ძიუდოს ფედერაციამ მონაგარი შეაჯამა

AutoSharing Option
23 აპრილს ძიუდოს ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ერთბაშად ორ ტურნირს - მოსკოვში დასრულებულ "დიდ მუზარადსა" და ჰოლანდიურ უტრეხტში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში ჩვენებმა ორი მედალი, თითო ოქრო და ბრინჯაო მოიპოვეს - ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60) გახდა, ზებედა რეხვიაშვილი (73) კი მესამეზე გავიდა.

გაცილებით ხვავრიელი გამოდგა ჭაბუკ ძიუდოისტთა გამოსვლა უტრეხტში, სადაც გოგოები ერთ ბრინჯაოს დაეუფლნენ, ბიჭებმა კი 6 მედალი დაისაკუთრეს - 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

გოგოებში შეჯიბრების მესამეპრიზიორი მარიამ ჯანაშვილი (52) გახდა, ბიჭებიდან
ჩემპიონობა ერეკლე არხოზაშვილმა (55) და გიორგი კაციაშვილმა (60) დაიმსახურეს, თამაზ კირაკოზაშვილს (73), იესო კვირიკაშვილს (81) და გიორგი გველესიანს (+90) ვერცხლის მედლები ერგოთ, სიმონ მამარდაშვილი (66) კი მესამეზე გავიდა.

ორივე გუნდი ამ დღეებში დაბრუნდა თბილისში, ოღონდ მოსკოვიდან ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი ჩამოფრინდა, ნაკრებმა კი სოჭში გადაინაცვლა ერთობლივ წვრთნებზე.

პრესკონფერენციასაც ქევხიშვილი უძღვებოდა, რომელსაც გვერდს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე და უტრეხტული ტურნირის ჩემპიონთა დუეტი უმშვენებდა.

დარბაზში იმყოფებოდნენ ორივე ნაკრების მწვრთნელები და ფესტივალის პრიზიორებიც.

საუბარი თავდაპირველად სწორედ ჰოლანდიურ შეჯიბრებას შეეხო.

"ეს მნიშვნელოვანი ტურნირია, რადგან მომავალში ამ თაობამ უნდა დაიმკვიდროს ადგილი ჯერ ახალგაზრდულ, შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში.

არაა გამორიცხული, ამათგან რომელიმე დიდ ოლიმპიადაზეც მოხვდეს. მით უფრო, რომ ის სამი წლის შემდეგ ტარდება, ამ სპორტსმენებიდან კი ბევრს ნამდვილად შესწევს ამის უნარი.

ამის თქმის უფლებას ქართული გენი და ის ტრადიცია მაძლევს, რაც ამ კუთხით გაგვაჩნია - 19-20 წლისები თავისუფლად შეიძლება გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები. ვულოცავ მათ ამ დიდ წარმატებას და კიდევ უფრო დიდ გამარჯვებას ვუსურვებ"
- განაცხადა ქევხიშვილმა, რომელმაც მადლობა მწვრთნელთა კორპუსს - გიორგი რევაზიშვილს, ვაჟა ბალხამიშვილსა და ლაშა გუჯეჯიანსაც გადაუხადა ნაყოფიერი ერთობლივი მუშაობისთვის.

თუმცა ქევხიშვილი მხოლოდ მადლობით არ შემოფარგლულა და მედალოსნები ფულადი პრემიითაც დააჯილდოვა.

ეს შესაძლებელი გახდა ფედერაციის ბაზაზე დაარსებული "ძიუდოს განვითარების ფონდის" ფარგლებში.

როგორც ქევხიშვილმა განმარტა, ესაა ნებაყოფლობით შექმნილი საქველმოქმედო ფონდი, სადაც თანხის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ეს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია. მაგალითად, დაღესტანში მსგავსი ფონდი თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა საგიდ მურთაზალიევმა და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ მურთუზალიევმა შექმნეს, რომლებიც გულუხვად ეხმარებიან დაღესტნელ მოჭიდავეებს.

ქართულ რეალობაში პირველი პრეცედენტის გაჩენას მივესალმებით. ამ ფონდმა მედალოსნები ევროპის პირველობის შემდეგაც დააჯილდოვა და ახლაც დაუდგა გვერდში.

თავისი გუნდის გამოსვლა ცირეკიძემაც შეაფასა, რომელიც კმაყოფილია ბიჭების გამოსვლით. ცხადია, ყველაზე მეტად მედალოსნებს ემადლიერება, ვერცხლისმედალოსნებიდან კი მხოლოდ კირაკოზაშვილზე აღნიშნა, მოგება მართებდა და საკუთარი შეცდომით წააგოო, ხოლო დანარჩენთა მარცხი უფრო მსაჯების არასწორი ქმედებებით ახსნა.

გოგოების გუნდზე გია თენაძემ ისაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა ჯანაშვილის ტრავმას და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, მან მაინც მოიპოვა მედალი.

თენაძემ ისიც განმარტა, რომ გურანდა შოთაძისთვის 57 კილოგრამი არ არის ოპტიმალური წონითი კატეგორია, თუმცა იძულებული იყო, მაინც იქ დაეყენებინა, რადგან 52-ში ჯანაშვილი ჭიდაობდა, იმ ტურნირზე კი ერთი ქვეყნიდან წონაში მხოლოდ თითო კაცის დაყენება შეიძლება.

პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი?
ამის შემდეგ საუბარი მოსკოვურ ტურნირს შეეხო. ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ იქ არასრული შემადგენლობით ვიყავით წასული - არ გვყავდა რამდენიმე ლიდერი, ერთი კი ზედა წონაში ჭიდაობდაო.

"სპორტსმენთა ნაწილისთვის ეს სასტარტო, ნაწილისთვის კი შესარჩევი ტურნირი იყო - მაგალითად, 100 კილოგრამში, სადაც ჯერ კიდევ არ ვართ ჩამოყალიბებულები.

ძალიან კარგად იჭიდავა ამირან პაპინაშვილმა - მან ამის 70%-ი
ც რომ გამოავლინოს მსოფლიოს პირველობაზე, დარწმუნებული ვარ, ჩემპიონიც გახდება.

მით უფრო, მნიშვნელოვან კონკურენტებს მოუგო და რეიტინგის სათავეში დაბრუნდა. ამ შეჯიბრებით მან ძალიან კარგი ჯგუფი შექმნა მსოფლიოსთვის და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო მისი მოსკოვში წაყვანა.

ამ შედეგით ზებედა რეხვიაშვილიც გადაინაცვლებს საუკეთესო 8 ფალავანს შორის, ანუ მანაც კარგი ბალანსი გაიკეთა. დასანანი იყო ლიპარტელიანის მარცხიც, რომელიც მართლაც კარგად გამოვიდა.

წაგების მიუხედავად, მან ამ ტურნირისგან მაინც მიიღო ის აუცილებელი, რისთვისაც წაიყვანეს - სასტარტო გამოცდილება.

66 კილოგრამზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ქარდავასთან ერთად ახალგაზრდა ფალავნის გამოცდა გვინდოდა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე თავი დიდად ვერ გამოიჩინეს. მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილის წაგებას დასანანს ვერ ვუწოდებ, რადგან მგონია, ეს წაგება დიდად დაეხმარება მსოფლიოსთვის, თუ იქ რამე შედეგის მიღწევა სურს.

ვგონებ, ის მეტად დაფიქრდება, რომ აუცილებელია, შრომას მოუმატოს, რაზეც პირადადაც ვესაუბრე. მეტრეველზე ვერ ვიტყვი, რომ ცუდად იასპარეზა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ხნის შემდეგ იჭიდავა, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ამ წონის საკითხი შეკრებებზე გაირკვევა" -
ასე შეაფასა გუნდის გამოსვლა ქევხიშვილმა.

ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან წიკლაურის (81) ტრავმაზეც ილაპარაკა, რომელიც სპორტსმენმა მოსკოვში ჩასვლისას, ტურნირის დაწყებამდე ვარჯიშზე მიიღო. მისი თქმით, წიკლაურს იქვე გადაუღეს სურათი, რამაც მენისკის გაწყვეტა აჩვენა.

ის საოპერაციოა, მაგრამ შედარებით მსუბუქი ხარისხის დაზიანებაა და ჯერ კიდევ რჩება შანსი, რომ მსოფლიოზე იჭიდაოს. ყოველ შემთხვევაში, ანალოგიური პრობლემა აწუხებდა ცირეკიძესაც ოლიმპიადაზე.

ამიტომ წიკლაური მაინც დატოვეს შეკრებაზე და იქ დააკვირდებიან, შეძლებს თუ ვერა ჭიდაობას. თუ ფეხი არ გაუშვებს, მაშინ ოპერაციას გაუკეთებენ, ჯერჯერობით კი კარს მომდგარი მსოფლიოს პირველობის გამო ქირურგიული ჩარევისგან თავს იკავებენ.

მაიამი ჰორიზონტზე
მწვრთნელები 8-11 აგვისტოს მაიამიში გასამართ ჭაბუკთა მსოფლიოს პირველობასაც შეეხნენ.

თენაძის თქმით, იქ ჩვენგან 5 გოგო იჭიდავებს - უტრეხტში ნამყოფ მარიამ ჯანაშვილს, შოთაძეს, სალომე მარგიანსა (48) და ხატია ჯანაშვილს (63) პირველხარისხოვან ტურნირებზე ქართველ ქალთაგან პირველი მედლის ავტორი მზია ბებოშვილიც (44) დაემატება, რომელსაც ასაკის სიმცირის გამო უტრეხტში ჭიდაობის ნება არ მისცეს. ოღონდ მაიამიში ის 48 კილოგრამში აინაცვლებს, შოთაძე კი, პირიქით, წონას დაიკლებს და 52-ში დაბრუნდება.

მაიამიში წასაყვანი შემადგენლობა ცირეკიძესაც გარკვეული ჰყავს, მაგრამ დაკონკრეტებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.

მან სიამოვნებით შენიშნა, რომ კონკურენცია ბევრად გაიზარდა და ასარჩევად აქვთ საქმე. ისიც დაამატა, რომ მსოფლიოზე ევროპირველობის ყველა მედალოსანი იასპარეზებს და რომ სრულ გუნდს წაიყვანს, ანუ 9 კაცს, თუმცა კულუარული ხმებით, შესაძლოა, ევროპის პირველობის მსგავსად, მან ერთი წონა ახლაც გამოტოვოს და სამ წონაში გააოროს მონაწილე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
+90 ძებისაშვილმა აიღო მედალი
kalugi
08:50 28-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული