საამისო შანსი მათ მალევე მიეცემათ - 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება. ცხადია, ის ევროპის პირველობაზე გაცილებით ძლიერი ტურნირი იქნება და ჩვენებსაც რეპუტაციის შესანარჩუნებლად ბევრად მეტი ბრძოლა დასჭირდებათ.
ბუნებრივია, ევროპაზე მედლების სარეკორდო რაოდენობის მოპოვების შემდეგ დაგაინტერესებთ, როგორია ჩვენი სტატისტიკა მსოფლიოს პირველობებზე. აქ ყველაზე წარმატებით ჯერ კიდევ საბჭოთა
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მეტი მედალი - 3-3 ორჯერ მოვიპოვეთ. ჯერ ეს 1993 წელს კანადურ ჰემილტონში შევძელით, როცა დამოუკიდებელი ქვეყნის რანგში პირველად წარვსდექით მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეორედ კი მსგავს მიღწევას მთელი 14 წელიწადი ველოდეთ, ვიდრე 1997 წელს იმავე რიო დე ჟანეიროში ისევ არ გაგვახარა ნაკრებმა.
თუმცა ამ ორ წარმატებას შორის ერთი არსებითი განსხვავებაც იყო - მეორე ტრიუმფს ოქროს ელვარება ამშვენებდა, პირველად კი 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს იმედად დავრჩით. მაშინ დავით ხახალეიშვილმა 95 კილოგრამში ვერცხლი, აბსოლუტურში კი ბრინჯაო მოიპოვა. მესამეზე გავიდა გიორგი ვაზაგაშვილიც.
კოპა-კაბანას ლაჟვარდოვან სანაპიროზე, გარდა იმისა, რომ კვლავაც ძლიერად ვიასპარეზეთ, მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინის 18-წლიანი უსიამოვნო მოლოდინიც შევწყვიტეთ. მაშინ ნავსი ირაკლი ცირეკიძემ გატეხა, რომელიც მომდევნო წელს ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა და საქართველოს ძიუდოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად მოგვევლინა. ბრაზილიაში ნესტორ ხერგიანი (60) მეორეზე, ლაშა გუჯეჯიანი (+100) კი მესამეზე გავიდნენ.
ამდენად, ირაკლი უზნაძესა და მის გუნდს სულის მოთქმის საშუალებაც არ ექნებათ, ისე უნდა მოემზადონ მომავალი დიდი შეჯიბრების და ასევე დიდი წარმატებისთვის.
ბუნებრივია, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ მსოფლიოზეც 7-დან 6 ფინალში გვეყოლება მონაწილე და 9 კაციდან 7 მედალს მოიპოვებს, მაგრამ ხარისხობრივი თუ არა, რაოდენობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება შეუძლებელი სულაც არ ჩანს.
თუმცა ჯანდაბას რეკორდი, მთავარია, კარგად გამოვიდეთ. ამის იმედს კი სტაბილური, მობილიზებული გუნდი გვაძლევს, რაც წარმატების უმთავრესი წინაპირობაა.
ფოტოზე: ირაკლი უზნაძე და გიორგი ვაზაგაშვილი ბუდაპეშტში
ერთი საინტერესო პარალელიც ევროპის ამ პირველობიდან - 2002 წლის ევროპის ჩემპიონ უზნაძეს კონტინენტის ახლანდელ პირველობაზე მწვრთნელის რანგში დებიუტი ჰქონდა ოფიციალურ შეჯიბრებაზე;
ასევე დებიუტი ჰქონდა 2002 წლის ფინალში მის ესტონელ მეტოქე ალექსეი ბუდოლინს... თუმცა, უზნაძისგან განსხვავებით, მისი სამწვრთნელო კარიერა არც ისე წარმატებით დაიწყო - გუნდი გაეხლიჩა, შეგირდთა ნაწილი მზადების მისეულ გეგმას არ დაეთანხმა და ცალკე გააგრძელა ვარჯიში, რასაც ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებლობაც დაერთო - ესტონელებმა უნგრეთში ერთი მედალიც ვერ მოიპოვეს.
თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ნაკრებს, რომელსაც მსოფლიოს პირველობისთვის მზადების გზაზე კვლავაც ბევრი სამუშაო აქვს - ბლომად მედლების მიუხედავად, ბუდაპეშტში გარკვეული ხარვეზებიც გამოჩნდა, ტაქტიკური თუ ტექნიკური ხასიათის. თან, მსოფლიო ევროპაზე შეუდარებლად ძლიერი შეჯიბრებაა და იქ ახლანდელი დონე არანაირად არ იქნება საკმარისი. მით უფრო, თამასაც ძალიან მაღალზე გავდეთ...
სავსებით მოსალოდნელია, მსოფლიოსთვის გუნდში საკადრო ცვლილებებიც მოხდეს და ახლანდელი შემადგენლობიდან ვიღაც, თუნდაც მედალოსანი ამოვარდეს. ამ თვალსაზრისით იქნებ კარგიცაა გუნდის 9-კაციანი ლიმიტირება. მართალია, ყველა წონაში 2 ფალავნის გაყვანასაც თავისი დადებითი მხარე აქვს - ბევრად მეტს ეძლევა შანსი, მაგრამ ახლანდელი წესით, სათადარიგოებს შორისაც გაჩაღდა კონკურენცია, ვინ მოხვდება იმ ორ საუკეთესოში. 14-კაციანი ლიმიტით ყველა მეორე ნომერს განაღდებული ჰქონდა ევროპა-მსოფლიოზე ჭიდაობა, ახლა კი საამისოდ უნდა იბრძოლონ.
ამ თვალსაზრისით, იქნებ ჩვენს ნაკრებს საკადრო რეზერვი ბევრი არ აქვს, მაგრამ 60 კილოგრამში არც უამისობაა - აქ ხომ ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი გვყავს. საბედნიეროდ, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა და ფედერაციამ მას აზერბაიჯანში გადასვლის ნება არ მისცეს (თუ გახსოვთ, ევროპის პირველობის წინ ვწერდით, რომ ერთ ცნობილ სპორტსმენს სხვაგან სურდა გადასვლა - მასში შუკვანი იგულისხმებოდა).
ახლა მთავარია, ის ბოლომდე ჩაერთოს გუნდის მუშაობაში და აღიდგინოს ძველი კონდიციები.
სპორტული შედეგებიდან გამომდინარე, არა მგონია, შუკვანმა ახლა მოისურვოს აზერბაიჯანის ნაკრებში გადასვლა, იქაურები ბუდაპეშტში იმდენად ცუდად გამოვიდნენ - მხოლოდ ორი მეხუთე ადგილი! შესაბამისად, ადგილობრივმა მედიამ პეტერ ზაიზენბახერის წინააღმდეგ კიდევ უფრო აიმაღლა ხმა.
"ევროპული კოშმარი აზერბაიჯანის ნაკრებისთვის", "ევროპული სირცხვილი", "აზერბაიჯანი სტარტზე რუსეთმა გაანადგურა", - აი, ასეთი სათაურებია იქაურ ინტერნეტსაიტებზე, სადაც პირდაპირაც დაისვა კითხვა, ხომ არ ვიჩქარეთ ავსტრიელი სპეციალისტის მოწვევაო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ევროპა გუნდურადაც მოვდრიკეთ - ზედიზედ მეორე ევროგუნდური ოქრო
ვერცხლის ფინიში და ქართველი ძიუდოისტების სარეკორდო გამოსვლა
ფანტასტკა გრძელდება - ქართველი ძიუდოისტები ახალ რეკორდზე მიდიან
ოქროს დუბლი - ასეთი დასაწყისი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში არ გვქონია!
უცხოელები და ქართული მენტალიტეტი - რით განსხვავდება მწვრთნელი ოქრომჭედლისგან