"ლელოს" სტუმარი ლაშა შავდათუაშვილი - სტიქაროსანი ჩემპიონი

AutoSharing Option
საჭიდაოდ გასვლისას კიმონოს ჯვარს გადასახავდა და უფლის იმედი ჰქონდა... ღვთის რწმენა კი მყარადაა გამჯდარი მასში - სპორტისგან თავისუფალ დროს მშობლიური კარალეთის წმინდა სამების ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობს.

ამიტომ სჯეროდა ოლიმპიადაზე მიმავალს უფლის შემწეობისა და ამიტომ მიიჩნევს ამ სასწაულებრივ გამარჯვებას ღმერთის საჩუქრად.

"ლელოს" სტუმარია ქართული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც რედაქციაში პირად მწვრთნელებთან - ანზორ თენაძესა და ნიკო ბიბილაშვილთან ერთად გვესტუმრა.

ცხადია, საუბრის უმეტესი ნაწილი ოლიმპიურ თამაშებს დაეთმო, 20 წლის ჩემპიონმა კი ლონდონში ნაჩვენები შესაშური ჭიდაობის შემდეგ მრავალნანახი
კაცისთვის შესაფერი, საქმიანი მსჯელობით და თავმდაბლობით მომგვხიბლა... იმედია, მას კვალავაც არაერთხელ ვიხილავთ საჩემპიონო კვარცხლბეკზე და მრავალჯერ გავიხარებთ მისი წარმატებით.

- ლაშა, როგორია ცხოვრება ოლიმპიური ჩემპიონის რანგში, რა შეგრძნებაა ამხელა მწვერვალზე დგომა?
- დიდი მადლობა ჩემს ყველა ქომაგს, მთელ საქართველოს - სრულად აქ ჩამოსვლის შემდეგ გავიაზრე, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, იმდენი სიყვარული, იმდენი სითბო და გახარებული თვალები ვნახე. აბსოლუტურად ყველას უხარია ეს წარმატება...

ახლახან მე და რევაზ ლაშხი ბათუმში მიგვიწვიეს "ვერის უბნის მელოდიებზე". იქ ორი პატარა ბიჭი მოვიდა, ძმები ყოფილან და გვითხრეს, სახლში სულ ვჭიდაობთ ერთმანეთში, ერთი შავდათუაშვილი ვართ, მეორე - ლაშხიო.

ძალიან მიხარია ასეთი დახვედრა, ასეთი განწყობა... როცა ლონდონში ფინალი მოვიგე, იმას კი ვფიქრობდი, რომ ასე ადრეულ ასაკში ასეთი მიღწევა იშვიათია, მაგრამ ამ წარმატების რეალურ მნიშვნელობას საქართველოში მივხვდი.

ოლიმპიადამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობაც კი არ მქონდა მიღებული, ეროვნულ ნაკრებში სულ რაღაც ხუთი თვის გადასული ვიყავი და ამიტომ ძნელი იყო ამხელა შედეგზე ფიქრი.

ახალგაზრდულში რაგინდ წარმატებული სპორტსმენი იყო, უფროსთა ნაკრები მაინც სულ სხვაა, ბევრად სერიოზული წინააღმდეგობაა და ბევრად რთულია აქ ჭიდაობა.

ვფიქრობდი, 1-2 წელიწადი კიდევ დამჭირდება შედეგის მოსაპოვებლად-მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოვიდა. ჯერ ლიცენზია მოვიპოვე შედარებით მალე, ხუთ თვეში... სხვათა შორის, სალიცენზიო ტურნირებში ნაჭიდავებიც არ მქონდა, ჩვენი ფედერაციის პრესსამსახურის უფროსმა ზურაბ უსუფაშვილმა რომ შემაგულიანა, საგზურის აღება ძალიან იოლიაო და დამისახელა ოლიმპიადაზე წარმატებით ნაჭიდავები ჩემსავით ახალგაზრდა უცხოელი ფალავნები.

ვუსმენდი და ვფიქრობდი, სათქმელად იოლია, მაგრამ როგორი გასაკეთებელია-მეთქი. მაშინ საგზურის მოპოვება რთულ საქმედ მეჩვენებოდა.

