უცხოელები და ქართული მენტალიტეტი - რით განსხვავდება მწვრთნელი ოქრომჭედლისგან

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიადაზე ორი ქართული ნაკრები წარსდგა უცხოელი მწვრთნელით - ძიუდოისტებს ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი უყურებდა, მშვილდოსან ქრისტინე ესებუას კი კორეელი ან ჰეიუნგ სეუნგი წვრთნიდა.

ზაიზენბახერს აგვისტოს ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი და ჯერჯერობით როგორც ფედერაციასა თუ ოლიმპიურ კომიტეტში ამბობენ, მასთან თანამშრომლობის განახლება არ იგეგმება. კორეელს კი ხელშეკრულება 15 აგვისტოს დაუმთავრდა, თუმცა ფედერაცია მას უკვე შეუთანხმდა ახალ პირობებზე.

კორეელი ოქტომბრამდე დაისვენებს, მერე კი თბილისში ჩამოვა, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს და საქმესაც შეუდგება.

როგორც ფედერაციაში გვითხრეს, მასთან აუცილებლად მიაღწევენ შეთანხმებას, რომ საქართველოს პირველობას ისე აგდებულად აღარ
მოეკიდოს, რაც მაისში ჩვენთან საუბარში დააფიქსირა, - ეს ტურნირი ნაკრების გეგმებში არ შედიოდა და ჩემთვის მნიშვნელოვანი არააო.

ფედერაციაში ასევე გვითხრეს, რომ მის გამოცდილებას აუცილებლად გამოიყენებენ ადგილობრივი მწვრთნელების გადასამზადებლად, მშვილდოსნობის განვითარებისთვის და, იმედია, სიტყვასაც შეასრულებენ.

კორეელისგან განსხვავებით, როგორც გვაიმედებენ, ზაიზენბახერი საქართველოსთვის უკვე წარსულია, თუმცა არ გამოვრიცხავთ, სამომავლოდ ისევ შესთავაზონ თანამშრომლობა.

ჩვენი ინფორმაციით, მას რამდენიმე მიწვევა აქვს - აფრიკაში, აზერბაიჯანში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, არგენტინაში... იქნებ მსურველები კიდევ იყვნენ, მაგრამ ჩამოთვლილთაგან მშობლიურ ავსტრიას უარი უთხრა.

აფრიკაში მუშაობას მას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია სთავაზობს, სადაც სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე, ადგილობრივ მწვრთნელთა მომზადებაზე იზრუნებს, თუმცა, როგორც ჩვენს ფედერაციაში ამბობენ, ყველაზე რეალური აზერბაიჯანის ვარიანტია.

თუ აზერბაიჯანულ პრესას დავუჯერებთ, აგიარ ახუნდზადეს წყალი შეუდგა, რაც სულაც არაა გასაკვირი - იქაურებმა ლონდონში მედალი არათუ ვერ მოიპოვეს, დამამშვიდებლის ფინალშიც კი ვერავინ გავიდა.

არადა, გუნდში ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები ჰყავდათ. ცხადია, ასეთი შედეგი ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებდათ, თუმცა ჯერჯერობით ახუნდზადეც მაგრად დგას და იქით გადადის შეტევაზე...

ბაქოში თურმე აქტიურად განიხილავდნენ იტალიელი ეციო გამბას კანდიდატურასაც, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოსკოვის ოლიმპიადის გამარჯვებულმა რუსეთს ლონდონში 3 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო, ანუ 7-დან 5 მედალი მოუტანა, ცხადია, არსად გაუშვეს - ახალი, ადრინდელზე ბევრად უკეთესი და გაზრდილხელფასიანი კონტრაქტი ციმციმ აახლეს და მომავალ თამაშებამდე დაიტოვეს. ასე დარჩა ქართველთა ავსტრიელი დამრიგებელი აზერბაიჯანელთა უალტერნატივო ლიდერად.

საქართველოდან წასვლის წინ ზაიზენბახერმა განაცხადა, რომ ის ჩვენთან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის რეკომენდაციით დაინიშნა.

არადა, ამ თემაზე საუბრისას ადრე გვეუბნებოდნენ, ვიზერმა კი არ შემოგვთავაზა, ჩვენ ჩავაყენეთ საქმის კურსში, ამის მოწვევას რომ ვაპირებდითო! ავსტრიელის ამ განცხადების შემდეგ კიდევ უფრო თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რასაც აქამდეც ვწერდით - მისი კანდიდატურა ვიზერმა შემოგვაჩეჩა, როგორც თავისი მეგობარი.

ვფიქრობ, ახლა ისიც ცხადია, რატომ გაუგრძელეს მას კონტრაქტი დღემდე და თუნდაც მსოფლიოს შარშანდელი პირველობის შემდეგ არ გაუშვეს. ახლა ისიც გასაგებია, შარშან სეოკ-ის ოფისის საზეიმო გახსნის ცერემონიალზე მოწვეული ვიზერი რატომ მონაწილეობდა მწვრთნელის შეცვლის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში, როცა შოთა ხაბარელს შესთავაზეს ვიზერის შეცვლა, მაგრამ მერე ისევ გადაიფიქრეს და ზაიზენბახერი დატოვეს.

დღეს ერთ ეჭვსაც დავაფიქსირებ, რაც აქამდე არ დამიწერია, თუმცა სპორტის მაღალჩინოსნებთან უშუალო კამათში არ დამიმალავს - ვეჭვობ, ვიზერი ზაიზენბახერის დატოვების სანაცვლოდ ნაკრების დაფინანსებაშიც მონაწილეობდა.

სხვათა შორის, ეს ეჭვი დიდად არც იმ მაღალჩინოსნებს გაუპროტესტებიათ. ცხადია, ფულს თუ მოგცემს ვინმე, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ გააჩნია, რას ითხოვენ სანაცვლოდ. თუმცა, ვიმეორებთ - ეს მხოლოდ პირადი ვარაუდია და არავის ვაძალებთ მის დაჯერებას.

აქვე იმასაც ვიტყვით, რომ არც უცხოელთა მოწვევის წინააღმდეგნი ვართ - აგერ ბატონო, ვეთანხმებით კორეელის დატოვებას მშვილდოსნობაში, ოღონდ ის მოწვეული ადგილობრივზე მეტი უნდა იყოს, ანუ გამბას ვარიანტს ვგულისხმობთ; თან აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ ადგილობრივი პირველობის, ჩვენი ქვეყნის მეტი პატივისცემა.

საუბედუროდ, ჩვენც იმ ქვეყნებში ვართ, რომლებსაც დასავლური სამყარო საცდელ ობიექტებად აღიქვამს. ამ მითის გაქარწყლება კი ჩვენსავე ხელთაა და ჩვენი უპირველესი მოვალეობაა.

რით განსხვავდება მწვრთნელი ოქრომჭედლისგან

ვფიქრობთ, მწვრთნელის შერჩევისას მის ტიტულებზე არანაკლებ პიროვნული თვისებებიც უნდა გავითვალისწინოთ.

მაგალითად, იგივე ზაიზენბახერი ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ სწორედ ხასიათიდან გამომდინარე, მაინც გაუჭირდა შეგირდებთან ურთიერთობის აწყობა.

ის უფრო ამპარტავანის შთაბეჭდილებას ტოვებდა; კორეელი კი მკაცრია, მყვირალა, მომენტებში - ხისტი და უხეშიც.

იმდენად მკაცრი, რომ დასაწყისში ქალებს თურმე ხელითაც კი შეეხო. ამასთან, ის არც უშუალო ურთიერთობებით და გულღიაობით გამოირჩევა - სპორტსმენებთან მისი მთელი ურთიერთობა ვარჯიშებით შემოიფარგლება, ნაკრები ყაზარმული ცხოვრებით ვარჯიშობს, მაგრამ ამის მიუხედავად, შეგირდებს მაინც სჯერათ მისი (ცხადია, გამონაკლისების გარდა), როგორც პროფესიონალისა და ამიტომ ეგუებიან მის სიმკაცრეს.

ამ თემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მენტალიტეტი. ბუნებრივია, პროფესიონალიზმი აუცილებელია; არადა, ჩვენ ეს საკმაოდ გვაკლია, მაგრამ ამ თვალსაზრისით ძალზე საინტერესოა იმავე ავსტრიელის და კორეელის შედარება.

ზაიზენბახერის მიდგომა ასეთი იყო: მე ვავალებ, მან კი უნდა შეასრულოს, პროფესიონალს ზედმეტი მითითება არ უნდა სჭირდებოდეს; ის არ იყვირებდა, არ დააძალებდა, რადგან მოქმედებდა "თუ არ ივარჯიშებთ, თქვენ დაგაკლდებათ" პრინციპით. კორეელი კი, თუ ხედავს, მის ნათქვამს არ ასრულებენ, ყვირის, ჩხუბობს, ხელით ეხება და აიძულებს, ისე გააკეთონ, როგორც დაავალა.

ის რკინისებური დისციპლინის მიმდევარია და შედეგიც დადო მსოფლიოს პირველობაზე, როცა ესებუას ვერცხლი მოაპოვებინა.

საერთოდ, თუ წინა წლების გამოცდილებას გადავხედავთ, საქართველოში შედეგს უფრო იმ მწვრთნელებმა მიაღწიეს, რომლებიც ჩვენნაირი სამხრეთული მენტალიტეტის ქვეყნებიდან არიან ან გულით მიიღეს საქართველო - ხორვატი ივო შუშაკი, სერბი იგორ კოკოშკოვი, ზელანდიელი მილტონ ჰეიგი...

წარმატებულები იყვნენ ჩრდილოეთიდანაც, თანაც დასავლური სამყაროდან მოსულებიც - ფრანგი კლოდ სორელი, შოტლანდიელი რიჩი დიქსონი, მაგრამ ისინიც ახლოს მოვიდნენ ქართველებთან, რაც ასე აკლდათ "ჯორჯიან მენტალიტეტზე" ხმამაღლა მოლაპარაკე "მყვირალა ჰოლანდიელ" იოჰან ბოსკამპს და ამ კატეგორიის ალექსანდრ შტელინებს... ალბათ, ამიტომაც ვერ მიაღწიეს შედეგს...

ცხადია, გამონაკლისები ყველგან არიან და წარმატებულ თუ ხელმოცარულ მწვრთნელთა სწორხაზოვან სიას ვერც ჩვენ დავდებთ, მაგრამ ამ თემაზე საუბრისას ფრიად საინტერესო რამ მითხრა აწგარდაცვლილმა მესტენდურმა თემურ მატოიანმა.

მას მწვრთნელად ბევრგან უმუშავია - ევროპაში, აზიაში, ქრისტიანებთან, მუსულმანებთან, მართლმადიდებლებთან, კათოლიკეებთან, შიიტებთან, სუნიტებთან, ინდუსებთან და ყველგან წარმატებით...

მის ხელში კვიპროსის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა, ბერძნებსაც მოაპოვებინა მედლები, ქუვეითელებსაც და ინდოელებსაც, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება ქუვეითში ჰქონდა, სადაც აბდულაჰ ალრაშიდი 1995-98 წლებში ზედიზედ სამჯერ გახადა მსოფლიოს ჩემპიონი (1996-ში ოლიმპიადის გამო ეს ტურნირი არ ჩატარდა).

ქუვეითში მისი ჩასვლისას ალრაშიდი უკვე ამოსული ვარსკვლავი იყო, მაგრამ როგორც ტალანტთა უმრავლესობა - თავნება, ჭირვეული და მოურჯულებელი. ის არად დაგიდევდათ მწვრთნელთა მითითებებს, ალმაცერად უყურებდა მათ და საკუთარი გეგმით ვარჯიშს მოითხოვდა. ცხადია, მან მატოიანსაც წაუყენა პირობები.

მუნჯის ენა დედამ იცისო და ამას კორეელივით ყვირილი არ დაუწყია, "გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება ვნებასას" პრინციპით მოქმედებდა და ალრაშიდს მშვიდად უპასუხა, მე თუ დამიჯერებ, მოიგებ, შენით თუ ივარჯიშებ, წააგებო.

ალრაშიდი ჭირვეული იყო, მაგრამ არა სულელი - დროთა განმავლობაში იმანაც დაინახა, რომ როცა დაუჯერა, მოიგო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი წააგო და მიხვდა, მის რჩევებს უნდა მიჰყოლოდა.

ასე თანდათან აიძულა მატოიანმა, დაეჯერებინა მისთვის და გახადა კიდეც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. წარმოიდგინეთ, მასაც რომ ცხვირი აებზუებინა ქუვეითელისთვის, მე ასეთი წარმატებული მწვრთნელი ვარ, შენ კიდევ ვინ მყავხარო, რას მიაღწევდა ალრაშიდი! მატოიანს ისიც ვკითხე, ამდენ განსხვავებულ ხალხში როგორ ახერხებდით ცხოვრებას, შეგუებას და წარმატების მოპოვებას-მეთქი.

მიპასუხა, სადაც ჩახვალ, უნდა ეცადო, იქაურობას მოერგო და არა ისინი შეცვალო და გადმოიყვანო შენს ჭკუაზეო... ვფიქრობთ, სწორი პოზიციაა და ზუსტი პასუხიც კითხვაზე, რატომ მიაღწიეს წარმატებებს "გაქართველებულმა" უცხოელებმა და რატომ ვერა - "ჯორჯიან მენტალიტეტზე" ხმამაღლა მყვირალებმა.

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ მწვრთნელი პედაგოგიც უნდა იყოს. ამაზე ოლიმპიადის დღეებში საინტერესო მაგალითი მოგვითხრო საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთმა დამაარსებელმა გურამ პაპიტაშვილმა: "ერთხელ შოთა ჩოჩიშვილს ვუთხარი, მე შენგან ისევე უნდა გამოვძერწო ჩემპიონი, როგორც ოქრომჭედელმა უნდა გამოჭედოს ზოდისგან ნივთი-მეთქი.

ოღონდ ის თუ შეცდება, გადააკეთებს ნაკეთობას, მე კი რამე თუ შემეშლება, იმას ვეღარ გამოვასწორებ. ამით განსხვავდება მწვრთნელი ოქრომჭედლისგან".

მგონი, ამ ჭკვიანურ ნათქვამს კომენტარი არ სჭირდება.

არჩევნები ფედერაციაში
იმედია, ზაიზენბახერი ჩვენს იქით იპოვის თავის გზას, მაგრამ საკითხავია, ვინ დაინიშნება საქართველოს ნაკრებში? თავის დროზე ავსტრიელის შემცვლელად გიორგი ვაზაგაშვილს მოიაზრებდნენ და ნაკრებში მიყვანის ერთ-ერთი იდეა მისი გამოცდა იყო - თუ გაამართლებდა, სამწვრთნელო კადრი ნაპოვნი იქნებოდა.

დღეს კიდევ რამდენიმე კანდიდატურას ასახელებენ, თუმცა ეს ამბავი პირდაპირ კავშირშია ფედერაციაში ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებთან.

ჯერჯერობით ძიუდოს ფედერაცია ერთადერთია, სადაც კარტები გაიხსნა - მწვრთნელი ხომ შეიცვალა, პრეზიდენტ გიორგი ალექსიძის წასვლაც ოფიციალურად გაცხადდა.

ამდენად, ამ ფედერაციაში ახალი ხელისუფლების მოსვლა გარდაუვალია. ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატები ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა კულუარებში შოთა ჩოჩელს ასახელებენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩოჩელი ოლიმპიადის წინ საპატიო პრეზიდენტად მიიყვანეს, ეს ხმები არცთუ უსაფუძვლოა. თუ ეს ვარიანტი განხორციელდა, საინტერესო როქი გამოვა - ოლიმპიური კომიტეტის კადრ ალექსიძეს გავლენიანი ფიგურა შეცვლის!

ფედერაციაში არჩევნების ჩატარება აღმასკომზეა დამოკიდებული - მან უნდა დანიშნოს თარიღი. ვარაუდობენ, რომ აღმასკომის სხდომა ამ კვირაში ჩაატარონ, თუმცა აგვისტო შვებულებების პერიოდია, ყველა გასულია ქალაქიდან და არის საშიშროება, ქვორუმი არ შეიკრიბოს. ამ შემთხვევაში სხდომა გადაიდება.

უცხოელები მიდიან და რჩებიან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეტერ ზაიზენბახერი და გიორგი ალექსიძე თანამდებობებიდან მიდიან [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული