ძიუდოში მონრეალის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორიცაა.
ამ ფალავნის ჟინიანი ჭიდაობის შესახებ გულშემატკივარს ბევრი გვსმენია. ამასთან, იგი თბილი ურთიერთობით ცნობილი პიროვნებაცაა.
ჭიდაობაში ბავშვობიდან მოსულს, ფაქტობრივად, მის გარეშე არ უცხოვრია. სპორტსმენის კარიერის დასრულების მერე მწვრთნელობა დაიწყო, ერთხანს სპორტულ დაწესებულებებსაც ხელმძღვანელობდა.
ამჟამად 62 წლისაა, ხაშურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია და საჭიდაო სახეობების ადგილობრივ ფედერაციასაც ხელმძღვანელობს.
- ჭიდაობა მეც ნახერხმოყრილი
ცოტა ხანში თბილისშიც მიმიწვიეს. იქ ჯერ შოთა ზუკაკიშვილი მავარჯიშებდა, ბოლოს ნაკრების მწვრთნელი ბიძინა მაზიაშვილი.
საკავშირო ნაკრებში კი კარგი სპეციალისტის, ვლადლენ ადრეევის ხელმძღვანელობით გავაგრძელე ასპარეზობა.
1970 წელს, საკავშირო სპორტკომიტეტის მითითებით, ძიუდოს და სამბოს ფედერაციები გაიყო და მათვე გადაწყვიტეს, ვინ უნდა გადასულიყო ოლიმპიურ სახეობაში (ძიუდო) საასპარეზოდ. მე ძიუდოში გადამიყვანეს, რომელიც მოგეხსენებათ, უფრო პრესტიჟულია - გვითხრა საუბრის დასაწყისში ბატონმა რამაზმა.
- თავდაპირველად 80 კგ-ში გამოდიოდით, მაგრამ მნიშვნელოვანი წარმატებები 93-ში გადასვლის მერე მოიპოვეთ.
- 80-შიც მქონდა წარმატებები, თუმცა მერე წონა ვეღარ "დავიჭირე" და 93 კგ-ში გადავედი. აქ ძალიან ძლიერი სპორტსმენები იყვნენ, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე უცხოეთში - ანჯელო პარიზი (საფრანგეთი), დიტმარ ლორენცი (გერმანია), ჟან ლუკ რუჟე (საფრანგეთი), რობერ ვან დე ვალე (ბელგია) და კიდევ სხვებიც. ყველანი ძალიან ძლიერები იყვნენ.
- რომელ მათგანთან გამარჯვება იყო თქვენთვის ყველაზე საამაყო?
- უდავოდ ანჯელო პარიზისთან. ის საოცარი მოჭიდავე გახლდათ, ცეკვავდა ტატამზე. მასთან მოგება მართლაც საამაყოდ მაქვს.
უძლიერესი ფალავანი იყო უკრაინელი ნოვიკოვი, პარიზიმ ის მოსკოვის ოლიმპიადაზე საშინელ დღეში ჩააგდო, პირდაპირ სამარცხვინოდ მოუგო. ამ ფრანგ სპორტსმენში იყო ფიზიკური ძალის, ტექნიკის და სილაღის საოცარი ნაზავი.
- მათგან, ვინც კი შეგხვედრიათ, კიდევ ვინ იყო უძლიერესი?
- იაპონელი კაზუჰირო ნინუმია, რომელმაც მონრეალის ოლიმპიადაზე მაჯობა ფინალში. ის მაშინ მსოფლიოს ჩემპიონი იყო და ყველას უგებდა. მძიმე წონაში გამოდიოდა და, რა ვიცი, რაღა ჩემდა ჭირად გადავიდა 95 კილოში. ბევრი ვეცადე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერი მოვუხერხე. ამიტომ ალალად მივულოცე გამარჯვება.
- მონრეალის ოლიმპიური ვერცხლი თქვენი კარიერის საუკეთესო მონაპოვარია.
- იმ ოლიმპიადისთვის ძალიან კარგად ვიყავი მომზადებული და რომ არა ნინუმია, სანუკვარი ჯილდოც ხელთ მექნებოდა.
არადა, იქ ჭიდაობა სულ სხვაა, ოლიმპიადას ფავორიტი არ ჰყავს. ყველა მაქსიმუმს გასცემს გამარჯვებისათვის.
მეოთხედფინალში სენეგალელი აბდულა ჯიბა შემხვდა, რომელიც არასაჭიდაო ქვეყანას კი წარმოადგენდა, მაგრამ ძალიან მედგარი წინააღმდეგობა გამიწია.
ჩვენს ჭიდაობას მამამისი ადევნებდა თვალს და რომ მოვუგე, ატირდა, თურმე მატერიალურად შეძლებული კაცი ყოფილა და შვილი მთელი ოლიმპიური ციკლის განმავლობაში იაპონიაში, საფრანგეთში და სხვა ძლიერ საჭიდაო ქვეყნებში დაჰყავდა მოსამზადებლად. სჯეროდა, რომ ოლიმპიური მედალი უნდა მოეპოვებინა.
ნახევარფინალში დავიდ სტარბრუკს (დიდი ბრიტანეთი) მოვუგე, რომელიც, სხვათა შორის, იმავე ეტაპზე წინა ოლიმპიადაზე, მიუნხენში შოთა ჩოჩიშვილმა არ მიუშვა ფინალამდე.
სამაგიეროდ, მონრეალში ძალიან გავიხარე ვიქტორ სანეევის ჩემპიონობით - სიყვარულით კენგურუს ვეძახდით და ალბათ ამიტომაც წავიდა ავსტრალიაში (იცინის).
- ალბათ, გული გწყდებათ, რომ მიუხედავად ტიტულების სიმრავლისა, ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვერ გახდით, ასეთი დიდი შეჯიბრებების ოქრო აკლია თქვენს კოლექციას...
- არა უშავს, ისეთი უძლიერესი ფალავანი, როგორიც ვოვა რუბაშვილი იყო, მე არ მინახავს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონი ისიც ვერ გახდა.
საქართველოდან ხალხთა სპარტაკიადის ორგზის ჩემპიონიც არავინ ყოფილა ჩემ გარდა, არადა, ეს ძალიან დიდი შეჯიბრება იყო - ლამის მსოფლიოს ჩემპიონატს უტოლდებოდა. ოთხჯერ გავხდი სსრკ ჩემპიონი ძიუდოში, ორჯერაც სამბოში.
თბილისის საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც მაშინ პლანეტის უძლიერესი ფალავნები მონაწილეობდნენ, ექვსჯერ გავიმარჯვე. ადრე ერთ საზეიმო შეხვედრაზე მამაჩემმა იხუმრა: რამაზისგან განსხვავებით, მე მარცხი არ ვიცოდიო. არასოდეს უჭიდავია და როგორ წააგებდა?
- ქართული ჭიდაობიდან ყველაზე ხშირად რომელ ფანდებს იყენებდით?
- ქართული ჭიდაობა უცხოელი ძიუდოისტის ძლევის საუკეთესო საშუალებაა. მე ქართულის ყველა ფანდს ვიყენებდი, რაც კონკრეტული მომენტისთვის დამჭირდებოდა. მეტოქესთან რომ მიხვალ, უმალვე უნდა იგრძნო, რის გაკეთება შეუძლია მას და რა უნდა დაუპირისპირო დასამარცხებლად.
- თქვენ და თემურ ხუბულურს საკავშირო ნაკრებში დიდი კონკურენცია გქონდათ. როგორი იყო თქვენი ურთიერთობა სარბიელს მიღმა?
- თემურზე ოთხი წლით უფროსი ვარ. მე უფრო ადრე მოვედი დიდ სპორტში და ჩვენს კონკურენციამდე გარკვეული წარმატებები უკვე მქონდა.
1979 წელს ხუბულური მსოფლიოს ჩემპიონის რანგში გამოვიდა საბჭოთა კავშირის პირველობაზე, სადაც ვაჯობე და მაშინ მითხრა: ყველას მოვუგე, რამაზ, მაგრამ შენ ვერაფერი მოგიხერხეო.
მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა, მე და თემური დღემდე სამაგალითო მეგობრები ვართ.
- აქტიურ სპორტს ადრეულ ასაკში რატომ დაანებეთ თავი?
- განაწყენებული წავედი სპორტიდან. ვთვლი, რომ ძალიან მიმუხთლეს, როცა მოსკოვის ოლიმპიადაზე არ დამაყენეს გუნდში. 1981 წელს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე პირადადაც დავპატიჟე ჩემი კონკურენტები, გავედი ტატამზე და კიდევ ერთხელ გავიმარჯვე.
მერე კი მოვიხსენი კიმონოს ქამარი და გამოვაცხადე, წავედი-მეთქი სპორტიდან. ბიძინა მაზიაშვილი გამომეკიდა, რამ გადაგრიაო, მაგრამ მე გადაწყვეტილების შეცვლას აღარ ვაპირებდი.
- ტიტულების გარდა, რა მოგცათ სპორტმა?
- დიდი მეგობრები შევიძინე. ამაზე ძვირფასი ცოტა რამაა. დიდი სპორტსმენი ვერავინ გახდება, პიროვნულადაც თუ დიდსულოვანი არ იქნება. მოწინააღმდეგემ კინკლაობაც რომ დაიწყოს, თავად არ უნდა იკადრო პასუხის გაცემა.
მაგალითად, პელეს ან მარადონას უღირსი საქციელი გახსენდებათ თქვენ? საერთოდ, მიმაჩნია, რომ მოჭიდავეების დარი მეგობრობა იშვიათია. ამაში ბევრი სხვა სახეობის სპორტსმენი დამეთანხმება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"