მით უფრო, თითოეული შეჯიბრება, თითოეული ორთაბრძოლა წყვეტდა ლიცენზიის ბედს - ბევრი ტურნირი აღარ რჩებოდა და წაგების უფლება არ მქონდა, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად აეწყო და საგზურის მოპოვება მოსალოდნელზე ცოტა უფრო იოლი აღმოჩნდა.

- როგორ ფიქრობთ, უფროსებში ასე ახალგადასულს მეტოქეები კარგად გიცნობდნენ?
- ვფიქრობ, არ მიცნობდნენ, თუმცა ბევრთან ნაჭიდავები ვიყავი. მგონი, მათთვის ხელწამოსაკრავი არც მაშინ ვიყავი, ძირს არ მიგორავია.

მოგვიანებით ავსტრიაში გავიარე შეკრება და ვირწმუნე, რომ რაღაც შემეძლო. ეს რწმენა კიდევ უფრო გამიმყარა თბილისის თასის მოგებამ და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლამ.

იქ მსაჯებმა წამაგებინეს მეოთხედფინალში, თუმცა ამაში უფრო თავს ვიდანაშაულებ - მასპინძელს რომ მიემხრობოდნენ და არა მე, კი ვიცოდი და ვემზადებოდი ამისთვის, მაგრამ მაინც წავაგე. თუმცა ამანაც მომცა საკუთარი თავის რწმენა.

საერთოდ, შეჯიბრებაზე მიმავალმა მედალი წინასწარ არ უნდა დაგეგმო. მთავარია, შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინო და შენი ჭიდაობა იჭიდაო. თუ ამას შეძლებ, მაშინ წარმატება აუცილებლად მოვა.

შეხვედრაზე გასვლისას არ უნდა იფიქრო მოწინააღმდეგის ტიტულებზე; იმაზე, ვინ დგას შენს წინ, რამდენად ძლიერი და წარმატებული სპორტსმენია. ოლიმპიადაზეც ამ პრინციპით ვმოქმედებდი და აქტიურობა, ის შემტევი სტილიც აქედან გამომდინარეობდა. როცა მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევ, ეს სერიოზული უპირატესობაა.

მოწინააღმდეგეებიდან ზოგი იქნებ ფიზიკურად ძლიერი იყო, მაგრამ ჩემი სწრაფი ჭიდაობის გამო ვერ ასწრებდნენ ილეთის მომზადებას, ფიქრის საშუალება არ ჰქონდათ. მათთვის ფიქრი რომ მეცლია, მაშინ იმ შეხვედრებს ვერ მოვიგებდი.

- გიორგი ვაზაგაშვილი ტრიბუნიდან აქტიურად გქომაგობდათ. თუ გესმოდათ მისი ან პეტერ ზაიზენბახერის ხმა?
- მწვრთნელმა რაც უნდა გითხრას გარედან, შენ თუ არ ხარ მზად ჩემპიონობისთვის, ის ვერ შემოვა ტატამზე და შენს ნაცვლად ევრ იჭიდავებს. ინგლისური არ ვიცი, მაგრამ ზაიზენბახერი მამხნევებდა, როგორც შეეძლო, ვაზაგაშვილის ხმა კი კარგად მესმოდა და ვითვალისწინებდი. მან წინა დღესაც კარგად განმაწყო.

- ტურნირის დღეს თქვენი განწყობა როგორი იყო? საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდით...
- ჩემპიონობაზე წინასწარ არ უნდა იფიქრო. შენი გასაკეთებელი და დასამტკიცებელი შეჯიბრების დღეს უნდა დაამტკიცო. გამარჯვებაზე ან პრემიებზე წინასწარ თუ იფიქრებ, ეს ცუდად იმოქმედებს შენზე. ტურნირის დღე აბსოლუტურად განსხვავდება სხვებისგან.

- თქვენთვის როგორი დღე იყო 29 ივლისი?
- აბსოლუტურად მშვიდი. ასე მშვიდად სხვა შეჯიბრებებზე არ ვყოფილვარ. ერთი კი იყო, ჩაცმამდე კიმონოს ჯვარს გარდავსახავდი და ღმერთს შემწეობას ვთხოვდი. არ ვფიქრობდი მეტოქეთა ტიტულებზე, რადგან ვინც უნდა იყოს მოწინააღმდეგე, მასაც შენსავით ორი ხელი აქვს და ორი ფეხი.

- ფინალის წინ რა დავალება მოგცეს მწვრთნელებმა, როგორ უნდა გეჭიდავათ მიკლოშ უნგვარისთან?
- კონკრეტული დავალება არავის მოუცია და არც ურჩევია, ასეთ სტილში იჭიდავეო. მეუბნებოდნენ, რომ არ მეფიქრა ჩემპიონობაზე და როგორც სხვა შეხვედრებში, იქაც ისე მეჭიდავა და შესაძლებლობები ბოლომდე გამომევლინა.

საჭიდაო გეგმა წინასწარ არ უნდა დაალაგო, თორემ მერე რაღაც რომ არ გამოგივიდეს, ფსიქოლოგიურად ტყდები და მობილიზება ძნელია. ფინალის წინ ვიფიქრე, რომ თავიდანვე უნდა გამომევლინა შემართება და უნგვარისთვის არაფერი დამეთმო, თორემ გამიჭირდებოდა.

1-2 ეპიზოდში მართლაც რომ არ დავუთმე და ძალა ვაჩვენე, შევატყვე, გატყდა. ყველასთან ასეა - თავიდან თუ არაფერს დაუთმობ და არ აგრძნობინებ ძალას, მეტი შემართებით წამოვა.

- ნახევარფინალში იაპონელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მასაში ებინუმას მოუგეთ. იცნობდით მას, იყავით ნაჭიდავები?
- არა, არ მქონდა ნაჭიდავები. მოსამზადებელ ციკლში იაპონიაში რამდენჯერმე ვიყავით შეკრებაზე, ისიც ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ სპარინგებზე არ მეჭიდავებოდა.

- თქვენს ბავშვობაზეც ვისაუბროთ - როგორ დაიწყო გზა ოლიმპიურ ჩემპიონობამდე, რასაც დიდი სიძნელეებიც თან სდევდა?
- დაახლოებით 11-12 წლისა ვიყავი, როცა გორში ძიუდოზე შევედი ანზორ თენაძესა და ნიკო ბიბილაშვილთან. თანასოფლელები ჭიდაობდნენ და მეც დამაინტერესა. სხვების მიღწევებს რომ ვუყურები, მეც მინდოდა, ისეთივე წარმატებული გავმხდარიყავი, ოლიმპიური ჩემპიონობა კი ჩემი ოცნება იყო. თუ რამეზე ვოცნებობდი, მხოლოდ ამაზე! კერპი არ მყოლია, ვქომაგობდი და მომწონდა ყველა წარმატებული სპორტსმენი.

ბავშვობაში ძიუდოს გარდა სხვა გატაცება არც მქონია. მარტივი ჭეშმარიტებაა - როცა რაღაც საქმეს აირჩევ, დანარჩენი გვერდზე უნდა გადადო და იმას მიუძღვნა ყველაფერი. მეც ასე ვფიქრობდი - რაც შემეძლება, ვივარჯიშებ, ვიმუშავებ და თუ არაფერი გამომივა, ჩემს თავს ვერაფერს დავაბრალებ-მეთქი.

ამისთვის მოვიკელი ყველაფერი და სპორტს მივუძღვენი თავი. მადლობა ღმერთს, უფალმა ნებისყოფა მომცა და შევძელი, ყველაფერი გვერდზე გადამედო.

მწვრთნელებთან ერთად, მიზნის მიღწევაში ოჯახიც ყველანაირად მიწყობდა ხელს იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკურად არ გვილხინდა. ამას ისიც დაემატა, რომ სახლში ზედმეტი ინდივიდუალური ვარჯიშისგან გადავიღალე და ახალგაზრდებში პირველი სეზონი ჩამივარდა.

სწორედ მაშინ იყო, მამაჩემმა ტურნირზე წასასვლელად დიდი წვალებით ფული რომ მისესხა, საჭირო თანხა ძლივს შეაკოწიწა.

ასეთ დროს განსაკუთრებით ძნელია ჭიდაობა - ცალკე შეჯიბრებაზე ფიქრობ, ცალკე - ვალზე. როცა ევროპა და მსოფლიო წავაგე, მეც შემრჩა ის ვალი და უკვე მეორე სეზონზე დავიწყე ფიქრი, ეგებ მაშინ მაინც მოვიგო და გავისტუმრო-მეთქი.

