ჩემპიონი ლევან წიკლაური (81) გახდა; ტრისტან ფეიქრიშვილი, შალვა ქარდავა (ორივე - 66), ზვიად გოგოჭური (90) და ლევან მატიაშვილი (+100) კი მესამეზე გავიდნენ.
ეს შედეგი ბევრად უფრო მოკრძალებულია ჩვენების ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელთან, როცა ევროპის პირველობაზე 7 მედალი მოიპოვეს, თუმცა ეს ობიექტური მიზეზიდან გამომდინარეობს - ბაქოში ჩვენები სათადარიგო შემადგენლობით გამოდიოდნენ, ევროპაზე ნაჭიდავებიდან იქ მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილმა (73) და წიკლაურმა იასპარეზეს.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ამათაც არ
საბედნიეროდ, ეს ამოცანა ორივემ გადაჭრა.
სამასტერსე ქულები
წიკლაური პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი ზედიზედ ოთხი პაექრობა მოიგო იპონით. მათ შორის - მეორე წრეში ხორვატ ტომისლავ მარიჯანოვიჩთან, ვისთანაც წინა კვირას ევროპის პირველობაზე წააგო.
ახლანდელი დამაჯერებელი რევანშით მან დაამტკიცა, რომ მაშინდელი მარცხი შემთხვევითობა იყო.
ხორვატამდე წიკლაურმა ჩეხ იარომირ მუსილსაც სძლია, ნახევარფინალში კი მასპინძელ რუსტამ ალიმლისაც აჯობა. ალბათ, ეს ყველაზე ძნელი შეხვედრა იყო ჩვენებურისთვის - ვაზარს აგებდა და ცაიტნოტში ჩავარდნილმა მთელი ძალები მოიკრიბა მოსაგებად.
ფინალში წიკლაურმა ფრანგ ალაინ შმიტს მოუგო და რეიტინგში 500 ქულა შეიმატა. ამით 962 ქულა გაუხდა და რეიტინგში ხუთეულშიც კი შევიდა.
რაც შეეხება ავთანდილ ჭრიკიშვილს, ის კვლავაც მესამეა 1340-ით.
უმედლოდ დარჩენის მიუხედავად, მასტერსზე გამოსვლის უფლება რეხვიაშვილმაც მოიპოვა. პირველ წრეში ისიც ისვენებდა, მეორეში კი შეხვედრის შუაწელში იოლად დააიპონა მოლდოვიდან არაბულ საემიროებში გაქცეული ვადიმ ბოცანი.
მეოთხედფინალში მასპინძელთა მომავალ ჩემპიონ რუსტამ ორუჯოვთან დამარცხდა, რაშიც თამამად შეიძლება მსაჯთა დადანაშაულება.
ჩვენებურს სანუგეშოში დიდი წინააღმდეგობა გაუწია კანადელმა ალექსის მორინ-მარტელმა და ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ ევროპის ბრინჯაოსმედალოსანმა ქართველმა იპონით ამოუქაჩა.
სამწუხაროდ, ჩვენებური ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან ვერაფერს გახდა და მეხუთეზე გავიდა. ამით მან 100 ქულა მოიპოვა, 662 გაუხდა და მასტერსზე იჭიდავებს, მაგრამ, სავარაუდოდ, 16-ეულიდან გავარდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი. მას ახლა ორუჯოვიც გადაუსწრებს და კონტინიც, ანუ რეხვიაშვილს მათთან რომ ემარჯვა, თანაგუნდელსაც გაიყოლებდა თვის ბოლოს ტიუმენში, მასტერსზე საჭიდაოდ...
დაველოდოთ ახალი რეიტინგის გამოქვეყნებას, მაგრამ საქმეს უფრო ისეთი პირი უჩანს, ტატალაშვილი იმის იმედად უნდა იყოს, რომ ვინმემ იუაროს ტიუმენში გამოსვლა.
ბაქოს ტურნირმა მასტერსზე კიდევ ერთი მონაწილე შეგვმატა - გოგოჭური. ძირითად ბადეში მან ერთი შეხვედრა მოიგო, რაკი პირველ წრეში ისვენებდა - შვედ იოაკიმ დვარბისთან წმინდად, მერე კი რუს კამალ მაგომედოვთან დამარცხდა და სანუგეშოში გადაერთო. იქაც იპონებით იმარჯვა - აზერბაიჯანელთა უნივერსიადის ჩემპიონ რამინ გურბანოვთან და უკრაინელ სტანისლავ რეტინსკისთან.
ამ ბრინჯაომ მას 200 სარეიტინგო ქულაც შემატა, რის შემდეგაც 570 გაუხდა და მე-14 ადგილზე გადავიდა.
ახალგაზრდების შანსი
ჩვენი გუნდის 4 ბრინჯაოსმედალოსნიდან ორი - ფეიქრიშვილი და მატიაშვილი ჯერაც ახალგაზრდულ ნაკრებში ჭიდაობენ, თუმცა უფროსებში საქართველოს წლევანდელი ჩემპიონებიც არიან.
ბაქოს "დიდი მუზარადი" იქნებ არ იყო მთლად ძლიერი ტურნირი, რადგან რეგიონული პირველობები ყველა კონტინენტზე ახალი ჩამთავრებულია, ლიდერთა უმეტესობა ისვენებს და მასტერსის ან მსოფლიოს პირველობისთვის ემზადება, თუმცა ამ ახალგაზრდებისთვის მაინც კარგი სკოლა იყო.
მაგალითად, ფეიქრიშვილმა შედარებით სუსტი თურქი მურატ დოგანის გარდა, მოუგო ისეთ ძლიერ ფალავნებს, როგორებიც ბრაზილიელი ლეანდრო კუნა და აზერბაიჯანელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ტარლან კარიმოვია, ეს კი სერიოზული განაცხადია. დამამშვიდებლის ფინალში მან რუსი იაკუბ შამილოვიც დაამარცხა ვაზარ-იპონით, კარიმოვს კი ქარდავამაც აჯობა ასევე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში.
ამ წონაში ჩვენებურები ნახევარფინალიდან გამოვარდნენ - რეხვიაშვილმა მონღოლთა მომავალ ჩემპიონ ტუმურკულეგ დავაადორჯთან წააგო, ქარდავა კი მასპინძელთა მსოფლიოს პრიზიორ ნიჯატ შიხალიხზადასთან დამარცხდა.
მატიაშვილმა ტურნირი მონღოლებთან შეხვედრით დაიწყო და დაასრულა. მან პირველ წრეში დუურენბაირ ულზიბაიარი დააიპონა (თუმცა მანამდე ვაზარიც აართვა), მერე კი რუსთა ახალბედა ანდრეი ვოლკოვთან ზუსტად ასეთივე სხვაობით წააგო.
დამამშვიდებელში ჩვენებურმა რუმინელ დანიელ ნატეასთან წმინდად გამარჯვების შემდეგ ბრინჯაოსთვის პაექრობაში კიდევ ერთ მონღოლს, სუგარჯარგალ ბოლდპურევსაც იპონით სძლია.
ბაქოში მოასპარეზე ჩვენი სხვა ფალავნები - ვაჟა მარგველაშვილი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), გიორგი პაპუნაშვილი (73), პაატა ღვინიაშვილი (90), გიორგი ნოზაძე, გურამ თუშიშვილი (ორივე - 100) და ონისე ბუღაძე (+100) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ.
ასევე თავიდანვე გამოეთიშნენ ტურნირს ქალთა შორის მოჭიდავე ქართველებიც - შორენა შარაძე (63) და ირინა ლეონიძე (+78). ლეონიძე სანუგეშოში კი გადავიდა, მაგრამ იქაც პირველივე ორთაბრძოლა დათმო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ირაკლი უზნაძე: ეს ლიპარტელიანის ბოლო მარცხი იყო დენისოვთან
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები: მსოფლიოსთვის აწეული თამასა
ევროპა გუნდურადაც მოვდრიკეთ - ზედიზედ მეორე ევროგუნდური ოქრო