წლეულს მან არაერთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე იასპარეზა. ევროპის ჩემპიონობა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ინდივიდუალური პრიზებიდან კი თბილისის საერთაშორისო ტურნირის ოქროს მედლით გამოირჩა. საუბარიც ამ ჯილდოთი დავიწყეთ.
- საკუთარი თანამემამულეების თვალწინ ასპარეზობა, მით უფრო, თუ შეჯიბრება საერთაშორისოა და უცხოელთან გიწევს პაექრობა, რასაკვირველია, დიდი სტიმულია.
შანსი გეძლევა, შენი ქვეყნის ეროვნული დროშა აღმართო დარბაზში. თბილისის ტურნირის მოგება ერთ-ერთი უმთავრესი ოცნება იყო და საბედნიეროდ, იგი
- ევროპასთან დაკავშირებით ამოცანა ნაწილობრივ შეასრულე...
- მართლაც ასეა, მხოლოდ გუნდურში დავბრუნდი სამშობლოში ოქროს მედლით. რუსი ძიუდოისტი ბაითრაზ კაიტმაზოვი ძალიან ეფექტურად გავაკარი ტატამს. ტრიბუნებზე მაყურებლები ფეხზე ადგნენ და ტაში დამიკრეს.
ევროპის ეს ჩემპიონატი ჩემთვის იმიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩელიაბინსკში ტარდებოდა, სადაც ოჯახთან ერთად ათი წელიწადი ვცხოვრობდი და სწორედ იმ დარბაზში ვვარჯიშობდი, ვიდრე ექვსი წლის წინ დავუბრუნდებოდი სამშობლოს.
- წლეულს სხვადასხვა შეჯიბრებაზე რამდენიმე რუს ძიუდოისტთან მოგიწია პაექრობა და ყველა შენი გამარჯვებით დასრულდა.
- კაიტმაზოვთან ერთად, დასამახსოვრებელი იყო ობერვარტში ოლეგ ვასილიევთან გამარჯვება. საერთოდ, ვერ ვიტყვი, თითქოს რუსებთან განსხვავებული მონდომებით ვჭიდაობდე, მაგრამ ფაქტია, წლეულს ყველა მათგანს მოვუგე.
- ოლიმპიადის ლიცენზიისათვის ბრძოლაში შიდა კონკურენციის დაძლევაც გიწევდა.
- საქართველოში, უცხოეთთან შედარებით, კონკურენციას თან სდევს განსხვავებული სირთულე. ყველამ ვიცით ერთმანეთის სტილი, რაც პაექრობას აძნელებს. მე პირადად უცხოელ სპორტსმენთან უფრო მიადვილდება ჭიდაობა.
უფრო თავისუფლად გავდივარ ტატამზე. უცხოელები ტექნიკურად საინტერესოდ ჭიდაობენ. სხვათა შორის, როგორც შევამჩნიე, მათი არცთუ მცირე ნაწილი ქართველებთან გარკვეულწილად შებოჭილი გამოდის არენაზე.
- შენი აზრით, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან უფრო ტექნიკურები?
- იაპონელები და ფრანგები. კორეელებს კი ხისტი, აგრესიული სტილი ახასიათებთ. იაპონელები თავადაც ჭიდაობენ და შენც გაძლევენ ამის საშუალებას. ამიტომ მათთან პაექრობა ყოველთვის საინტერესოა.
მაგალითად, რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს ბოლო გუნდურ ჩემპიონატზე იაპონელი ებინუმა ყველაზე ტექნიკურ მოჭიდავედ ტყუილად არ დაუსახელებიათ, ძალიან ეფექტურად იჭიდავა. სხვათა შორის, ეს ის ფალავანია, ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადის ნახევარფინალში რომ სუფთად მოუგო.
- ურთიერთშეხვედრებში ყველაზე უარყოფითი ბალანსი კორეელებთან გაქვს.
- მათთან ძალიან მიჭირს, მხოლოდ ერთი კორეელი მყავს დამარცხებული. მიუდგომელი სტილი აქვთ, არც იღლებიან და მთელი შეხვედრის განმავლობაში ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევენ მეტოქეს.
წლეულს კიმ იუნგ ვონმა ავსტრიის დიდ პრიზზე გადამიღობა გზა მედლისკენ; ლონდონში კი პირველივე შეხვედრაში, იცით, ტიტულოვან კიმ ჩუნ ვანგთან წავაგე.
მესამე წელიწადია, ვანგი თავის ტკივილად მექცა. არადა, ოლიმპიადამდე ორი თვით ადრე, როდესაც მოსამზადებელი შეკრების ერთ-ერთი ეტაპი კორეაში გავიარეთ, იქაურ ნაკრებთან ერთობლივი ვარჯიშებისას ვანგთან შედარებით აშკარად უკეთეს ფორმაში ვიყავი, უშუალოდაც ვიჭიდავეთ და დავამარცხე კიდეც.
მაგრამ ლონდონის არენაზე პირველივე ჩავლებაზე მომკიდა თუ არა ხელი, ვიგრძენი, რომ იმ შეკრების მერე ერთიორად ჰქონდა მომატებული.
მასთან ლონდონშიც არ მიასპარეზია ურიგოდ, მაგრამ მთავარი მხოლოდ მოგებაა და კმაყოფილიც ვერ ვიქნები. ისე კი, დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა გადამწყვეტი იყო და ვანგის წინააღმდეგობა რომ დამეძლია, მჯერა, მომდევნო მეტოქეებსაც უთუოდ ვაჯობებდი და უმედლოდ არ დავრჩებოდი.
- პიტერ ზაიზენბახერის საწვრთნელ პროცესში ფიზიკური დატვირთვების სირთულე ყველაზე ყბადაღებული თემა იყო...
- ზაიზენბახერის მიერ შემოთავაზებული ფიზიკური ვარჯიშების პროგრამით, დატვირთვები დღეში სამ საათს გრძელდებოდა, თანაც მაქსიმალურად უნდა დაგვეტვირთა სხეული.
"ამ პროგრამით თუ სრულყოფილად დაიტვირთები, ბევრს შეძლებ ოლიმპიადაზე" - მეუბნებოდა ავსტრიელი მწვრთნელი.
მე მართლაც დიდი მონდომებით გავიარე მთელი ეს პროგრამა. უკმაყოფილოც არ ვარ, რადგან ამ თვალსაზრისით შესამჩნევადაც გავძლიერდი, მაგრამ უარყოფითი, რაც ამ ვარჯიშებმა მომიტანა, ტემპის დაკარგვა იყო. შეჯიბრებაზე ვატყობდი, რომ ნაკლებად სწრაფი ვიყავი.
- ტრავმიანობა არ გახასიათებს. იშვიათად, რომ ამ მიზეზით ვარჯიში ან ტურნირი გამოტოვო.
- ფიზიკური გამძლეობა ნამდვილად არაა ჩემი მინუსი. შრომაც არასოდეს მეზარება. საერთოდ, არ ვფიქრობ, რომ თვითნაბადი ტალანტი ვარ, მე უფრო თავდაუზოგავი ვარჯიშებით მივაღწიე ყველაფერს და მჯერა, მომავალში კიდევ მეტს შევძლებ.
- მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე შენი ასპარეზობის შესახებაც გვითხარი.
- ბრაზილიაში ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ ორ შეხვედრაში - იაპონელ და კორეელ მოწინააღმდეგეებთან მაჭიდავა.
ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული და ამასთან, შეჯიბრებაც გარკვეულწილად მონატრებული მქონდა.
იაპონელი მეტოქე სუფთა მოგებით დავამარცხე, ნაკლები შემართებით არც კორეელთან გავსულვარ, მაგრამ ამქვეყნელებთან უარყოფითი ბალანსი ისევ გამიგრძელდა. საბოლოოდ, მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური ბრინჯაოს მოპოვებაში წვლილი მეც შევიტანე.
- ბოლო წლებში გორის დარბაზიდან ჩვენი ქვეყნის ყველა ნაკრებში იმატა ძიუდოისტთა რაოდენობამ...
- პერსპექტიული ახალგაზრდა ძიუდოისტი მართლაც სულ უფრო ბევრი ვარჯიშობს გორში. შავდათუაშვილის ოლიმპიურმა ტრიუმფმა მათი სტიმულიც გააორმაგა.
თუ სანაკრებო შეკრებაზე არ ვარ, მუდამ სიხარულით შევდივარ მშობლიურ დარბაზში სავარჯიშოდ, სადაც ჩემი პირადი მწვრთნელების, ნიკო ბიბილაშვილის და ანზორ თენაძის მეთვალყურეობით და მეგობრების დახმარებით ძალიან ნაყოფიერად ვმუშაობ...
ფოტოზე: ბაჩო ტატალაშვილი (მარცხნიდან მეორე) თბილისის საერთაშორისო ტურნირის კვარცხლბეკზე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"