სხვა საჭიდაო სახეობებში მიღწეულ წარმატებებს გიგამ ახლახან სუმოში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც მიუმატა.
აღსანიშნავი ისაა, რომ გელაშვილს მიღწევები ძირითადად მასზე უფროს ასაკში აქვს. მომდევნო შეჯიბრება კი საქართველოს დიდების ჩემპიონატია ძიუდოში, რომლისთვისაც შიდა ქართლის გუნდის შემადგენლობაში მზადებისას გორის დარბაზში მწვრთნელთან, ანზორ თენაძესთან ერთად ვესაუბრეთ.
"ჭიდაობის სიყვარული ჩვენს ოჯახში მუდამ იყო (ბიძაჩემი მოჭიდავეა) და მეც ამან მიბიძგა გორის ჭიდაობის კომპლექსურ სკოლაში
ვარ საქართველოს პირველობების გამარჯვებული და პრიზიორი ძიუდოში, სამბოში, ქართულ ჭიდაობაში. წლეულს ძიუდოში ორი ტურნირი მოვიგე - ერთი საქართველოში, ერთი უცხოეთში და რამდენჯერმე პრიზიორიც გავხდი. სამბოში კი საქართველოს პირველობაზე ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის გამოვედი და ორივეგან ბრინჯაოს პრიზიორი გავხდი.
მეტი შემეძლო, განსაკუთრებით, ჭაბუკებში და ალბათ, გამოვასწორებ. წლეულს ნახერხმოყრილ არენაზეც გავედი ქართულ ჭიდაობაში და ფცაში, საკმაოდ წარმომადგენლობით შეჯიბრებაზე, პირველი ადგილი დავიკავე" - გვეუბნება გიგა.
გორის დარბაზში ვარჯიშებზე გელაშვილის შრომისმოყვარეობა თვალშისაცემია. იმის გარდა, რომ სხვადასხვა სახეობაში ჭიდაობს, თითოეულ მათგანში ცდილობს, რაც შეიძლება მეტ შეჯიბრებაში გამოვიდეს და მეტი პრაქტიკული გამოცდილება მიიღოს. მძიმე წონაში მისაბაძ მაგალითებად ცნობილი ქართველი ძიუდოისტები ჰყავს, კონკურენტებად კი მათი შვილები.
"ქართულ ძიუდოს წარმატებათა დიდი ტრადიციები აქვს მძიმე წონაშიც. დასტურად ოლიმპიური ჩემპიონის, დავით ხახალეიშვილის, ან ტიტულოვანი აკაკი კიბორძალიძის გახსენებაც კმარა. ისინი ჩემთვისაც მისაბაძი სპორტსმენები არიან.
სხვათა შორის, მე და მათი შვილები როსტომი (ხახალეიშვილი) და გუგა (კიბორძალიძე) კონკურენტებად ვითვლებით. ვცდილობ, ბევრი ვიშრომო და მიმაჩნია, რომ მძიმე წონაში ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი სისწრაფეა, რის ხარჯზეც გამარჯვების მოპოვება უფრო იოლი ხდება" - ესეც გიგა გელაშვილის სიტყვებია.
მიუხედავად ჭიდაობის დიდი სიყვარულისა, მიმდინარე სეზონში კიდევ ერთ სახეობაში - სუმოში გამოჩენა ბევრისთვის მაინც მოულოდნელი იყო, მაგრამ გიგამ იქაც არც შეირცხვინა თავი.
ჯერ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად ოქროს მედლის მფლობელი გახდა პირად (მძიმე წონა) და გუნდურ პირველობაში, აბსოლუტურში კი მხოლოდ ფინალი დათმო. ცოტა ხნის წინათ მსოფლიოს ჩემპიონატზეც იასპარეზა ჰონგ-კონგში და ვერცხლის მედლით დაბრუნდა შინ.
"გიგა ყოველთვის ხალისიანად ვარჯიშობს. რამდენჯერმე თანადარბაზელებთან ხუმრობით სუმოში დაჭიდებული დავინახე, ხან სუმოისტების შეხვედრისწინა რიტუალსაც ასრულებდა...
იმ დროს შევიტყვეთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე აპირებდა გამოსვლას და შევთავაზე, მასაც ეცადა ბედი. სასიხარულოა, რომ გაამართლა.
საერთოდ, გელაშვილის მთავარ კოზირად მიზანდასახულობა მიმაჩნია. საბრძოლველად არც შრომისმოყვარეობა აკლია. შესაძლოა, განსაკუთრებული ძალით არ გამოირჩევა, მაგრამ სამაგიეროდ, დამოუკიდებლად ძალიან კარგად აზროვნებს არენაზე. ყოველივე ამის ხარჯზე, მიმაჩნია, რომ გიგა თავის კარიერაში ბევრს მიაღწევს" - მიიჩნევს ანზორ თენაძე, გორის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის დირექტორი და გელაშვილის ერთ-ერთი პირადი მწვრთნელი.
დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"