. მერწმუნეთ, რომ ისინი უდაოდ დიდი სპორტსმენები გაიზრდებიან.
- რით ახსნით, ახალგაზრდებში მძიმე წონაში ზედიზედ საქართველოს სამგზის ჩემპიონის უშანგი კოკაურის საერთაშორისო არენაზე გამუდმებით ხელმოცარვას.
- ქვეყნის სამგზის ჩემპიონობა მან თითქმის ყველა შეხვედრის წმინდა მოიგებით მოიპოვა. მართალია, ზოგიერთ საერთაშორისო ტურნირზე კვარცხლბეკზეც ადის, მაგრამ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს. ადრე გორის დარბაზში თავის წონის სპარინგ-პარტნიორები არ ჰყავდა. ახლა ვითარება შეიცვალა. უცხოურ არენაზე ერთგვარად "შებოჭილია", თუმცა ეს არ არის გადაულახავი კომპლექსი. მის ასაკში კიდევ ერთი ძლიერი ძიუდოისტია - ლევან მატიაშვილი. თავაწეულები მოუყვებიან დიდ სპორტის გზას სახელოვანი მამების ღირსეული შვილები, ქუთაისელები როსტომ ხახალეიშვილი და გუგა კიბორძალიძე.
- უფროსი ასაკის გორელ ძიუდოისტებზე, რას იტყვით?
- საქართველოს წლევანდელ ჩემპიონატში მათ ერთი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. შედეგს ურიგო არ ეთქმის, მაგრამ დაუკმაყოფილებლობის გრძობა მაინც დაგვიტოვა, რადგან ბრინჯაოს პრიზიორებს ვაჟა მარგველაშვილს (60), პაატა ღვინიაშვილს და დავით კარბელაშვილს (ორივე - 81) ნამდვილად მეტი შეეძლოთ. ისინი კარგი მონაცემების სპორტსმენები არიან.
- ბევრს გაუკვირდა 73 კილოში ამ შეჯიბრებაზე ზვიად ბაზანდარაშვილი კვარცხლბეკს მიღმა რომ დარჩა.
- ეს ბიჭი ნამდვილი ფალავნის მონაცემებით ბუნებრივადაა დაჯილდოებული, შედეგიანად ჭიდაობს ძიუდოს, სამბოს, ქართულს, მაგრამ სამწუხაროდ, რეჟიმს ვერ იცავს. შეუსაბამოა მისი შედეგები და შესაძლებლობები. მწვრთნელებს რომ უჯერებდეს საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა.
- თუმცა ამ წონაში ლიდერი მაინც გორის წარმომადგენელია.
- დიახ, ეროვნულ გუნდში ფავორიტი ბაჩო ტატალაშვილია, რომელიც საქართველოს წლევანდელი ჩემპიონატიდან გათავისუფლებული იყო. იგი იმ მცირე ჯგუფშია, ვინც სრულად გაუძლო პეტერ ზაიზენბახერის საწვრთნელ რეჟიმს. ჩვენი ძიუდოისტები არ იყვნენ მიჩვეულები ასეთ ფიზიკურ დატვირთვებს. შეიძლება ავსტრიელს ერთი შეხედვით ძალიანაც გაუკვირდა ეს, ვინაიდან, ახლა ევროპაში დიდ ყურადღებას უთმობენ ფიტნესს და ძირითადად მკლავების ხარჯზე ჭიდაობენ. ასე, თუ ისე ტატალაშვილზე ნეგატიურად არ უმოქმედია ზაიზენბახერის სისტემას. მართალია, ბაჩოს წლეულს შარშანდელზე დაბალი შედეგი ჰქონდა გრან-პრიებზე, მაგრამ ვატყობ, აშკარად მოუმატა. ოლიმპიური ლიცენზიაც თითქმის მოპოვებული აქვს.
- ლიცენზიისათვის ბრძოლაში შავდათუაშვილიც ხომ არ ჩაებმება?
- შავდათუაშვილი ახლა გადავიდა დიდებში და იქ ჯერ მხოლოდ ერთხელ, ჰოლანდიის გრან-პრიზე იასპარეზა. მის წონაში ლიდერი ქარდავაა, რომელსაც დღესდღეობით ტრავმა აწუხებს. ახალი წლიდან ისიც იჭიდავებს ტურნირებზე და ალბათ კონკურენციაში გაირკვევა საუკეთესოს ვინაობა.
- როგორც ქალთა ნაკრების თავკაცი, კმაყოფილი თუ ხართ განვლილი სეზონით?
- ზოგადად თუ ავიღებთ, ჩვენი გოგონები უცხოეთის ტურნირებში ადრინდელთან შედარებით, პირველივე წამებზე აღარ აგებენ და ზოგჯერ დამაკმაყოფილებელ შედეგსაც აჩვენებენ, თუმცა ეს ჯერ არ კმარა. ერთი ოლიმპიური ლიცენზიის იმედი გვქონდა. ნინო ოძელაშვილის მომზადებაზე თანხებიც დაიხარჯა, საერთაშორისო შეჯიბრებებზეც არაერთხელ ვაასპარეზეთ, მაგრამ წინსვლა ძალიან უმნიშვნელო იყო. უფრო ნაყოფიერი შედეგისთვის ფაქტობრივად უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში უნდა ეცხოვრა და იქ ევარჯიშა, მაგრამ ლიცენზიის გარანტიას ამითაც ხომ ვერ მივიღებდით და ფინანსურადაც, რასაკვირველია, ძნელი იყო ასეთი რისკის გაწევა.
- ცოტა ხნის წინათ ძიუდოს ფედერაციამ ქალთა ნაკრებთან ერთად ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელადაც დაგნიშნათ.
-ჩემამდე გიორგი ვაზაგაშვილს საკმაოდ წარმატებული სეზონი ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ზაიზენბახერის თანაშემწე, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური აქტიურ სპორტში დასაბრუნებლად ვარჯიშს შეუდგა, დღის წესრიგში დადგა მისი ჩანაცვლების საკითხი. ამ პოსტზე განიხილეს ვაზაგაშვილის კანდიდატურა, რაც ყველამ საუკეთესო ვარიანტად მიიჩნია. მე კი ჭაბუკთა გუნდი ჩამაბარეს. რაც შეეხება სამომავლო იმედებს გეტყვით, რომ ჭაბუკების ნაკრებს ბექა ღვინიაშვილი ტოვებს. მისი დარი ტალანტები ყოველ სეზონში არ ჩნდებიან. ლიდერის ახალგაზრდებში გადასვლა ჩვენს გუნდს შეეტყობა, თუმცა თუ სწორი მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას შედეგი კვლავაც კარგი იქნება.
- წლეულს როგორ დაკომპლექტდება ნაკრები, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მიხედვით, თუ შარშანდელივით რესპუბლიკური ტურნირების შედეგებსაც გაითვალისწინებთ?
- ნაკრების დასაკომპლექტებლად ერთი თვის წინათ ტურნირი უკვე გავმართეთ გორში, იანვრის ბოლოს საგარეჯოში კიდევ ერთ შეჯიბრებას ჩავატარებთ, ბოლოს კი ქვეყნის პირველობაზე გამოვარკვევთ საუკეთესოებს. ნაკრები გაზაფხულზე, ანთალიაში გამოვა ევროპის თასზე, სადაც თითოეულ წონაში იმ ორ-ორი ძიუდოისტის ვინაობა გაირკვევა, რომლებიც ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
- ნაკრების მწვრთნელები ჭაბუკთა შორის ჩვენში გამართულ სხვადასხვა შეჯიბრებებს თუ ესწრებით ტალანტების აღმოსაჩენად.
- რასაკვირველია. სპორტის სამინისტროდან პირდაპირ მაქვს ასეთი დავალება, მეტიც, უნდა შემოვიაროთ რეგიონები და ჩავატაროთ ღია გაკვეთილებიც კი. შედგება მონაცემთა ბაზა. არ დაიკარგება პირველი მწვრთნელის ამაგი. გამოირიცხება ერთი და იგივე ჯგუფის ორ მწვრთნელზე მიწერა ხელფასისა და სხვა მიზეზთა გამო.
- არცთუ იშვიათად, შეჯიბრებების ორგანიზაციული დონე მოიკოჭლებს.
- ცუდია, რომ ასეთი შემთხვევები ხდება. რეგიონებიდან ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა გორშია. რაც დიდწილად ბატონი გურამ პაპიტაშვილის დამსახურებაა. იგი უაღრესად მოწესრიგებული და ძიუდოს წეს-ტრადიციების პატივისმცემელი კაცია.
- 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საასპარეზო ძიუდოისტთა ნაკრები უკვე დაკომპლექტდა, თქვენ მისი კურირებაც დაგევალათ.
- ის ძიუდოისტები, რომლებიც ამ ფორუმზე გამოვლენ ახლა 11-12 წლისანები არიან. ახლჩამოყალიბებულ ნაკრებს ნესტორ ხერგიანი, ბიძინა მოხევიშვილი და ირაკლი უზნაძე უხელმძღვანელებენ, კურირება კი მე იმიტომ დამევალა, რომ თუ იმ დროსაც ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ისევ ვიქნები, ფაქტობრივად ჩემი ხელმძღვანელობით მოუწევთ ასპარეზობა. ფედერაციის, სპორტის სამინისტროს და ყველა ჩვენგან დიდი სურვილია, რომ ოლიმპიურ ფესტივალზე ღირსეულად გამოვიდეთ.
დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"