საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა გორში შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში შეკრება დაიწყო საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოში.

გუნდი, მთავარი მწვრთნელის, გია გუგავას და მისი თანაშემწე გურამ მოდებაძის ხელმძღვანელობით, ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ემზადება.

ნაკრები თითოეულ წონაში ორ-ორი სპორტსმენითაა გორში ჩამოსული და აქ ორ კვირას დაჰყოფს. ევროპის ჩემპიონატი 21-23 სექტემბერს ხორვატიის ქალაქ პორეჩაში ჩატარდება.

კონტინენტის ჩემპიონატზე გამომსვლელი ნაკრების შემადგენლობა გუგავამ ამას წინათ უკვე დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, მასში, ძირითადად, წლევანდელი საქართველოს ახალგაზრდული პირველობის და შიდა სარეიტინგო ტურნირების გამარჯვებულები და პრიზიორები მოხვდნენ.

მწვრთნელი ყველა წონაში აპირებს ევროპულ
ტატამზე ორ-ორი მონაწილით გასვლას.

გორში საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრები ხშირად მართავს შეკრებას. საქმე ისაა, რომ აქ ადგილობრივი ძიუდოისტების ისეთი ბირთვია, რომელთან ერთობლივი წვრთნაც მხოლოდ სასიკეთოდ თუ წაადგებათ ჩვენი ნაკრების წევრებს.

შიდა ქართლი: გორი -22, ქარელი - 2
ამ დღეებში გორში გაიმართა რეგიონული ტურნირი ძიუდოში, რომლის მიზანი სექტემბერში დიდებს შორის საქართველოს სარეიტინგო პირველობაზე საასპარეზოდ შიდა ქართლის გუნდის დასაკომპლექტებლად კანდიდატების შერჩევა იყო.

რეგიონს კვოტით თითოეულ წონაში ოთხი მონაწილის გამოყვანის უფლება აქვს. შეჯიბრებას გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზმა უმასპინძლა.

ძირითადად, გორის ძიუდოს ორი სკოლის წარმომადგენლებმა იასპარეზეს და შესაბამისად, მათვე დააკომპლექტეს შემადგენლობაც. 60 კგ - პაატა მერებაშვილი, რობერტ მშვიდობაძე, გიორგი ბიბილაშვილი (სამივე - გორი), ლაშა გიუნაშვილი (ქარელი); 66 კგ - ირაკლი ლომიძე, ვანო თოთლაძე, ოთარ არჩუაძე, ნიკა მშვიდობაძე (ოთხივე - გორი); 73 კგ - გიორგი გასიტაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ნიკა გოგინაშვილი, ზვიად ბაზანდარაშვილი (ოთხივე - გორი); 81 კგ - პაატა ღვინიაშვილი, იოსებ ჩილინდრიშვილი, ალეკო ზაალიშვილი, ანზორ ბიბილაშვილი (ოთხივე - გორი); 90 კგ - იოსებ გუზიტაშვილი, ჯუმბერ გიგაური, უშანგი გასიტაშვილი (სამივე - გორი), დავით ხუციშვილი (ქარელი); 100 კგ - გიგა თაყაძე (გორი); + 100 კგ - უშანგი კოკაური, ილია მაჭავარიანი, ბექა ფოფხაძე (სამივე - გორი). სამწუხაროდ, რეგიონის სხვა ქალაქებიდან შეჯიბრებაზე მხოლოდ რამდენიმე ძიუდოისტმა თუ იჭიდავა.

"გაუმართლებლად მიმაჩნია პასიურობა სამხარეო შეჯიბრებებზე. ასე შიდა ქართლს კი არა, გორის გუნდს მოუწევს იმ რეგიონებთან პაექრობა, რომლებმაც ნაკრები ფართო არჩევანით დააკომპლექტეს" - გვითხრა გურამ პაპიტაშვილმა.

საერთოდ, შიდა ქართლის სამხარეო ტურნირებზე, ძირითადად, გორის და კერძოდ, ამ ქალაქის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის (დირექტორი ანზორ თენაძე) ფალავნები იმარჯვებენ ხოლმე და ასე მოხდა ამჯერადაც. სავარაუდოდ, კასპის, ხაშურის, ქარელის სასპორტო სკოლათა ძიუდოს სექციებმა იმიტომაც შეიკავეს თავი, რომ წარმატების შანსს ნაკლებად ხედავდნენ.

"რეგიონის სხვა ქალაქების ძიუდოისტებს თუ რეგიონის ნაკრებში მოხვედრის იმედი არ ჰქონდათ და ამ მიზეზით არ ჩამოვიდნენ ტურნირზე - ძალიან შემცდარან! ასეთი მიდგომით ისინი სამომავლოდ მთლად დაკარგავენ კონკურენციის უნარს" - თქვა ვეტერანმა სპეციალისტმა გივი ზაუტაშვილმა. მიუხედავად ამისა, მწვრთნელები რეგიონის გუნდისგან კარგ შედეგს მოელიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული