ლიდერები შიდა ქართლიდან

AutoSharing Option
სურათზე: ნიკო ბიბილაშვილი (მარცხნივ) და ანზორ თენაძე

საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში შიდა ქართლის გუნდმა ერთი ოქროს (მინდია ღოლიჯაშვილი - 55), ორი ვერცხლის (ზაზა სიმონიშვილი - 66, უჩა გასიტაშვილი - 90) და სამი ბრინჯაოს (ვანო ჯავახიშვილი - 55, ბექა შავდათუაშვილი - 60, გიორგი გუგულაშვილი - 66) მედალი მოიპოვა.

გარდა იმისა, რომ ქვეყნის ჩემპიონატი მუდამ მნიშვნელოვანია, ეს შეჯიბრება სპორტსმენთათვის იმითაც იყო მიმზიდველი, რომ მასზე და აგვისტოში გასამართი ევროპის თასი (ბერლინი) ნაჩვენები შედეგების მიხედვით აპირებს გუნდის დაკომპლექტებას ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გუგავა.

ნიშანდობლივია,
რომ თავის წონით კატეგორიებში გამოკვეთილი ლიდერობის გამო შეჯიბრებიდან ნაკრების მწვრთნელს რამდენიმე ძიუდოისტი ჰყავდა გათავისუფლებული.

მათ შორის გორის ძიუდოს სკოლის სამი წარმომაგენელი ვაჟა მარგველაშვილი (60), ანდრო ბერუაშვილი (66) და ბექა ღვინიაშვილი (90).

მათ ახალგაზრდული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ნაკრებში ლიდერობის კანდიდატად ოქროს მედლის მფლობელი მინდია ღოლიჯაშვილიც ემატება, რომელიც უკვე ზედიზედ მეორედ გახდა ახალგაზრდებს შორის ქვეყნის ჩემპიონი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კონტინენტის ჩემპონატზე მწვრთნელს უფლება აქვს ნებისმიერ ორ წონითი კატეგორიაში ორი ფალავანი გაიყვანოს - ნაკრებში ქართლიდან უფრო მეტი ძიუდოისტის ხილვაც არაა გამორიცხული.

ამ რეგიონის გუნდის წამყვანი ძალა კი გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლაა და შეჯიბრების შეფასებაც ამ სკოლის მწვრთნელებს ანზორ თენაძეს და ნიკო ბიბილაშვილს ვთხოვეთ.

- თუ დაგაკმაყოფილათ შედეგმა, რომელიც თქვენმა შეგირდებმა აჩვენეს საქართველოს ჩემპიონატზე?
ანზორ თენაძე:
- მართალია იმ ფონზე, რომ სამი ლიდერი შეჯიბრებიდან თავისუფალი იყო და ისინი უმაღლესი ხარისხის მედლების უმთავრესი კანდიდატები არიან - შედეგი ვერ ჩაითვლება ურიგოდ, მაგრამ ჩვენ მაინც ცოტა მეტს ველოდით. კერძოდ, გიგა გელაშვილი (+100) აუცილებლად უნდა შესულიყო სამეულში.

მან გუგა კიბორძალიძესთან გაფრთხილებით წააგო, ამბროსი კონკროშვილთან მესამე ადგილისათვის კი აბსოლიტურად მოულოდნელი მარცხი იწვნია. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში გიგა თაყაძეს (100) გიორგი სეტიელთან ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც მსაჯებმა წააგებინეს, თუმცა ძალიან იჩქარეს მისი გაფრთხილება და შემდეგ შეხვედრა უკვე სხვა კალაპოტში წარიმართა.

დასანანი იყო ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშას შავდათუაშვილის ძმის, ბექას მარცხი ნახევარფინალში, როდესაც ის ორ იუკოს იგებდა. მართალია, საბოლოოდ ბექა ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, მაგრამ შეეძლო ფინალში ეჭიდავა და სულაც ჩემპიონი გამხდარიყო.

ნიკო ბიბილაშვილი: - 55 კგ-ში მოგეხსენებათ ჩვენი დარბაზის წარმომადგენელი მინდია ღოლიჯაშვილი გახდა ჩემპიონი.

რომ არა ვანო ჯავახიშვილის მიერ დაკარგული უპირატესობა ფინალში გადასასვლელ დაპირისპირებაში ლერი ჭელიძესთან - ფინალი შიდა ქართლური იქნებოდა.

მოლოდინის მიუხედავად, სამწუხაროდ, კვარცხლბეკზე ვერ დადგნენ გამოცდილი ირაკლი ლომიძე და გიორგი მუზაშვილიც (ორივე - 66). ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა რამდენიმე ძიუდოისტი გუნდში დებიუტანტი იყო. ამ ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობაც მათ უთუოდ სასიკეთოდ წადგებათ.

- თქვენი გუნდის ოქროს მედალოსნის გამოსვლაც შეაფასეთ...
- მინდია ღოლიჯაშვილი ისეთი სპორტსმენია, რომ ნებისმიერ ტურნირის მოგება შეუძლია. ის 19 წლისაა და უკვე მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებში.

შარშან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობას ვფიქრობ, ნაადრევად მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე გამოუცდელობის მიზეზით გამოეთიშა. თუმცა განვლილ წელთან შედარებით მას მნიშვნელოვანად აქვს მომატებული და იმედია, წლეულს კონტინენტის ჩემპიონატზე უმედლოდ არ დარჩება.

- თქვენი მოსაზრება იმ ძიუდოისტთა ამჟამინდელი სპორტულ ფორმის შესახებაც საინტერესოა, რომლებიც შეჯიბრებიდან თავისუფალნი იყვნენ. ბექა ღვინიაშვილი ოპერაციის და წონის გამოცვლის შემდეგ ახლა რამდენად იმედისმომცემად გამოიყურება?
ანზორ თენაძე:
- ბექას ახალ წონაში ადაპტაცია ჯერ კიდევ გრძელდება. ძიუდოს წესებში შეტანილი ცვლილებების შემდეგაც ჩავლებებისას ად ა.შ. ის პერიოდულად უშვებს შეცდომებს, თუმცა ეს შეცდომები გამოსწორებადია და ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომის მერე ღვინიაშვილის შეჩერებას ძნელად თუ ვინმე შეძლებს.

ნიკო ბიბილაშვილი:
- ვაჟა მარგველაშვილმა (60) და ანდრო ბერუაშვილმა (66) ბოლოს ევროპის თასის (სალონიკი) მოგებით გაახარეს ქომაგი. მარგველაშვილი მას შემდეგ კიევშიც გავიდა ევროპის თასზე, ოღონდ წონა აღარ დავაკლებინეთ, 66-ში იჭიდავა და მესამე შეხვედრა დათმო.

მისთვის უცხო წონაში საპრიზო ადგილზე რომ არ გასულა არაუშავს, მოცემულ ეტაპზე უბრალოდ, საშეჯიბრო პრაქტიკა იყო მისთვის აუცილებელი.

ვაჟა ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტია და საერთოდაც მის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, წლეულს კონტინენტის უმთავრესი შეჯიბრებიდან ჩემპიონად უნდა დაგვიბრუნდეს. ანდრო ბერუაშვილმა ნაკრებში ადგილის საბოლოოდ დასამკვიდრებლად ბერლინის ევროპის თასზე უნდა აჯობოს უშუალო კონკურენტებს.

ბოლოს წინა შიდა სარეიტინგო შეჯიბრებაზე ის ასევე შიდა ქართლელ გუგულაშვილთან დამარცხდა, მაგრამ ბოლო სარეიტინგო შეჯიბრებაზე უკვე ყველას ერთი თავით ჯობდა.

საზოგადოდ თუ გადავხედავთ შედარებით მსუბუქ წონებში ჩვენი გუნდის ფალავნები განსაკუთრებით კარგად ასპარეზობენ, შესაბამისად ისინი ნაკრებშიც ლიდერობაზე აცხადებენ პრეტენზიას და საერთაშორისო არენაზეც წარმატებებისთვის იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული