საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტები ევროპის თასზე გამოვლენ

AutoSharing Option
საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთისა და ირანის ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ერთობლივი შეკრება ყვარელში ჩაატარეს.

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტი ბიჭების ნაკრები 17 ივლისს დაასრულებს შეკრებას ყვარელში და თბილისში დაბრუნდება, აგვისტოს დასაწყისში კი გერმანიაში გაფრინდება, სადაც 3-4 აგვისტოს ბერლინში ევროპის ახალგაზრდულ თასზე გამოვა.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია გუგავას იქ გაფართოებული შემადგენლობა მიჰყავს, რადგან ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების გზაზე ეს ბოლო სასტარტო-შესარჩევი ტურნირია და შანსს ყველას აძლევს.

ეგ კი არა, ფედერაციის მიერ დაფინანსებულ ფალავნებს რამდენიმე საკუთარი ხარჯითაც ემატება, რომელთაც ისეთივე შანსი ექნებათ ევროპული საგზურის მოპოვებისა, როგორც - დანარჩენებს.

გერმანიაში ფედერაციის დაფინანსებით გაემგზავრებიან: ლერი ჭელიძე, მინდია ღოლიჯაშვილი, გიორგი საჩალელი (სამივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე - 60), ტრისტან ფეიქრიშვილი, ანდრო ბერუაშვილი, გელა კელიხაშვილი (სამივე - 66), ფრიდონ გიგანი, ლევან გუგავა, აპოლონ ზურაბიანი (73), უშანგი მარგიანი, ბექა დონღვანი (ორივე - 81), ლაშა ტაველური, ბექა ღვინიაშვილი, ილია მანველიშვილი (სამივე - 90), გურამ თუშიშვილი, კობა ოთინაშვილი, გიორგი სეტიელი (100), ლევან მატიაშვილი, გიორგი ზაქარიაძე, როსტომ ხახალეიშვილი (+100).

საკუთარი ხარჯით სამი სპორტსმენი მიდის: მიხეილ მეზურნიშვილი (73), თეიმურაზ ხაჩიძე (81) და გუგა კიბორძალიძე (+100).

გერმანიის ტურნირი იქნება გადამწყვეტი, ვინ იჭიდავებს 20-22 სექტემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში ევროპის პირველობაზე - გუგავა მისი შედეგებით შეარჩევს იქ წასაყვან 9-კაციან შემადგენლობას.

ბუნებრივია, იქნებ ყველაფერი ბოლომდე ვერც იქ გაირკვეს, მაგრამ დარჩენილი კითხვების გადასაჭრელად მწვრთნელს საშეკრებო ეტაპი რჩება.

ყვარელში ჩვენებმა ერთობლივი წვრთნა გაიარეს - მათთან სავარჯიშოდ ჩამოსულები იყვნენ გერმანიის, საფრანგეთისა და ირანის ახალგაზრდული გუნდები უძლიერესი შემადგენლობებით.

ცხადია, ძლიერი შეკრება გამოვიდა და ბიჭებმა კარგადაც ივარჯიშეს. სტუმრები უკვე დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, რადგან ისინი საკონტროლო ტურნირში ჩვენებზე ცოტა ადრე - 27-28 ივლისს გამოვლენ ჩეხურ ლიბერეცში.

ყვარელში გუნდმა შერეული ტიპის შეკრება გაიარა - ლეიბზეც ვარჯიშობდნენ და ფიზიკურადაც იტვირთებოდნენ.

ამიტომ თბილისში დაბრუნებული გუნდი 5 დღე ცოტას დაისვენებს - აღდგენის მიზნით თავიანთ დარბაზებში შედარებით მსუბუქად ივარჯიშებენ, თან მწვრთნელის მიერ მიცემულ საშინაო დავალებებზე იმუშავებენ, მერე კი გერმანიაში წასვლამდე ჩვეულებრივ გააგრძელებენ ვარჯიშს ძიუდოს აკადემიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული