ჩვენებიდან ყველაზე უკეთ მძიმეწონოსანმა ირინე ლეონიძემ იასპარეზა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოსთვის იჭიდავა ნინო ოძელაშვილმაც (70), მაგრამ დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.
ლეონიძე პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი იტალიელ ტანია ფერერას გაფრთხილებებით მოუგო.
ნახევარფინალში ჩვენებურმა გერმანელ მომავალ ჩემპიონ კრისტინ ბუსოვთან იპონით წააგო, დამამშვიდებლის ფინალში კი დუნია ბერაჰაილს ორი ვაზარი აართვა.
ქვეჯგუფი ოძელაშვილმაც მოიგო, რომელიც პირველ წრეში ასევე ისვენებდა.
ნახევარფინალში ესეც მომავალ ჩემპიონთან, ოღონდ სლოვენიელ ანკა პოგაჩნიკთან დამარცხდა წმინდად, ბრინჯაოსთვის შეხვედრა კი ასევე იპონით დათმო გერმანელ ევროპის ჩემპიონ და მსოფლიოს მესამეპრიზიორ ჰაიდე ვოლერტთან.
სინდელფინგენში ჩვენგან შორენა შარაძეც (63) ჭიდაობდა, მაგრამ ჯერ ევროპის წლევანდელ ბრინჯაოსმედალოსანთან, სლოვენიელ ტინა ტრცენჯაკთან წააგო ორი ვაზარით, მერე კი დამამშვიდებელში მედგარი ბრძოლა გაუმართა ჰოლანდიელ მარიტ დე გიერს - ორივემ თითო ვაზარი მოიპოვა, მაგრამ მეტოქემ 3 იუკოც მოიპოვა და გამარჯვებაც მას დარჩა.
ფოტოზე: ირინე ლეონიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"