ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა

AutoSharing Option
ფოტო
ბუდაპეშტში ძიუდოისტ ვაჟთა ევროპის პირველობის სტარტი თუ ოქროსი გვქონდა, ფინიში ვერცხლისა გამოგვივიდა: 27 აპრილს, ტურნირის ბოლო დღესაც, ტრადიციულად, ორი ფინალი ვიჭიდავეთ, მაგრამ ორივე დავთმეთ - ვალერი ლიპარტელიანმა (90) და ადამ ოქრუაშვილმა (+100).

წაგების მიუხედავად, ეს ჩვენთვის მაინც არნახულად კარგი გამოსვლაა, რადგან ჯამში 7 მედალი დავაგროვეთ - 3-3 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო, ამდენი კი კონტინენტის პირველობებზე არასოდეს მოგვიპოვებია.

აქამდე მაქსიმუმი 5 ჯილდო იყო, რაც ორჯერ გვქონდა - 2001 და 2007 წლებში.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდიდან კონტინენტის ჩემპიონები ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა
შავდათუაშვილი
(66) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდნენ; ნუგზარ ტატალაშვილი (73) მეორეზე გავიდა, ზებედა რეხვიაშვილი (73) - მესამეზე.

27 აპრილს ჩვენი ფინალისტებიდან გადამწყვეტი შეხვედრა ერთსაც რომ მოეგო (მეტოქის ფაქტორიდან გამომდინარე, გაგიკვირდებათ, მაგრამ ამის შანსი ოქრუაშვილსაც რეალურად ჰქონდა), ოქროების მოპოვების ევრორეკორდსაც მოვხსნიდით, ახლა კი გავიმეორეთ ის - ევროპირველობაზე 3 ჩემპიონი მხოლოდ 1993 და 1996 წლებში გვყავდა.

სამწუხაროდ, ბოლო დღის შედეგების ხარჯზე საერთო გუნდურ ჩათვლაში ფრანგებმა გაგვისწრეს და მეორეზე გადავედით, თუმცა მათ ქალების მაჩვენებლებით გვაჯობეს - "მამლების" საერთო მონაგარი 12 მედალია, საიდანაც 5 ქალებზე მოდის.

მანდილოსანთა დამსახურებაა ფრანგული ოქროების უმეტესობაც - 4-დან 3! ცხადია, ჩვენებს ბადალი არ ჰყავდათ ვაჟთა შორის, სადაც ოქროს მედლებით საგრძნობლად ვაჯობეთ სხვებს - დარჩენილი 4 უმაღლესი ხარისხის ჯილდო სლოვენიამ, ჩეხეთმა, რუსეთმა და საფრანგეთმა გაინაწილეს.

ვაჟების ჩათვლაში მედლების საერთო რაოდენობითაც ჩვენ და ფრანგები ვლიდერობთ - 7-7, მაგრამ როგორც გითხარით, ჩვენ ოქროებით ვუსწრებთ.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

საერთო გუნდურში ფრანგებთან ჩამორჩენის მიუხედავად, ჩვენი ნაკრების გამოსვლა მაინც ბრწყინვალედ უნდა შეფასდეს.

ამაში სტატისტიკაც დაგვემოწმება - 7 წონიდან 6-ის ფინალში ვიჭიდავეთ და ამდენივეში მედალი მოვიპოვეთ; 9 კაციდან 7 მედლით ბრუნდება სამშობლოში.

ნამდვილად ქების ღირსნი არიან ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე, მისი დამხმარე შტაბი - გიორგი ვაზაგაშვილი, დავით ასუმბანი, ფედერაციის ხელმძღვანელობა, სამედიცინო შტაბი თუ ყველა ის პიროვნება, ვისაც თუნდაც მისხალი წვლილი მიუძღვის გუნდის ასეთ წარმატებაში.

ალბათ, სეზონის დასაწყისშიც კი იმ დემორალიზებული ნაკრებისგან ასეთი ძლევამოსილი კოლექტივის ჩამოყალიბებას ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ ოცნება რეალურ ცხოვრებაშიც ხდება.

ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოს პირველობასა და ოლიმპიადაზე ბევრად სუსტი შეჯიბრებაა, მაგრამ ჩვენ უკვე გუნდი გვყავს, ეს კი წარმატების მთავარი წინაპირობაა.

90 კგ
ლიპარტელიანმა წაგება გაასამა
რუს კირილ დენისოვთან ფინალში მარცხის შემდეგ ვალერი ლიპარტელიანი უიღბლო სპორტსმენად წარმომიდგა.

როგორი საქმეა - კაცმა ბოლო 5 წელიწადში ოთხჯერ იჭიდავა ევროპის პირველობის ფინალში და სამჯერ წააგო!

ცუდია, რომ დენისოვი მისთვის კვლავაც გადაულახავ ზღუდედ რჩება - მეხუთედ დამარცხდა მასთან.

სავარაუდოდ, ჩვენებურს ტრავმაც ჰქონდა, რადგან წინასწარ შეხვედრებში ხან ხელს იტკიებდა, ხან - ფეხს, მეოთხედფინალში კი ერთ მომენტში თავზეც მიიდო ხელები და მსაჯთან მისი ჟესტიკულაციებით თუ ვიმსჯელებთ, არბიტრი იმასაც კი ჩაეკითხა, შეძლებდა თუ არა შეხვედრის გაგრძელებას.

ალბათ, ამის ბრალი უნდა იყოს ლიპარტელიანის მოდუნება, რაღაც შებოჭილად მოქმედებდა, თითქოს უჭირდა მოძრაობა და შორს იყო პარიზსა და გერმანიაში ნანახი ფალავნისგან.

მისი ტექნიკური არსენალი თითქოს კვლავაც შეზღუდული იყო და ფიზიკურადაც ჩამორჩებოდა 2-3 თვის წინანდელ დონეს. ამის მიუხედავად, წინასწარი შეხვედრები მაინც დამაჯერებლად გაიარა.

პირველი მეტოქე, შვეიცარიელი კირილ გროსკლაუსი არც ისე დიდი (გერმანულად "გროს" დიდს ნიშნავს) აღმოჩნდა და ჩვენებურმა სწრაფად მიითვალა წმინდა მოგება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მერვედფინალში ფრიად გაუჭირდა ქვედა წონიდან ამონაცვლებულ ჰოლანდიელთა მსოფლიოს ჩემპიონ ხიიომ ელმონტთან, თუმცა იქ მსაჯებიც სცოდავდნენ მეტოქის სასარგებლოდ - შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც ლიპარტელიანმა იპონი მიითვალა და მერე ლიტველ კაროლის ბაუზასაც, მთლიანობაში, უპრობლემოდ მოუგო იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ერთი იუკო აართვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აი, ამის შემდეგ რუსებით ჩახერგილ უძნელეს გზას შეუდგა საჩემპიონო მწვერვალისკენ, რომელიც ბოლომდე ვერ დასძლია - ნახევარფინალში კირილ ვოპროსოვს კი აჯობა, მაგრამ დენისოვს კვლავაც ვერაფერი მოუხერხა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არადა, თითქოს არ იყო წასაგები შეხვედრა - ლიპარტელიანი იუკოთი დაწინაურდა კიდეც, მაგრამ რუსმა ჯერ გაქვითა, ბოლო წუთზე კი იმ ეპიზოდში საყრდენად ქცეულ მარცხენა ფეხზე შიგნიდან კვლავ წარმატებით ჩაუხვია ფეხი და მეორე იუკო მიითვალა.

დენისოვი თითქოს დიდი არაფერი მოჭიდავეა, თითქოს არაა დაუმარცხებელი, მაგრამ ამ ფანდით ხშირად გვიგებს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

90 კგ. 1. კირილ დენისოვი (რუსეთი); 2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო); 3. კაროლის ბაუზა (ლიტვა), კირილ ვოპროსოვი (რუსეთი).

+100 კგ
ოქრუაშვილი - ვერცხლით
ადამ ოქრუაშვილისთვის ფინალში გასვლა და ვერცხლიც დიდი შედეგია, მაგრამ მის წაგებაში მსაჯებსაც შეგვიძლია, დავდოთ ბრალი.

ყოველ შემთხვევაში, ფრანგ ოლიმპიურსა და მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონ ტედი რინერს არაფერი გაუკეთებია მოსაგებად და საეჭვო გაფრთხილებებით გაიმარჯვა.

ფინალში გდება თუ გაკეთდა, ისევ ოქრუაშვილის მხრიდან და ვეჭვობთ, მის პირისპირ რინერის გარდა, სხვა რომ მდგარიყო, არც გააფრთხილებდნენ.

მსაჯმა ის სამჯერ დასაჯა, რისთვისაც დარბაზმა ორჯერ უსტვინა. პირველად ეს მეორე გაფრთხილებისას მოხდა, როცა ჩვენებური უკან-უკან კი წავიდა, მაგრამ ამის მომდევნო ეპიზოდში ზუსტად იგივე ორჯერ გააკეთა რინერმა, რასაც მსაჯმა წაუყრუა.

მეოთხედფინალი - იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დარბაზმა არბიტრს კიდევ უფრო დიდი ობსტრუქცია მესამე გაფრთხილებისას მოუწყო, როცა თავი ვერც პირდაპირი რეპორტაჟის წამყვანებმა შეიკავეს.

მსაჯმა რინერი მხოლოდ ერთხელ გააფრთხილა, როცა ჩვენებურმა ლამის სარეკლამო დაფებთან გაიყვანა.

ამას მოჰყვა ეპიზოდი, როცა ოქრუაშვილი ილეთს ცდილობდა, მაგრამ ფრანგი კარგი კოორდინაციის ხარჯზე ვარდნისას შეუტრიალდა და მუცელზე დავარდა.

ნახევარფინალი - იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თუმცა ამ ეპიზოდმა ცალკე მაყურებლის და ცალკე პირდაპირი რეპორტაჟის წამყვანთა აღფრთოვანება გამოიწვია.

არ ვამბობთ, რომ ეს რინერის მაქსიმუმი იყო. იქნებ მან იჭიდავა ის, რაც მოსაგებად ჰყოფნიდა. მით უფრო - ამ ხერხისთვის ადრეც ხშირად მიუმართავს, ანუ იჭიდავა გრძელ დისტანციაზე, გაშლილი ხელით აღებული ზედა ჩავლებიდან.

იქნებ საჭიროების დროს მოემატებინა კიდეც ტემპისთვის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც 27 აპრილს ფინალში მოხდა, იქ კი ფრანგს უპირატესობა არ ჰქონია.

მისასალმებელია, რომ ოქრუაშვილი აგრძელებს პროგრესს და თანდათან სულ უფრო ძლიერი კონკურენტი ხდება წონაში.

ფინალი - იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ის წონის გიგანტებთან შედარებით, ცოტა ტანდაბალია, მაგრამ მშვენიერი გდებები გააკეთა ბელორუს ალექსანდრ ვახავიაკთან, ფრანგთა მომავალ ბრინჯაოსმედალოსან იან-სებასტიან ბონვოისინთან და ნახევარფინალში სლოვენიელ მატიას სერაისთან.

საწყენია, ოქრუაშვილი ოქროს რომ ვერ შესწვდა, მაგრამ ეს მისთვის პირველი მედალია ეროვნულ ნაკრებში და მაინც დიდი წარმატებაა.

+100 კგ. 1. ტედი რინერი (საფრანგეთი); 2. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო); 3. იან-სებასტიან ბონვოისინი (საფრანგეთი), ბარნა ბორი (უნგრეთი).

აქილევსის ქუსლი
ამ ტურნირზე უმედლოდ ერთადერთ წონაში დავრჩით - 100 კილოგრამში, სადაც მართლაც ღრმა საკადრო კრიზისი გვაქვს. დავით ლორიაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა რუსთა ჩეჩენ დებიუტანტ ადლან ბისულთანოვთან და გავარდა.

100 კგ. 1. ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი); 2. ხენკ ხროლი (ჰოლანდია); 3. ევგენიუს ბოროდავკო (ლატვია), სირილ მარე (საფრანგეთი).

ქალები
78 კგ. 1. ლუისი ლოუტე (საფრანგეთი); 2. ანა ველენსეკი (სლოვენია); 3. აბიგელ იოო (უნგრეთი), მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია).

+78 კგ. 1. ლუსია პოლავდერი (სლოვენია); 2. ემილიე ანდოლი (საფრანგეთი); 3. ბელკის ზერა კაია (თურქეთი), ირინა კინდერსკა (უკრაინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპა გუნდურადაც მოვდრიკეთ - ზედიზედ მეორე ევროგუნდური ოქრო
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!
ფანტასტიკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან


მკითხველის კომენტარები / 5 /
tite – მართლაც უაზრო რატრატს პირიქით დაანებე თავი, განსაკუთრებით იმ სფეროში, რაშიც ვერ ერკვევი, ხოლო ფაქტები და მედლები თვითონ გადაამოწმე...
Irakli– მეგობარო, მესმის, რომ ძალიან გინდა, გუნდური ოქროც ჩაგვეთვალოს საერთო მაჩვენებელში, მაგრამ ჩვენს სურვილზე რომ არ დადის ევროპის ფედერაცია? )))) გუნდური არ ითვლება პირად შედეგებში, რადგან ეს ორი სხვადასხვა ტურნირია. პირადი – ესაა არაოფიციალური გუნდური ჩათვლა, რომელიც მოპოვებული მედლების რაოდენობიდან და ხარისხიდან გამომდინარეობს. გუნდური ტურნირი ხშირად არც ტარდება, თუმცა ბოლო წლებში კი მიეცა სტაბილური სახე, მაგრამ ბევრი წამყვანი ფალავანი ხშირად არც გამოდის მანდ. თუ მაინც გგონია, რომ ერთად ითვლება, აგერ ბატონო – ჩემპიონატის ოფიციალური საიტი და დარწმუნდები, რომ არც ევროპული ფედერაცია გვითვლის გუნდურის ოქროს პირადის მედლებთან.
http://www.ippon.org/eju_sen2013.php
ამ ბმულზე შეგიძლია, კაცების მაჩვენებელი ცალკე ნახო – იქ ულაპარაკოდ ვართ პირველები, მაგრამ საერთოში ფრანგებმა გვაჯობეს ქალების ერთი ოქროთი.
პ.ს. მადლობა აზრის კორექტულად გამოხატვისთვის.
ირაკლი თავაძე
22:36 29-04-2013
0
უაზრო რატრატის მაგივრად ჟურნალისტმა ფაქტებს მიაქციოს ყურადღება, ისიც კი არ იცის რამდენი მედალი გვაქვს,
tite
14:50 29-04-2013
0

სიახლეები პოპულარული