ბუდაპეშტიდან ტიუმენამდე - რა გვიჩვენა ახალმა ტურნირმა

AutoSharing Option
ფოტოზე: ტიუმენში ქართველთაგან ოქრო მხოლოდ ადამ ოქრუაშვილმა მოიპოვა (მარცხნიდან მეორე)

სასიამოვნოა, რომ ტიუმენში, ძიუდოისტთა მასტერსის ტურნირში ჩვენმა ფალავნებმა 1 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვეს, რითაც რეიტინგშიც განიმტკიცეს ლიდერობა.

ოქრო ადამ ოქრუაშვილმა (+100) მოიპოვა, მესამე ადგილზე კი ამირან პაპინაშვილი (60), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) და ვალერი ლიპარტელიანი (90) გავიდნენ.

იმის მიუხედავად, რომ მასტერსზე ამდენი მედალი არასოდეს მოგვიპოვებია, სულ რაღაც ერთი თვის წინათ გამართული ევროპის პირველობის ფონზე ჩვენი ნაკრების ახლანდელი გამოსვლა არცთუ დამაჯერებელია. 4 მედალს (მით უფრო - ოქროთი გამყარებულს) წარუმატებელს ვერანაირად ვუწოდებთ,
მაგრამ რამდენიმე ცუდი სიმპტომიც დავინახეთ, რამაც უფრო უკეთესი შედეგის მიღწევაში ხელი შეგვიშალა - რამდენიმე ლიდერი უმედლოდ დარჩა, ზოგისგან მეტს ველოდით, ზოგმა კი ვერაფრით დაარღვია უხერხულ მეტოქესთან წაგების უსიამოვნო ტრადიცია...

გუნდის ასეთ გამოსვლასაც აქვს თავისი ახსნა - მასტერსი ევროპის პირველობიდან ზუსტად 1 თვის თავზე ჩატარდა. ბიჭებმაც ფორმის პიკი იქ გადაიარეს, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში კი ძალების სრულად აღდგენა შეუძლებელია. ეს ეტყობოდათ კიდეც სპორტსმენებს (არა მხოლოდ ჩვენებს) - თითქმის ყველა მათგანი გადაღლილი იყო და შენელებული კადრივით მოქმედებდა.

წესით, ახლა სპორტსმენები სარეაბილიტაციო პერიოდს უნდა გადიოდნენ. მით უფრო, სეზონის მთავარი შეჯიბრება - მსოფლიოს პირველობა წინ ელოდებათ, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, აგვისტოს ბოლოს. ახლა მათი მთელი ენერგია იმ შეჯიბრებისთვის სათანადოდ მომზადებისკენაა მიპყრობილი და ფორმის პიკში არავინ შევა.

ელემენტარულად, ასეთ მცირე დროში ვერც შეძლებენ ამას. აკი რამდენიმე ლიდერმა გამოტოვა კიდეც მასტერსი - უეჭველია, ისინი ასე მსოფლიოსთვის მზადების მიზნით მოიქცნენ.

Sportall.Ge
ფოტოზე: ავთანდილ ჭრიკიშვილი (თეთრ კიმონოში)

იქნებ თქვათ, რაღა ჩვენებისთვის იყო მოუხერხებელი დროო, მაგრამ ევროპის წლევანდელ მედალოსნებს თუ გადავხედავთ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ტიუმენში ადრევე და უსახელოდ გავარდა. მაშინდელ მედალოსანთაგან პრიზიორთა შორის ყველაზე მეტნი ისევ ჩვენები მოხვდნენ - პაპინაშვილი, ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი და ოქრუაშვილი.

უცხოელთაგან კვარცხლბეკზე მხოლოდ ფრანგები, დავიდ ლაროსე (66) და სირილ მარე (100), აგრეთვე რუსი კირილ დენისოვი (90) და ჰოლანდიელი ხენკ ხროლი (100) ავიდნენ. თან, წამყვანი რეგიონებიდან ამერიკელებმაც და აზიელებმაც ევროპელებზე ერთი კვირით ადრე ჩაატარეს თავიანთი პირველობები, ანუ ცოტა მეტადაც დაისვენეს.

კარგი იქნება, საერთაშორისო ფედერაცია მასტერსს შემოდგომისთვის, მსოფლიოს პირველობის შემდეგ თუ გადაიტანს, ან, რაკიღა მისი პრესტიჟის ამაღლება უნდა და მსოფლიოსთვის დიდ სარეიტინგო დატვირთვას აძლევს, მაშინ შეიძლება, შემოდგომაზე მსოფლიოს პირველობა ჩატარდეს, ეს კი ზაფხულში გაიმართოს.

თუმცა, როცა გინდა გაიმართოს ეს შეჯიბრება, ახლანდელი გამოსვლის გამო გუნდის მკაცრი კრიტიკა არ მიგვაჩნია სწორად, რისი სურვილიც იქნებ ბევრს გაუჩნდეს ევროპის ფონზე. მაშინ კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ, რომ ის ტურნირი სუსტი იყო და იმიტომ გამოვედით ისე კარგად, რასაც არც მაშინ ვეთანხმებოდით, რადგან მედლებს თავი დავანებოთ და ბიჭებს მთელ რიგ კომპონენტებში აშკარა პროგრესი ჰქონდათ.

ვიმეორებთ - გუნდი ტიუმენში იმ დონეზე არ გამოსულა, მაგრამ 4 მედალს ვერც ჩავარდნას დავარქმევთ. უბრალოდ, სამწვრთნელო შტაბმა აღებული ტემპი არ უნდა დააგდოს და ევროპის წინ მიღწეული კიდევ უფრო განავითაროს; იფიქროს იმაზე, რა მოუხერხონ დენისოვს, როგორ გაამრავალფეროვნონ ლიპარტელიანის ჭიდაობა; როგორ გაუკეთონ მაქსიმალური მობილიზება მართლაც ნიჭიერ ფალავნებს, ზებედა რეხვიაშვილსა და ნუგზარ ტატალაშვილს (ორივე - 73), რათა ბოლოს კი არ გამოფხიზლდნენ წაგების შიშით, არამედ თავიდანვე ბოლომდე დაიხარჯონ და საჭირო მომენტში, როცა სულ ცოტა ბიძგია საჭირო მოსაგებად, ოდნავ მოუმატონ ტემპს.

ერთი სიტყვით, მწვრთნელებმა იფიქრონ ამგვარ ნიუანსებზე, რაც ხელს გვიშლის კიდევ უფრო დიდი წარმატებების მოპოვებაში, თორემ ამ ერთი ტურნირის შედეგებიდან გამომდინარე ნუ ვიტყვით, რომ გუნდი მრუდე გზას ადგას.

ჯერ კიდევ მასტერსის დაწყებამდე არსებობდა ორი ინტრიგა - გატეხავდნენ თუ ვერა პაპინაშვილი და ლიპარტელიანი ნავსს და თუ დაამარცხებდნენ რუსებს, შესაბამისად, ბესლან მუდრანოვსა და დენისოვს.

ტურნირის მიმდინარეობამ ჭრიკიშვილი-სირაზუდინ მაგომედოვთან მიმართებაშიც დასვა ეს კითხვა, თუმცა მას დადებითი ბალანსი ჰქონდა რუსთა ორგზის ევროპის ჩემპიონთან. სამწუხაროდ, ლიპარტელიანმა ვერ შეძლო დანავსული სერიის შეწყვეტა, სხვებმა კი გაგვახარეს.

თუმცა სამწვრთნელო კორპუსს ასევე დიდი შრომა მართებს, რათა პაპინაშვილმა მუდრანოვის შემდეგ, ვისაც ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ სძლია, ახლა უკვე აზიელებსაც მოარგოს გასაღები, თორემ ყაზახ იელდოშ სმეტოვთან წლეულს უკვე მეორედ წააგო (პირველად - თბილისის ტურნირზე) და იქაურთაგან სხვებიც ჰყავს უხერხული მეტოქეები, მაგალითად, მონღოლი ბოლდბაატარ განბატი.

ამ მასტერსმა ერთი არასასიამოვნო დეტალიც გამოავლინა - სამწუხაროდ, მსაჯობა ადრინდელივით ცუდი იყო. ახალი წესების შემოღების შემდეგ, ამ მხრივ, საყვედური თითქოს არ გვეთქმოდა - არ ვგულისხმობთ ცალკეულ შემთხვევებს, რადგან შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ვითარება ნაღდად შეიცვალა. ახლა კი, სამწუხაროდ, ისევ ძველ რეალობაში დავბრუნდით.

არ ვიცით, ეს რუსეთში გამართვას დავაბრალოთ თუ რას - არაფერი შოვინისტური, მაგრამ იქაური შეჯიბრებები არასოდეს გამოირჩევა ობიექტური მსაჯობით.

აუხსნელმა გაფრთხილებებმა ძალიან ბევრჯერ გვაზარალა - იგივე ჭრიკიშვილი, ტატალაშვილი, რეხვიაშვილი, ლიპარტელიანის დენისოვთან გაფრთხილებაც დასანანი იყო, მაგრამ მე მაინც იმ აზრზე ვრჩები, რომ მეტოქესთან ერთად, მსაჯსაც უნდა აჯობო.

ამის მაგალითი მათ ისევ ოქრუაშვილმა უჩვენა, რომელიც კუბელ ოსკარ ბრაისონთან ორჯერ გააფრთხილეს ასე საეჭვოდ, მაგრამ ამას იპონით უპასუხა.

ტატალაშვილი ბრაზილიელ ბრუნო მენდოსასთან ვაზარს აგებდა, თუმცა სამჯერ გააფრთხილებინა და მოსაგებად ერთიც ჰყოფნიდა. ბოლო წუთებში მენდოსა აშკარად პასიურობდა, ბრძოლას გაურბოდა და მსაჯმა დაინდო, მაგრამ ჩვენებურსაც უნდა მოეძებნა ძალა საკუთარ თავზე გადასახტომად, მან კი ვერ მოუმატა.

იმედია, მსოფლიოს პირველობაზე ყველა ხარვეზი გამოსწორებული იქნება, წერილს კი ოქრუაშვილის სიტყვებით დავასრულებთ, რომელმაც ადგილობრივ მედიას შემდეგი განუცხადა:

"ფინალისთვის ძალიან სერიოზულად განვეწყე, რადგან სერიოზული მეტოქე მყავდა, თუმცა შიშის გრძნობა არ მქონია. ტატამზე მტკიცე გადაწყვეტილებით გავედი - მოგება შემიძლია!

აქამდე ბრაზილიელს არ შევხვედრივარ, მაგრამ ყველაფერი გეგმისამებრ მოხდა.

ფინალის შემდეგ ძალიან ემოციური ვიყავი, თუმცა სხვანაირად არც შეიძლებოდა - ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მასტერსზე მოხვედრაზე ვოცნებობდი, ახლა კი ჩემპიონი ვარ. ამიტომ გასაგებია, ახლა ჩემში ემოციები სჭარბობს".

მისგან განსხვავებით, გულდაწყვეტილია ლიპარტელიანი, რომელმაც თქვა, რომ ტიუმენში საჩემპიონოდ ჩავიდა და ბრინჯაოთი გახარებული არაა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ვალერი ლიპარტელიანი (თეთრ კიმონოში) ტიუმენში მოპოვებული ბრინჯაოთი გახარებული არაა

სავარაუდოდ, ამ მედლებით ლიპარტელიანმა შეინარჩუნა საერთაშორისო რეიტინგში ლიდერობა, პაპინაშვილმა და ჭრიკიშვილმა - დაიბრუნეს, ხოლო ოქრუაშვილი ერთი ადგილით დაწინაურდა და მესამეზე გადავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ოქროს დასასრული: ტიუმენში ადამ ოქრუაშვილმა ოქრო მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტებმა ტიუმენის მასტერსის პირველ დღეს ბრინჯაო მოიპოვეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული