ძიუდოს ახალი საერთაშორისო რეიტინგი გამოქვეყნდა

AutoSharing Option
გამოქვეყნდა ძიუდოს ახალი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც ჩვენი ფალავნები კვლავაც ინარჩუნებენ მოწინავე პოზიციებს.

მოგეხსენებათ, ამ უქმეებზე ბაქოში "დიდი მუზარადის" სერიის რიგით მეორე ტურნირი ტარდება, რაც მთლიანად განსაზღვრავს 25-26 მაისს ტიუმენში გასამართი მასტერსის შემადგენლობას.

შეგახსენებთ, რომ იქ საერთაშორისო რეიტინგის 16 საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობს. რეიტინგი ცოტა სხვა პრინციპით ითვლება - 5 საუკეთესო შედეგს ემატება კიდევ ერთი, კონტინენტური პირველობის ან მასტერსის.

იმათგან საუკეთესო ექვსეულში შევა, ეგრეთ წოდებულ ექსტრა-შედეგში, ხოლო უფრო მცირე - იმ 5 საუკეთესოში (ცხადია, იქაც თუ მოხვდება).

ეს იქიდან გამომდინარე, რომ მასტერსზე
ყველა ვერ გამოდის, თუმცა მას და კონტინენტურ პირველობას შორის გვარიანი სხვაობაა - პირველის გამარჯვებული 700 ქულას იღებს, მეორისა - 400-ს.

ევროპის პირველობაზე გამარჯვების შემდეგ ამირან პაპინაშვილი (60) სათავეში მოექცა რეიტინგს - 1 296 ქულა დააგროვა და 8 ქულით ჩამოიტოვა იაპონელი ნაოჰისა ტაკატო.

მესამეზე რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანია 1 058-ით; ბრაზილიელი ოლიმპიური პრიზიორი ფელიპე კიტადაი, ვინც ახლა პან-ამერიკაც მოიგო, 1040-ით - მეოთხეა, ხოლო ახლახან აზიის პირველობაზე გამარჯვებული იაპონელი ჰიროფუმი იამამოტო 980-ით - მეხუთე.

ჩვენგან ტოპ-16-ში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანიც შედის - 734 ქულა და VIII ადგილი.

სავარაუდოდ, ვერც მას წაართმევს ვინმე ადგილს მასტერსზე, თავად თუ ისურვა ჩვენი სახელით გამოსვლა.

პაპინაშვილის იმ ზონიდან გამოგდება ბაქოს, "დიდ მუზარადს" არანაირად არ ძალუძს, იმის მიუხედავად, რომ თვითონ იქ არ იჭიდავებს.

66 კილოგრამში ევროპის ჩემპიონობამ ლაშა შავდათუაშვილს რეიტინგის სათავეში პირველი ადგილი დაუბრუნა, რადგან 1436 ქულა დაუგროვდა. ფრანგმა დავიდ ლაროსემ კი ევროპული ბრინჯაოთი მხოლოდ 1244 მოაგროვა.

მესამეზე აზიის პირველობაზე გამარჯვებულმა მონღოლმა ტუმურკულეგ დავაადორჯმა აინაცვლა - 1130.

ხუთეულში იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი მასაში ებინუმა (990) და სამხრეთკორეელი ჯუნ-ჰო ჩოც (980) შედიან.

სამწუხაროდ, ამ წონაში ჩვენგან სხვას თეორიული შანსიც არ აქვს მასტერსზე მოხვედრისა - მათგან საუკეთესო შალვა ქარდავა მხოლოდ 45-ეა.

საერთოდ, ბაქოში მოჭიდავეთაგან მასტერსზე მოსახვედრად მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი (73) და ლევან წიკლაური (81) თუ იბრძოლებენ.

ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი რეხვიაშვილი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი დღესდღეობით კეტავენ მასტერსის ზონას - ტატალაშვილი 588 ქულით მე-15-ეა, რეხვიაშვილი კი 562-ით - მე-16.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ბაქოში, მაგრამ დიდი შანსია, ტატალაშვილმა დაკარგოს ეს ადგილი; რეხვიაშვილმა კი აუცილებლად უნდა შეიმატოს ქულები, თორემ ტიუმენში წასვლის შანსი მასაც გაუფრინდება ხელიდან.

იმედია, ის შეინარჩუნებს ბუდაპეშტში, ევროპის პირველობაზე ნაჩვენებ შემართებას და მედალს ამჯერადაც მოიპოვებს.

81 კილოგრამი ის წონითი კატეგორიაა, სადაც, იდეაში, ჯერ კიდევ გვრჩება მასტერსზე ორი მონაწილის გაყვანის შანსი.

ევროპის ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს (81) ეს განაღდებული აქვს - 1340 ქულით მყარადაა გამაგრებული მესამე ადგილზე და მას 16-ეულიდან ძვრას ვერავინ უზამს; აი, ლევან წიკლაურს კი მხოლოდ ბაქოში წარმატებით გამოსვლა თუ უშველის - სადღეისოდ 462 ქულით 22-ეა.

კონკურენტებიც სერიოზულები ჰყავს, მათ შორის, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხორვატი ტომისლავ მარიჯანოვიჩი და ბელგიელი ევროპის პრიზიორი იოახიმ ბოტიო, რომლებთანაც წინა კვირას ბუდაპეშტში დამარცხდა; ოღონდ არ ვიცი, ჩავლენ თუ არა ისინი აზერბაიჯანში.

ამათ გარდა, 16-ეულში მოსახვედრად თუ პოზიციების გასამყარებლად ისეთი ფალავნები იბრძვიან, როგორებიც ბრაზილიელი ლეანდრო გილეირო, ფრანგი ალაინ შმიტი, რუსი სირაზუდინ მაგომედოვი, მასპინძელი ტურალ შაფგულიევი, იაპონელი ტაკაჰირო ნაკაია და სხვები არიან.

ოღონდ შაფგულიევს ევროპის წინ ტრავმა აწუხებდა და იქნებ ვერც იჭიდავოს, თუმცა პეტერ ზაიზენბახერმა ტრავმების გამო დასვენების უფლება ოფიციალურად ორს მისცა - ილგარ მუშკიევს (60) და ელნურ მამედლის (81).

ჩვენი გუნდიდან ვალერი ლიპარტელიანი (90) რეიტინგის სათავეში მყოფი მესამე ქართველია. მის ანგარიშზე 1782 ქულაა და საგრძნობლად უსწრებს 1554-იან კუბელ ეშლი გონსალესს.

გაბერძნებული ილიას ილიადისის მაჩვენებელი 1142 ქულაა, რუსი კირილ დენისოვის მონაგარი 1006-ია, იაპონელი მასაში ნიშიამასი - 870.

ამ წონაში სხვა ქართველებიდან მასტერსზე მოხვედრის შანსს მხოლოდ ზვიად გოგოჭური ინარჩუნებს, რომელიც 372 ქულით მე-20-ეა. ის ბაქოშიც იჭიდავებს და იმედია, ქულათა მარაგს სათანადოდაც გაიმდიდრებს.

სავარაუდოდ, 100-ში მასტერსზე წლეულს მონაწილე არ გვეყოლება. აქ ირაკლი ცირეკიძე და ლომერ ჟორჟოლიანი 22-23-ე ადგილებზე არიან, მაგრამ პირველმა უკვე დაანება ჭიდაობას თავი, მეორე ბაქოში არ გამოდის და ერთადერთ შანსად ის რჩება, წინ მდგომთაგან ამდენმა იუაროს მასტერსზე გამოსვლა.

ჯერ ესეც ძნელი წარმოსადგენია და თან ადრე ეს ადგილმონაცვლეობაც შეზღუდული იყო - მე-18-ეს დაბლა აღარ აძლევდნენ ჭიდაობის ნებას, წლეულს კი ჯერ გაურკვეველია, ეს წესი ისევ მოქმედებს თუ შეიცვალა.

+100-ში ვერც ადამ ოქრუაშვილს შეეცილება ვინმე მასტერსის საგზურს - 1112 ქულით მეოთხეა.

ცხადია, აქ პირველ ადგილზე ევროპის ჩემპიონი ფრანგი ტედი რინერია - 2000 (ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვიდივე წონაში!), მეორეზე პან-ამერიკის ბრაზილიელი გამარჯვებული რაფაელ სილვაა 1410-ით, მესამეზე - კორეელი სუნ-მინ კიმი 1190-ით, ხუთეულს კი აფრიკის ტუნისელი ჩემპიონი ფაიცელ ჯაბალანი აგვირგვინებს 916 ქულით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ივანიშვილის დაპირება: სუპერთანამედროვე ბაზა ძიუდოისტებს... რამდენიმე!
ქართველი ძიუდოისტები ბაქოს ტურნირზე გამოვლენ
სამედიცინო გამოკვლევის დასკვნა: ლაშა შავდათუაშვილს დასვენება სჭირდება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული