რაც მან გააკეთა, მართლაც გმირობაა - ბიჭმა სულ რაღაც 8 თვეში გაიარა გზა ახალგაზრდული ნაკრებიდან ოლიმპიურ ჩემპიონობამდე.
ლაშამ უფროსთა ტურნირში პირველად შარშან ნოემბერში იჭიდავა, როცა მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობიდან დაბრუნებული მწვრთნელებმა გამოცდილების მისაღებად ამსტერდამის "დიდ პრიზზე" წაიყვანეს. მართალია, იქ მეორე შეხვედრაში იმ პოლონელ პაველ ზაგროდნიკთან დამარცხდა, რომელმაც 29 ივლისს ლონდონში ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მაგრამ იქიდან მოყოლებული, მოიგო
საამისოდ მას არც ადაპტაცია დასჭირვებია და ქართული ძიუდოს ისტორიაში, ამ ბრწყინვალე თანავარსკვლავედში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ეს წოდება დავით ხახალეიშვილს ჩამოართვა.
ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ შავდათუაშვილი არ დარჩება იმ ოლიმპიელთა სიაში, რომლებიც თამაშებზე გაიელვებენ და მერე უკვალოდ ქრებიან - საამისო ოპტიმიზმს მისი ტალანტი გვაძლევს. გვჯერა, როგორც აქამდე იშრომეს მისმა მწვრთნელებმა - გია და ანზორ თენაძეებმა, ნიკო ბიბილაშვილმა, ამიერიდან კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააგრძელებენ მუშაობას.
ალბათ, ამ 10 თვის წინათ ასეთ შედეგს ვერავინ იფიქრებდა, შავდათუაშვილმა კი ლონდონში მშვენიერი სტატისტიკა დადო - 5-დან 4 შეხვედრა იპონით დაასრულა და მხოლოდ ფინალში დასჯერდა ქულებით მოგებას. თან უძლიერეს ბადეში მოხვდა - იაპონელის და ისიც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მასაში ებინუმას მხარეს. ფინალშიც გამოცდილსა და მასზე მთელი 11 წლით უფროს მეტოქეს შეხვდა, უნგრელ ევროპის ორგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს სამგზის მედალოსან მიკლოშ უნგვარის, თუმცა მანამდეც ანგარიშგასაწევი მეტოქეები დაამარცხა - ფრანგი დავიდ ლაროსე და მასპინძელი კოლინ ოუტსი (ფოტორეპორტაჟი), რომელმაც მანამდე მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ხაშბაატარ ცაგანბაატარი დაამარცხა.
მეტოქეთაგან "დაბალი ღობე" მხოლოდ ჩილელი ალეხანდრო სუნიგა იყო და მასთან დაგეგმილი იპონიც უპრობლემოდ მიითვალა (ფოტორეპორტაჟი).
მთლიანობაში ჩვენებური ისე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ქულაც არ დაუკარგავს, გაფრთხილებაც არ მიუღია! ასეთი წარმატება იშვიათია!
შავდათუაშვილმა ტურნირზე გონივრულად, დაკვირვებით იჭიდავა. იაპონელთან ასეთ გახსნილ, შემტევ, აგრესიულ სტილს, ალბათ, არავინ ელოდა. უფრო პირიქით გვეგონა, ფრთხილად იასპარეზებდა, რადგან ღია შეტევა გარკვეულ რისკსაც შეიცავს, მაგრამ ლაშამ იჭიდავა დაკვირვებით და არა შიშით. შედეგად, გარდა იმისა, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონი იაპონელი მუდმივად წნეხში ჰყავდა, ერთი მცირე შანსიც არ მიუცია მისთვის (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი).
ასე გაბითურებულ იაპონელს იშვიათად თუ ნახავთ ტატამზე. არადა, ის რომ ურიგო მოჭიდავე არაა, ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც დაამტკიცა, როცა ზაგროდნიკი ქრესტომათიული ფანდით დააიპონა.
ლაშამ ებინუმასთან ჩატარებული გდებით ქართული ჭიდაობაც გააბრწყინა. სხვათა შორის, ეს ჩაწოლილი უკუგდება რამდენჯერმე ვერ გამოიყენა და ვაითუ ამას წამოჰგებოდა, მაგრამ, ეტყობა, კარგად აქვს დამუშავებული - საბოლოოდ იმდენად კარგად შეასრულა, მასზე შეჩერებას ვერაფრით ვუწოდებთ გაუმართლებელ საქციელს.
ებინუმასთან ჩვენებურმა იმდენად ძლიერად და დამაჯერებლად იჭიდავა, რომ აშკარა იყო - ფინალში უნგრელთან თუ თავს მოთოკავდა და ასევე იასპარეზებდა, მასაც დაამარცხებდა.
სხვათა შორის, ამ ნახევარფინალის შემდეგ სახელოვანმა ვეტერანმა, თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა გურამ საღარაძემ დამირეკა; მომილოცა, ჩვენი ოლიმპიადისწინა საუბარი გამახსენა, როცა იმაზე ვბჭობდით, რამდენ ოქროს და დანარჩენი ხარისხის რამდენ მედალს მოვიპოვებდით ბრიტანეთში და დაჯერებით მითხრა, ფინალსაც მოიგებს შავდათუაშვილი, ისეთი მაგარი ბიჭი ყოფილაო.
მსოფლიოს ჩემპიონს აუსრულდა კიდეც, რადგან გორელმა ფალავანმა ფინალშიც ტაქტიკურად სწორად იჭიდავა. უნგრელი მასზე მაღალია და თან ძალიან მოძრავი, ტატამზე მუდამ რომ დარბის, ირგვლივ გირბენს და ასე ცდილობს, წონასწორობიდან გამოგიყვანოს.
შავდათუაშვილმა მეტ-ნაკლებად მოახერხა ახლო დისტანციაზე მისი "დაბმა" და მჭიდრო, კონტაქტური ჭიდაობა, რითაც სამოძრაო სივრცე შეუზღუდა, ანუ მთავარი კოზირი გამოაცალა ხელიდან. ამ შეხვედრაში ქართველს ბოლოს ცოტა დაღლაც დაეტყო, თუმცა სისწრაფე, შემტევი სტილი არ დაუკარგავს. თან, ტაქტიკურად იმდენად სწორად იჭიდავა, უნგრელს შანსი არ მისცა (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი).
ნაკლები დღე არც ფრანგსა (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი) და ბრიტანელს აყარა, რომლებიც დამატებით დროში დააიპონა. ოუტსტან მას ვაზარი გაუუქმეს, მაგრამ აჯობებდა, დაეტოვებინათ, რადგან დამატებითში ბეჭებზე დააგდო.
შავდათუაშვილს ყოველთვის მტკიცე ნერვების პატრონად მოიხსენიებდნენ და ოლიმპიადაზე ეს კარგი თვისებაც გამოავლინა.
მის ტურნირებს ხშირად არ დავსწრებივარ, მაგრამ ერთადერთხელ მახსოვს ანერვიულებული, როცა შარშან მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე კორეელ დონგკიო ლეესთან რაღაც გაუგებარი გაფრთხილებით წააგებინეს - მაშინ ღიად გამოხატა პროტესტი, თორემ ისე ჩუმი და მშრომელი ბიჭია.
ფედერაციაში მას ხშირად ადარებდნენ ახალგაზრდული ნაკრების სხვა წევრებს და, ხასიათიდან გამომდინარე, წარმატებას უფრო ამას უწინასწარმეტყველებდნენ. მწვრთნელი რასაც ეტყვის, იმას არ გადავაო, ამბობდნენ და ასეთი მიდგომის შედეგიც გამოჩნდა.
იმედია, ახალგაზრდა ტალანტი კვლავაც არაერთხელ გაგვახარებს. ის ქართული ძიუდოს ისტორიაში მეექვსე ოლიმპიური ჩემპიონია შოთა ჩოჩიშვილის, შოთა ხაბარელის, დავით ხახალეიშვილის, ზურაბ ზვიადაურისა და ირაკლი ცირეკიძის შემდეგ (იხილეთ ვიდეო).
სპეციალისტის კომენტარი
გია თენაძე (მწვრთნელი):
"შუკვანისგან ყველა მეტს ველოდით, მაგრამ ოლიმპიადა სხვა რამეა და, ალბათ, ამ ბიჭსაც ასე დაემართა - ზედმეტი ემოციებისგან გადაიღალა, უმნიშვნელო შეცდომა წაგებად დაუჯდა, თორემ დარწმუნებული ვარ, კარგად იჭიდავებდა.
შავდათუაშვილის ყოველთვის მჯეროდა. ოქროს დაგეგმვა და ისიც ასეთ ტურნირზე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ვიმედოვნებდი, რომ მედალს აიღებდა. ლაშამ ამ იმედს გადააჭარბა.
შარშანდელის შემდეგ ის ყოველდღიურად იზრდებოდა და პრაქტიკულად, ბოლო ორ სეზონში არ წაუგია - ახალგაზრდულ მსოფლიოზე მსაჯებმა გაუგებარი გაფრთხილებით წააგებინეს.
წლევანდელ ევროპაზე, ჩელიაბინსკში კი, მსაჯებმა დაჩაგრეს რუს ალიმ გადანოვთან, თორემ ამ ორ სეზონში ყველაფერი მოიგო.
ლონდონში წარმატებას მან, უპირველესად, დიდი შრომისმოყვარეობით მიაღწია, რაც ნებისმიერი წარმატების საწყისია, რასაც ქართული ჟინი, გამარჯვების სურვილიც დაემატა.
იაპონელი გააჩერა, გააშეშა, მცირე შანსიც არ მისცა, ერთი შესვლაც არ გააკეთებინა. თან ის იაპონელიც ტიტულოვანი და გადაბერებულიც არ არის; პირიქით - ახალგაზრდაა, მაგრამ შავდათუაშვილმა ყველა ასპექტში დაჯაბნა. მთელ საქართველოს ვულოცავ ამ წარმატებას".
ლონდონი 2012. ძიუდო
კვარცხლბეკი. ვაჟები
66 კგ. 1. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), 2. მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი), 3. მასაში ებინუმა (იაპონია), ჯუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა).
კვარცხლბეკი. ქალები
52 კგ. 1. კუმ აე ანი (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა), 2. იანეტ ბერმოუ აკოსტა (კუბა), 3. როსაბლა ფორსინიტი (იტალია), პრისცილა გნეტო (საფრანგეთი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"