წაგებებთან ერთად ფსიქოლოგიურად ამანაც ცუდად იმოქმედა. მეორე სეზონიც მარცხით დავიწყე - წავაგე ერთ-ერთი შიდა ტურნირი და მაშინ ვფიქრობდი, სხვებშიც თუ დავმარცხდებოდი, თავსაც დავანებებდი ძიუდოს.

საბედნიეროდ, მწვრთნელების, ოჯახის დახმარებით, სწორი მკურნალობით კრიზისი დავძლიე და ისევ მოვხვდი ახალგაზრდულ ნაკრებში. ამჯერად წარმატებით ვიჭიდავე - ევროპის ჩემპიონი გავხდი, მსოფლიოზე კი მესამეზე გავედი.

- ამბობენ, რომ ოლიმპიადაზე გაგიმართლათ. ეთანხმებით ამ აზრს?
- 5-დან 4 შეხვედრა წმინდად მოვიგე, ფინალში კი უნგრელ უნგვარისთან დასაწყისშივე მოვიპოვე იუკო და მერე ეს ანგარიში მთელი შეხვედრა, სრული 4 წუთის განმავლობაში შევინარჩუნე. თავს არ ვიქებ, მაგრამ ეს არაა გამართლება.

მე გამიმართლა იმაში, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი - უცხოეთში რომ არ გამევლო იმდენი შეკრება და ძველებურად საქართველოში, ბორჯომ-ბაკურიან-დუშეთში მევარჯიშა, ასე ვერ განვვითარდებოდი და ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდი. იქ ცნობილ ფალავნებთან მიწევდა ჭიდაობა, რაც ძალიან წამადგა.

აქვე გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის ღვაწლიც უნდა ვახსენო, რომელიც ძალიან დამეხმარა. ევროპის პირველობის წინაც სერიოზული ტრავმა მქონდა და ოლიმპიადამდეც ვიტკინე ფეხი. მისი და გუნდის სხვა ექიმების დახმარებით ორივეჯერ წარმატებით დავაღწიე თავი ჯანმრთელობის პრობლემებს.

- ყველაზე ძნელი რომელი შეხვედრა იყო?
- ყველაზე რთული ნახევარფინალური ორთაბრძოლაა. მას თუ გადალახავ, ვერცხლი ყველა ვარიანტში განაღდებულია და დასაკარგი არაფერია, ბოლომდე უნდა იბრძოლო, რაც შეიძლება, ყველაფერი უნდა გააკეთო, თავი გადადო. აი, გადასასვლელს რომ წააგებ, შეიძლება, ფსიქოლოგიურად გატყდე და მედალთან ასე ახლოს მისულმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაც დათმო. ამას ჯობია, თავიდანვე წააგო და გავარდე.

- ჯერჯერობით რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ გამარჯვებით?
- მხოლოდ ის, რომ ძალიან დიდ სიყვარულს, სითბოს და სიხარულს ვგრძნობ ხალხისგან.

- წარმატებულ სპორტსმენებს ხშირად ემართებათ "ვარსკვლავური ავადმყოფობა". იმედია, თქვენ აირიდებთ ამ სენს...
- მე ისევ იმავე მიდგომით გავაგრძელებ ჩემს საქმეს - ევროპისა და მსოფლიოს პირველობებია მოსაგები. ახლა იქ გამარჯვება უფრო ძნელი იქნება და ჩემს თავზეც მეტი მუშაობა დამჭირდება. ამ გამარჯვებას ღვთის საჩუქრად მივიჩნევ.

- ვარჯიშს როდის შეუდგები?
- ჯერ თიაქარის ოპერაცია უნდა გავიკეთო. როგორც კი ამას მოვიშორებ, ვარჯიშსაც განვაახლებ. თუმცა ამბობენ, რომ ძიუდოში წესები შეიცვლება და ვნახოთ, რა მოხდება. ჯერ მხოლოდ ჭორების დონეზეა ლაპარაკი და წონითი კატეგორიებიც შეიცვლებაო. ვნახოთ, როგორ გადაწყდება ეს საკითხი და რომელ წონებს დატოვებენ. ამბობენ, რომ 65 და 75 დარჩებაო, ეს კი არ მაწყობს - 65-ში გამიჭირდება დაკლება, ის მეორე კი ძალიან ბევრია ჩემთვის. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ 71 კილოგრამი იქნებაო, რაც სავსებით მაძლევს ხელს.

- მწვრთნელებს მინდა ვკითხო: ლაშა ზეპრაგმატული სტილის მოჭიდავეა, რომელიც არ კარგავს ქულებს, თუმცა ჭიდაობს ძალზე ტექნიკურად, თვალსასეიროდ. ასეთი სინთეზი ხანგრძლივი მუშაობის შედეგია თუ - მისი ბუნებრივი ნიჭი?

ანზორ თენაძე: - ყველა სპორტსმენი ინდივიდუალურია თავისი აღნაგობით და მონაცემებით. მწვრთნელმა შეიძლება ილეთები ასწავლოს, მაგრამ როცა მასში უნდა განავითარო ის სტილი, რაც მას აქვს.

დიდი მნიშვნელობა აქვს ხელის კიდურებს - ვინც სულ უტევს, მას მუშა კუნთიც უნდა ჰქონდეს, რომ ასეთ ტემპს გაუძლოს. ვინც ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ დაბალი, იმან თავიდანვე ეფექტური გდებით უნდა სცადოს მოგება. ლაშას ისეთი სტილი აქვს, შეუძლია, მუდმივად წნეხში ჰყავდეს მეტოქე.

შავდათუაშვილი: ბავშვობაში არანაირი ტალანტი არ მქონია, ამ ყველაფერს მწვრთნელთა შრომით მივაღწიე. თავიდან ძალიან სუსტი ვიყავი - 12 წლისა ვხდებოდი და 24 კილოგრამს ვიწონიდი. ნიკო მასწავლებელი ამაზე მეხუმრებოდა კიდეც.

ნიკო ბიბილაშვილი: მამამისი ჩვენი მეგობარია და ვეხუმრებოდი, რა სუსტია, რამე არ იტკინოს-მეთქი. სახლშიც ბევრს ვარჯიშობდა.

- გახსოვთ მისი პირველი ნაბიჯები სპორტში, როგორ მოვიდა დარბაზში სავარჯიშოდ?

ანზორ თენაძე: - ლაშა სავარჯიშოდ რომ მოვიდა, თანატოლებისგან არაფრით არ გამოირჩეოდა. პირიქით - მასზე ძლიერებიც იყვნენ, მაგრამ მან სულ მალე გამოავლინა კარგი თვისებები. გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, მოწესრიგებული იყო და მალევე დაგვანახა, რომ თავგამოდებით ვარჯიშობდა.

დარბაზში ბავშვები მას ბაძავდნენ ვარჯიშში. მალე უმცროსი ძმაც მოიყვანა - ბექა, რომელიც იმდენად პატარა იყო, დამოუკიდებლად თასმებსაც ვერ იკრავდა და ლაშა ეხმარებოდა. მსოფლიოს თასები რომ მოიგო, იმედი მომეცა, რომ ოლიმპიადაზე მედალს მოიპოვებდა, თუმცა მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიხეილ სააკაშვილი: ლაშა შავდათუაშვილი გოლიათი მეგონა [+VIDEO]
ლაშა შავდათუაშვილი: პოლიტიკაზე საუბარი არ მსიამოვნებს
ლაშა შავდათუაშვილი: ამ გამარჯვებას ჩემს ლამაზ სამშობლოს ვუძღვნი...

ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიური ოქრო მის მშობლიურ კარალეთში აღნიშნეს [+VIDEO]

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია! [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლაშა გილოცავ, აღარ მახსოვს მერამდენედ, ღმერთი იყოს შენი და შენი ოჯახის მფარველი, კიდევ მრავალი გამაჯვებებით გაგეხარებინოს შენი აღმხრდელები, ოჯახის წევრები და ქართველი გოლშემატკივარი. გაიხარე!
gaiozi
11:59 26-08-2012
0
ყველაზე მაგარი კაცი
ვასკულატ
16:40 26-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული