ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: კარგი სტარტი უფერული ფინიშით

AutoSharing Option
ქართველმა ჭაბუკებმა წარმატებით დაიწყეს გამოსვლა მაიამიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ირაკლი ცირეკიძის შეგირდებმა პირველივე დღეს 3 მედალი მოიპოვეს.

ცირეკიძეს განსაკუთრებით საამაყოდ უმჩატეს წონაში (50 კგ) ჰქონდა საქმე, სადაც ორივე შეგირდი ნახევარფინალში გავიდა, თუმცა იქ მათი გზები გაიყო.

რობიზონ ბეგლარიშვილი წლეულს ჩინებულ სეზონს ატარებს - ივნისში ტალინში ევროპის პირველობაზე ბრინჯაო მოიპოვა, ახლა კი ეს შედეგი გააუმჯობესა.

მოლოდინისამებრ, მაიამიში მან თავიდან უპრობლემოდ "დააიპონა" ბარბადოსელი ტრისტან ფორდე, ვისაც მალე, ასევე წმინდა მოგებით, ბრაზილიელი კაინან პირესიც ზედ მიაყოლა.

ამის შემდეგ, ბეგლარიშვილმა ორჯერ იმარჯვა ვაზარით -
მონღოლ ამარტუვშინ ბაიარაასთან და ნახევარფინალში - იაპონელ ვატარუ უმეკიტასთან.

ფინალში ჩვენებურის მეტოქე აზერბაიჯანელი ნატიკ გურბანლი იყო, ვინც მის გვერდით იდგა წლევანდელი ევროპირველობის კვარცხლბეკზე.

მათ დავას უნდა გადაეწყვიტა, ვინ ჩაამთავრებდა სეზონს უკეთესი შედეგით. თუმცა ბეგლარიშვილს ჯავრიც ჰქონდა ამოსაყრელი - ნახევარფინალში აზერბაიჯანელმა თორნიკე ნაგლიაშვილი დაგვიმარცხა.

ნაგლიაშვილის კარიერას ხელის ტრავმამ ავბედითი დაღი დაასვა და ევროპის პირველობაც გამოატოვებინა.

მაიამიში ურიგოდ არც მას უჭიდავია, განსაკუთრებით ძლიერად კი პირველი შეხვედრა ჩაატარა არგენტინელ დანიელ ვიერასთან - მისი უპირატესობა ვაზარით და იპონით გამოისახა.

თურქ ოგუზან კარაჩასთან გაუჭირდა, თუმცა იუკოთი მაინც აჯობა, ყაზახ კანატ საილხანთან კი მორიგი იპონი მიითვალა. ამას მოჰყვა წმინდა წაგება ნახევარფინალში გურბანლისთან, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში.

ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი (ოღონდ, 50-ში) არხოზაშვილი წლეულს დუბლთან იყო ახლოს - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული მეორე ოქროსაც მიუახლოვდა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი წინსვლა ყაზახმა ბაიურზან ზაუინტაევმა იპონით შეაჩერა.

ისე კი, არხოზაშვილს მაიამიშიც ნაცნობ ფალავნებთან მოუწია პაექრობამ - მეორე შეხვედრაში გერმანელი მორიტც პლაფკი (ვისაც შარშანდელ ევროფინალში მოუგო) დააგდო ჯერ იუკოზე, მერე - ბეჭებზეც.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში არხოზაშვილს ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუა ერგო, რომელსაც ივლისში ჰოლანდიაშივე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე აჯობა...

არხოზაშვილმა ტურნირი ძლიერად ჩაატარა - გერმანელის გარდა, პირველივე ორთაბრძოლაში ბოტსვანელ გავინ მოგოპაც სუფთად დააგდო, უზბეკ კემრან მირალიევს კი ვაზარით მოუგო, თუმცა ამას ორი იუკოც მიაყოლა, ანუ, მთლიანობაში, სამი ილეთი გაუკეთა.

სამწუხაროდ, ამავე წონაში მერვედფინალიდან გამოეთიშა ჩემპიონატს ბექა ნათათრალაშვილი.

მოლოდინისამებრ, ჭაბუკებში ევროპის შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა იოლად სძლია ბოტსვანელ ედვინ სელოს (იპონი), მაგრამ გაუჭირდა კოლუმბიელ ანდრეს ოლივეროსთან - მხოლოდ იუკოთი აჯობა. თუმცა ბრიტანელთა ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ პეტერ მილესთან ესეც სანატრელი გაგვიხდა - სამწუხაროდ, სამივე სინჯის გდება გაუშვა და სუფთად წააგო.

არადა, ივლისში არხოზაშვილმა კუნძულელს დამაჯერებლად მოუგო ოლიმპიური ფესტივალის ფინალში.

9 აგვისტოს ჩემპიონატის ყველაზე დაძაბული დღე გვაქვს - აქეთ ბიჭების ქომაგობა, იქით - გოგონების.

48 კილოგრამში ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს პრიზიორი მზია ბებოშვილი (48) თავდაპირველად ტაივანელ სინ-ლეი ცაის დაეჭიდება, სალომე მარგიანი - ალჟირელ სადია ამრანეს.

ჩვენი გუნდის ლიდერი, ევროპის პირველი ჩემპიონი ქართველ ქალთაგან მარიამ ჯანაშვილი (52) პირველ წრეში თავისუფალია, ისი მეტოქე კი პორტუგალიელ ჟოანა ფერნანდესისა და ნიგერიელი მოუნირატოუ ჯიბოს ბრძოლაში გაირკვევა. ამავე წონაში გურანდა შოთაძე პირველივე წრეში ფრანგ ასტრიდე გნეტოს შეხვდება.

ბიჭებში 60 კილოგრამში პირველივე წრეში იასპარეზებს ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი გიორგი კაციაშვილი - სამხრეთ აფრიკელ სერ-შელდინ კაჩელჰოფერს ხვდება.

ჩვენებური საკმაოდ ძლიერ ჯგუფშია - აქაა იაპონელ ტაკუმი ოშიმა და აზერბაიჯანელი ევროპის წლევანდელი გამარჯვებული, ოლიმპიური ფესტივალის მესამე პრიზიორი ჰიდაიატ ჰეიდაროვი. მას ფესტივალზე გამარჯვება სწორედ ჩვენებურმა არ დაანება და, იმედია, ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა.

9 აგვისტოს ორი მონაწილე გვეყოლება 66-შიც - ოლიმპიური ფესტივალის მესამე პრიზიორი სიმონ მამარდაშვილი მასპინძელ ბრანდონ უორტენს ხვდება, ევროპის შარშანდელ ჩემპიონსა და წლევანდელ მედალოსან კობა მჭედლიშვილს კი გაბონელი ჰარნოლდ ოუველოუ კოუსოუ ერგო.

კვარცხლბეკი
ვაჟები
50 კგ. 1. ნატიკ გურბანლი (აზერბაიჯანი); 2. რობინზონ ბეგლარიშვილი (საქართველო); 3. იორ ვერსტრაეტენი (ბელგია), ამარტუვშინ ბაიარაა (მონღოლეთი); 5. თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო).

55 კგ. 1. ბაიურზან ზაუინტაევი (ყაზახეთი); 2. ელიოს მანზი (იტალია): 3. თორნიკე ჭკადუა (ჰოლანდია), პეტერ მილესი (ბრიტანეთი); 5. ერეკლე არხოზაშვილი (საქართველო).

გოგონები
40 კგ. 1. ჰონოკა იამაუჩი (იაპონია); 2. ლეილა ალიევა (აზერბაიჯანი); 3. ცვეტელინა ცვეტანოვა (ბულგარეთი), ჟულიანა როდრიგესი (ბრაზილია).

44 კგ. 1. მარი სუძუკი (იაპონია); 2. კინშო მიჰალოვიჩი (უნგრეთი); 3. მარუსა სტანგარი (სლოვენია), ანასტასია ტურჩევა (რუსეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არხოზაშვილი დააძინე და მესამესთვის აგარ მისცეს ჭიდაობის უფლება თემ მედალს აიღებდა
giorgi12345
19:37 09-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული