ევროპის ჩემპიონი ამირან პაპინაშვილი (60), ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66), ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნუგზარ ტატალაშვილი და კონტინენტის მესამე პრიზიორი ზებედა რეხვიაშვილი (ორივე - 73), ევროპის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი და ბრინჯაოს მედალოსანი ლევან წიკლაური (81), კონტინენტის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90), ევროპის ორგზის ვერცხლის მედალოსანი ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ასევე კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი (+100).
უზნაძის გუნდში ისევ გამოჩნდა ჟორჟოლიანი, რომელსაც ტურნირებში არ უჭიდავია, თუმცა შეკრებები სრულად გაიარა. მწვრთნელის თქმით, ამ წონაში მათ რამდენიმე ვარიანტი მოსინჯეს, მაგრამ შედეგი ვერავინ აჩვენა. მათ შორის ისეთ ვარიანტსაც განიხილავდნენ, რომ თუ სხვა წონებში სათადარიგოები კარგად წარმოაჩენდნენ თავს, 100-ში მონაწილე საერთოდ არ წაეყვანათ და მის ხარჯზე მესამე წონა გაეორებინათ. სამწუხაროდ, გამოსაცდელმა კანდიდატებმა სუსტად იასპარეზეს. ამიტომ მწვრთნელებმა აქცენტი ისევ გამოცდილებაზე აიღეს და არჩევანი ჟორჟოლიანზე შეაჩერეს.
მსოფლიოს პირველობა 26 აგვისტოს იწყება რიო დე ჟანეიროში და 1 სექტემბერს დამთავრდება. როგორც გითხარით, ჩვენი ნაკრები ხვალ დაასრულებს შეკრებას ყვარელში, 17-ში კი რიოში გაფრინდება და აკლიმატიზაციის მიზნით ერთკვირიან შეკრებას ადგილზე გაივლის.
ასევე იხილეთ:
ლევან წიკლაური სათუოა - ირაკლი უზნაძე შეკრებით კმაყოფილია