ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის ახალი და ერთადერთი კანდიდატი დავით ქევხიშვილია

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალ პრეზიდენტს 10 დეკემბერს აირჩევენ (თუ კიდევ არ მოხდა რამე გაუთვალისწინებელი) - ამის შესახებ გადაწყვეტილება 26 ნოემბერს მიიღო ფედერაციის ყრილობამ, კულუარებში კი ხმები მოვლენათა ამგვარი განვითარების შესახებ წინასწარვე გავრცელდა.

ახალ საარჩევნო ყრილობაზე საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენის ვადა 7 დეკემბერს იწურება.

განაცხადი ჯერ ოფიციალურად არავის შეუტანია, თუმცა ახლავე შეიძლება ითქვას, რომ 10-ში ერთადერთი კანდიდატი იქნება ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით ქევხიშვილი.

ყოველ შემთხვევაში, ორად გაყოფილი ძიუდოს სამყარო ამ კანდიდატურაზე შეჩერდა, რომელიც მისაღებია ორივე ბანაკისთვის; ხოლო სხვა მაინც თუ წამოაყენებს კანდიდატურას, ამას
დრო გვიჩვენებს.

ისე კი, 26 ნოემბერს არაერთხელ ითქვა, პოლიტიკური ზეწოლა რომ არ დაგვბრალებოდა, იმიტომ გადავდეთ არჩევნები და საერთო კანდიდატზეც ამიტომ შევჩერდითო.

იმედია, 10-ში მართლაც ეღირსება გამართვა ამ ყრილობას, თორემ 26 ნოემბერს მეორედ გადაიდო - თავდაპირველი თარიღი 3 ოქტომბერი იყო.

ყრილობას უფლებამოსილებისთვის აღმასკომის 49 წევრიდან 25-ის დასწრება სჭირდებოდა. ამ რაოდენობის მოგროვება საპრობლემო გახდა და სხდომაც მთელი 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო - გავრცელდა ხმები, თითქოს რეგიონების წარმომადგენლებს შეხვედრის გადადების შესახებ ურეკავდნენ და მათაც თბილისში ჩამოსვლა გადაიფიქრეს.

საბოლოოდ ქვორუმი მაინც შეიკრიბა, თუმცა დღის წესრიგის საფუძვლიანად შეცვლა გახდა საჭირო - მხოლოდ ახალი საარჩევნო თარიღის დანიშვნითა და ამ აუცილებლობით გამოწვეული საწესდებო ცვლილებებით შემოიფარგლა.

კერძოდ, წესდების მიხედვით, ახალი არჩევნები ერთ თვეში უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ძიუდოისტებს ამ თარიღის ორ კვირამდე შემცირება სურდათ, რასაც ყრილობაც დაეთანხმა.

შეხვედრა პრეზიდენტობის ძველი კანდიდატების - დავით ხახალეიშვილისა და მამუკა ხაბარელის განცხადებებით დაიწყო, რომლებმაც აღმასკომს თავიანთი კანდიდატურების მოხსნის შესახებ აუწყეს.

თუმცა ყრილობის მთავარ თემად არა ეს საკითხი, არამედ აღმასკომის შემადგენლობა იქცა, ვის უნდა ჰქონდეს მისი წევრობის უფლება. ემოციების მაქსიმალური ზღვარიც ამ საკითხის განხილვისას დაფიქსირდა და ჟურნალისტებსაც დარბაზი ამ ეპიზოდის შემდეგ დაგვატოვებინეს - ყრილობა დახურეს.

ეს თემა პირველად ნაკრების ექს-თავკაცმა ბერდია გუგავამ წამოსწია, რომელიც დაინტერესდა, ვინ და როდის შეადგინა აღმასკომის ეს 51-კაციანი სია, რომლიდანაც ორმა ადრევე განაცხადა უარი წევრობაზე.

ისე ხომ არ გამოდის, რასაც ძველ ხელისუფლებას ვედავებოდით, ახლაც იგივე ხდება, ანუ პოლიტიკური ზეწოლა გრძელდებაო, იკითხა მან.

ამის პასუხად ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ ნუცუბიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ აღმასკომის წევრობის კანდიდატთა სია სპორტის სამინისტროს ძველი ხელმძღვანელობიდან წამოვიდა.

ნაკრების მეორე ექს-თავკაცმა და ამჟამინდელმა პარლამენტარმა შოთა ხაბარელმა აღმასკომიდან იმ ხალხის გამოყვანა მოითხოვა, რომლებიც არ არიან ძიუდოისტები და მისი თქმით, პოლიტიკური ნიშნით იყვნენ აღმასკომში შეყვანილები.

ძიუდოს ფედერაცია ძიუდოს ოჯახის წარმომადგენლებმა უნდა მართონო, განაცხადა მან და იქვე ხაზი სხვა გარემოებასაც გაუსვა - ძველ ხელისუფლებას ერთი და იგივე ხალხი (ამ სიაში კი რწმუნებულები და გამგებლებიც იყვნენო) შეჰყავდა სხვადასხვა ფედერაციაში, რითაც მართვის ბერკეტებს ინარჩუნებდაო...

საკამათო, ძირითადად, ოთხი კანდიდატურა გახდა - ოლიმპიური ჩემპიონები: გიორგი ასანიძე და დავით გობეჯიშვილი, აგრეთვე - გია უდესიანი და მერაბ ჩიქობავა.

ამათგან უდესიანი საქართველოში არ იმყოფება და ცხადია, ყრილობაზე ვერ მივიდა, ხოლო გობეჯიშვილი ყრილობას არ დაესწრო.

სამაგიეროდ, იყვნენ ასანიძე და ჩიქობავა, რომელიც ფრიად აღაშფოთა საუბარმა პოლიტიკური ზეწოლის შესახებ. საპასუხოდ მან გაიხსენა, მის სამსახურს მერიიდან რამდენი სიკეთე გაუკეთებია სპორტის და კერძოდ - ძიუდოსთვის.

არ მეგონა, პოლიტიკურ ზეწოლას თუ ვახორციელებდიო, თქვა მან და ნუცუბიძეს შეახსენა, პირველად შენ დამირეკე და როცა აღმასკომზე მოსვლა მთხოვე, მაშინ გავიგე ჩემი წევრობის შესახებო...

ასანიძემ ხაზი იმას გაუსვა, რომ მისთვის პრიორიტეტი მთლიანად ქართული სპორტია, ხოლო ძიუდოსთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია...

საბოლოოდ საკმაოდ დიდი დრო წაიღო იმაზე კამათმა, ცალ-ცალკე ეყარათ კენჭი მათთვის აღმასკომის წევრობის შეჩერებაზე, თუ - ოთხივესთვის ერთად, თუმცა ამ საკითხის გარკვევამდე ჩიქობავამ დატოვა სხდომა - რაც გინდათ, ის გადაწყვიტეთ, ჩემთვის სულ ერთიაო.

კამათი იმდენად დაიძაბა, რომ ხაბარელმა დამატებითი განმარტება გააკეთა - არავინ უარყოფს მათ მიღწევებს, მაგრამ ისინი ოლიმპიური ჩემპიონები თავიანთ სახეობებში დარჩნენ, ძიუდოისტები კი ჩვენს თავს მივხედავთო...

ამ კამათში საინტერესო დეტალიც გაირკვა - აღმასკომის წევრი არ ყოფილა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თემურ ხუბულური და ფედერაციის ერთ-ერთი ამაგდარი თანამშრომელი ანზორ მარტყოფლიშვილი...

საბოლოოდ ოთხივე წევრისთვის ცალ-ცალკე წილისყრა გადაწყდა და პროცედურაც დაიწყო, მაგრამ აქ კიდევ ერთი, ქართული რეალობისთვის დამახასიათებელი საჩოთირო სურათი გამოიკვეთა - გობეჯიშვილისთვის წევრობის შეჩერებას მხარი 9 წევრმა დაუჭირა, დანარჩენებმა კი პოზიცია არც თავის შეკავებაში გამოხატეს და არც - წინააღმდეგ წასვლაში, ანუ იმ 9 კაცის გარდა, დანარჩენებმა პოზიცია არ დააფიქსირეს.

ამან სამართლიანად აღაშფოთა ხუბულური, რომელმაც აღმასკომის წევრებს მეტი გამბედაობისკენ მოუწოდა და მიმართა, ან აქეთ იყავით, ან - იქითო...

როგორც გითხარით, ამ საკითხის განხილვისას ყრილობა დახურეს, თუმცა როგორც მისი დასრულების შემდეგ გვითხრეს, საკითხი მაინც სათითაოდ განუხილავთ. შედეგად კი უდესიანსა და ჩიქობავას შეუჩერეს ულებამოსილება, ასანიძესა და გობეჯიშვილს კი - დაუტოვეს, ანუ ისინი 10 დეკემბერს ხმის უფლებითაც ისარგებლებენ.

ყრილობის დასრულების შემდეგ ქევხიშვილსაც გავესაუბრეთ, რომელმაც დაადასტურა, რომ კანდიდატურას ნამდვილად წამოაყენებს და არც ის დაუმალავს, რომ კონსულტაციები ორივე მხარესთან გაიარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავით ხახალეიშვილი: შოთა ხაბარელი ქართულ ძიუდოს უნდა ჩამოშორდეს
თამაზ თევზაძე დავით ხახალეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
ინციდენტის გამოხმაურება: ეს იყო უკანასკნელი რეციდივი ძიუდოში
მორიგი უსიამოვნება ქართულ ძიუდოში: რატომ იჩხუბეს შუკვანმა და გუჯეჯიანმა?
გურამ პაპიტაშვილი: ურთიერთგაგებაში ძალიან მოვიკოჭლებთ
ირაკლი ცირეკიძე: ჩვენ ძიუდოისტებს ქართულად ჭიდაობაში არ ვზღუდავთ
მკითხველის კომენტარები / 3 /
სახელი და გვარი თქვი, გრამატიკას მე გასწავლი

ძველ ,,ბალელშილკს“
16:09 29-11-2012
0
რა სასაცილოები ხართ, ეს დაბოღმილი ნაციონალები და დანარჩენი წარუმატებელი ადამიანები.
დავით ქევხიშვილი, სწორედ რომ საუკეთესოა, არა მხოლოდ, როგორც სპორტსმენი, არამედ როგორც კარგი იურისტიც.
დავითმა საკუთარი პატიოსნებით და შრომისმოყვარეობით მიაღწია წარმატებას და იქნებ ცოტა მეტი გეკითხათ და გენახათ და მოგესმინათ იმ ადამიანებისგან ვისაც ჭკუა მოეკითხება, თუ რა დონის სპორტსმენი და მოსაუბრეა ეს ახალგზარდა.
ბოღმიან ადამიანებს თავად ცხოვრება მიაგებს.
წარმატებები დავითს.
zvel balelshiks da sxva nacionalebs
15:06 27-11-2012
0

სიახლეები პოპულარული