ევროპის ჩემპიონატის წილისყრა: ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა - ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ჩვენი გუნდის ლიდერი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) და უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია ერთ ჯგუფში მოხვდნენ.

ნამდვილად არ ვართ იმ აზრზე, რომ ჩვენი ფალავანი მეტოქესთან უშანსოდაა, მაგრამ ათასწილად ჯობდა, ამ დონის ვარსკვლავს გაცილებით გვიან შევჯახებოდით. ამ წონაში ტიტულოვანი ფალავნები სხვებიც არიან, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას - ქართველები კლასით გამოირჩევიან და აღემატებიან დანარჩენებს.

კიდევ კარგი, წილისყრამ ისინი ბოლომდე არ გაწირა და მათი გზები მეოთხედფინალამდე არ იკვეთება,
იქ წაგებულს კი სანუგეშოში გზა ხსნილი აქვს, ანუ მედლის მოპოვების შანსი კვლავაც რჩება.

ევროპის ჩემპიონატი 25 აპრილს იწყება ბუდაპეშტში, ხოლო სასტარტო დღეს 60 და 66 კილოგრამის ფალავნები ჭიდაობენ. წილისყრა განთესვით კი ხდება, მაგრამ ზანთარაია ახალი გადმოსულია ამ წონაში და ჯერ საკმარისი რეიტინგი არ აქვს. ამიტომ განთესილებში ვერ მოხვდა და მთლიანად ბედის ამბავი იყო, რომელ წრეში შეხვდებოდა ჩვენებურს.

უკრაინელმა ახალ წონაში ორი შეჯიბრება ჩაატარა - ვარშავაში კონტინენტურ თასზე და სამსუნში „დიდ პრიზზე“ და ორივეგან დამაჯერებლად გაიმარჯვა. ამდენად, ვერც იმას ვიტყვით, რომ იქნებ ადაპტაცია გაუჭირდესო...

შავდათუაშვილი პირველ ორთაბრძოლას ბელგიელ იესპერ ლეფევერესთან გამართავს, მასთან წარმატების შემთხვევაში კი სომეხ გორ ჰარუთინიანსა და რუმინელ მირჩა რემუს ლაზეას შორის მოგებულს შეხვდება.

თუ ამ ბარიერსაც დასძლევს, მეოთხედფინალშიც გავა.

* * *
ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ამირან პაპინაშვილი (60) თავიდან ისვენებს, მეორე წრეში მისი მეტოქე კი ფინელი იუჰო რაინვალისა და აზერბაიჯანელი ვუგარ შირინლის პაექრობაში გაირკვევა.

მოლოდინისამებრ, პაპინაშვილი იოლ ჯგუფშია, სადაც დასახელებული წყვილის გარდა, მას სერიოზულ წინააღმდეგობას ჩეხი პაველ პეტრიკოვი თუ გაუწევს...

ჩვენებური ჩეხსა და აზერბაიჯანელს მხოლოდ თითოჯერ შეხვდა და დამარცხდა, ოღონდ ეს ადრეულ წლებში იყო, ფინელთან კი ოთხი პაექრობიდან ბოლო სამში იმარჯვა.

პაპინაშვილს განსაკუთრებულად ძლიერი არც ნახევარფინალში ელოდება ვინმე - საპირისპირო ჯგუფში ყველაზე ძლიერები ბრიტანელი ეშლი მაკენზი და ებრაელი არტიომ არშანსკი ჩანან, თუმცა იქნებ მათ დავაში ესტონელი ელნურ ალიევიც ჩაერიოს. ჩვენებურს სამივესთან დადებითი ბალანსი აქვს, არშანსკის კი შარშანაც მოუგო ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მესამეზე გავიდა.

* * *
73-ში ზებედა რეხვიაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაებმება რუმინელ კოსტელ დანცულეასთან შეხვედრით, ვისაც აქამდე ერთხელ შეხვდა და მოუგო.

ამავე ჯგუფშია მასპინძელთა ფავორიტი, ლონდონის ოლიმპიადის ფინალში შავდათუაშვილის მეტოქე მიკლოშ უნგვარი, რომელსაც კარიერის მიწურულს წონის შეცვლა განუზრახავს და უკრაინელი ევროპის ექს-ჩემპიონი ვოლოდიმირ სოროკა, ვინც 2009 წელს თბილისში გაიმარჯვა.

ანგარიშგასაწევია პარიზის ტურნირის წლევანდელი გამარჯვებულიც, ფრანგი პიერ დუპრატი, თუმცა ის ჯერ უნგვარის ხვდება.


* * *
ნუგზარ ტატალაშვილიც
მეორე წრიდან იჭიდავებს სლოვენიელ ტადეი ცენთან პაექრობით.

ამ ჯგუფში ჩვენებურის ყველაზე სერიოზულ კონკურენტად რუსი მურატ კოძოკოვი მიგვაჩნია.

* * *
ჩვენები პირველ წრეში თავისუფალნი არიან 81-შიც - მეორეში ავთანდილ ჭრიკიშვილი ესტონელ გიორგი ლადოგინს დაეჭიდება, ლევან წიკლაური - სლოვაკ მარიან ბენკოსზკის.

ვინ შეიძლება შეაჩეროს ჭრიკიშვილი? ნახევარფინალამდე ამავე ჯგუფში მოხვდნენ ჩერნოგორიელი მსოფლიოს 2011 წლის ვიცე-ჩემპიონი სრდან მრვალჯევიჩი, ასე თუ ისე გამოცდილები - მოლდოველი ვალერიუ დუმინიკა, სერბი ალექსეი ნეფედოვიჩი და ჩვენი ტურნირის წლევანდელი ებრაელი მესამე პრიზიორი ასაფ ჩენი. ამათგან ბოლო სამზე ბევრი საუბარი არც ღირს და ჭრიკიშვილი მათ არ შეხვედრია, მრვალჯევიჩი კი იმ წარმატების შემდეგ ლამის ყველა ტურნირზე პირველივე წრიდან გამოვარდა. ჩვენებური მას ერთხელ შეხვდა და მოუგო.

წიკლაურის ჯგუფში უხერხული მეტოქე იქნება მასპინძელი ლასლო ჩოკნიაი და რუსი ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი მურატ ხაბაჩიროვი. ჩეხი ევროპის პრიზიორი იარომირ იეზეკიც აქაა, მაგრამ ის ნაკლები საფრთხე გვგონია.

ამ სამეულიდან წიკლაურს მხოლოდ უნგრელთან უჭიდავია და პირველად წააგო, მეორედ კი მოუგო - შარშან, ევროპის პირველობაზე.

* * *
ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90) პირველ წრეში შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს ხვდება, თუმცა მის ჯგუფშია ქვედა წონიდან ამონაცვლებული ჰოლანდიელთა მსოფლიოს ჩემპიონი ხიიომ ელმონტი, რომელსაც ჩვენებური ჯერ არ შეხვედრია.

ამავე ჯგუფშია ჩვენი ტურნირის წლევანდელი აზერბაიჯანელი გამარჯვებული შეხმადი მაგომედოვი, რომელმაც თბილისში ძლიერად იასპარეზა და ებრაელი ალონ სასონი.

* * *
დავით ლორიაშვილი (100) რუს ადლან ბისულთანოვს ეჭიდავება, ადამ ოქრუაშვილს (+100) კი ნამდვილად გაუმართლა, ისეთ ჯგუფშია - თავიდან ისვენებს, ხოლო მისი მეტოქე ბელორუსი ალექსანდრ ვახავიაკისა და პოლონელი მასიეჟ სარნაცკის პაექრობაში გამოვლინდება.

ამ ჯგუფიდან ისევ ფრანგ იან-სებასტიან ბონვოისინს თუ გამოვარჩევთ, თორემ სხვას ვერავის... ჩვენებურს გაუმართლა იმაშიც, რომ არ ჭიდაობს გერმანელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანდრეას ტოლცერი, ვისაც ნახევარფინალში შეხვდებოდა. ახლა კი ამ ეტაპზე ვინც უნდა გავიდეს, ყველასთან აქვს წარმატების რეალური შანსი.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული