თავი დავანებოთ იმას, რომ ფინალში რუსებს მოვუგეთ; იმასაც, რომ 0:2-დან ამოვქაჩეთ და 3:2 ვიმარჯვეთ, ნაკრებმა ჭიდაობის ძალიან კარგი ხარისხი აჩვენა. გუნდურში ისეთებიც გამოცოცხლდნენ, ინდივიდუალურში მთლად დამაჯერებლად რომ ვერ იასპარეზეს.
ეტყობა, ამის მიზეზი თავად ტურნირის ფორმატშია - პირად პირველობაში თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული და შენს შეცდომას ვერავინ გამოასწორებს, გუნდურში შეიძლება ეს სხვამ გააბათილოს. ამის მაგალითი ამ ტურნირზე უკლებლივ ყველა შეხვედრაში ვნახეთ,
მართალია, გუნდურში შენი შეცდომით საერთო საქმესაც აფუჭებ, ანუ სხვასაც ურთულებ მდგომარეობას, რაც დამატებითი ტვირთია, მაგრამ ვიღაცის იმედი მაინც გაქვს, საკუთარ თავთან პირისპირ დგომა კი, ეტყობა, ბევრად ძნელია.
გუნდურისგან განსხვავებით, პირადმა პირველობამ გაორებული შეგრძნება და ბევრი საფიქრალი დაგვიტოვა - თავიდან ცუდად დავიწყეთ და პრობლემების უმეტესობაც აქ გამოჩნდა, მაგრამ ბოლოს საერთო სურათი მნიშვნელოვნად გამოსწორდა.
სტაბილურობიდან შედეგამდე
დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე მხოლოდ მეორედ შევძელით, მსოფლიოზე ერთბაშად ორი ფინალი გვეჭიდავა - პირველად ეს 2007-ში იმავე რიოში მოხდა. თუმცა ევროპის წლევანდელი ტრიუმფალური პირველობის დარად, მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ამჯერადაც შემოგვთავაზა რეკორდი - 7 წონიდან 4-ში ნახევარფინალში ვიჭიდავეთ, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.
ეს ძალიან კარგია და უდავოდ მიანიშნებს გუნდის სტაბილურობაზე, მაგრამ ცუდია, რომ ამ 4 შესაძლო ჯილდოდან მხოლოდ 2 მოვიპოვეთ და მათ შორის არც ერთია ოქრო - უჩემპიონობა ლიდერებისთვის მიღწევა არაა. მით უფრო, რომ მეტი ნამდვილად შეიძლებოდა და ბავშვური შეცდომებით წავაგეთ. ეს შედეგი საშუალო დონის ნაკრებისთვისაა წარმატება, მაგრამ არა ჩვენთვის.
თუმცა მედალს მეორე მხრიდან თუ შევხედავთ, გუნდის ამ გამოსვლას ზემოხსენებული ნახევარფინალების სიუხვისა და სტაბილურობის გამო ვერც წარუმატებელს დავარქმევთ - საშუალოები ამდენს ვერ აღწევენ. ამიტომ ვამბობთ, რომ ძნელია, ერთნიშნად შეაფასო ნაკრების ასპარეზობა.
საუკეთესო გზაა, მიღწევებთან ერთად ის ნაკლოვანებებიც დავინახოთ და გავაანალიზოთ, რამაც მართლაც ღირსეულ, ევროპის პირველობის სადარ გამოსვლაში ხელი შეგვიშალა - ამის მიზეზი სწორედ იმ პატარ-პატარა ხარვეზებშია.
ევროპის ჩემპიონატი სიძლიერით ბევრად ჩამოუვარდება მსოფლიოსას და უტოპია იქნებოდა იმაზე ოცნება, რომ რიოშიც გავიმეორებდით ბუდაპეშტში ნაჩვენებ შედეგს, სადაც 7 წონიდან 6-ის ფინალში ვიასპარეზეთ (იმ ერთ წონაში - 100-ში საერთოდ ჩავარდნა გვაქვს, ანუ ყველა "ცოცხალ" წონაში ფინალში გავედით), ხოლო 9-დან 7-მა სპორტსმენმა მედალი მოიპოვა.
თუმცა არსებობდა შიში - ხომ არ განმეორდებოდა ბოლო წლებში დამკვიდრებული ცუდი ტრადიცია, როცა სეზონის დასაწყისში, ანუ ევროპის ჩემპიონატში კარგ გამოსვლას წლის ბოლოს, სეზონის მთავარ ტურნირებში - მსოფლიოს პირველობებსა და ოლიმპიადაზე საშინელი ასპარეზობა მოსდევდა?
სიმართლე გითხრათ, პირველ 3 დღეში ეს ფიქრი არ მშორდებოდა, იმის მიუხედავად, რომ ჭიდაობის ხარისხი ამჯერად ბევრად უკეთესი იყო და არა ადრინდელივით კატასტროფული. ბოლო დღეებმა ეს შიში გააქარწყლა, ძირითადად, მსოფლიოს ახალი ვიცე-ჩემპიონების - ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81) და ვალერი ლიპარტელიანის (90) კარგი ჭიდაობით, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ გუნდი ევროპის პირველობაზე ბევრად უკეთ იყო მომზადებული.
ევროპაზე თვით ზებედა რეხვიაშვილიც (73) კი, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა კარგი ფიზიკური მომზადებით და მალე იღლებოდა, ბუდაპეშტში მშვენიერ ფორმაში იყო - არც იქანცებოდა, მშვენივრადაც სუნთქავდა, გამძლეობითაც სხვებს აღემატებოდა და არათუ კონკრეტული შეხვედრის ბოლომდე მყარად იდგა ფეხზე, მთელ შეჯიბრებას მშვენივრად გაუძლო.
სამწუხაროდ, ახლა მასაც და სხვებსაც "ფიზიკაში" სერიოზული ხარვეზები გამოაჩნდათ. რიოში ჩვენს მთავარ პრობლემად გაუარესებული ფიზმომზადება გამოჩნდა, თუმცა ბუდაპეშტში ბევრი ტაქტიკურადაც უკეთ ჭიდაობდა და - ჩოქბჯენშიც, ახლა კი ზოგი თითქოს არ უჯერებდა მწვრთნელს, ან დაგვიანებით რეაგირებდა მის შენიშვნებზე...
არადა, როგორც უკვე ვთქვით, ევროპირველობა სიძლიერით ჩამოუვარდება მსოფლიოსას და ამიტომ ის უფრო ძლიერისთვის მზადების ეტაპად უნდა გამოვიყენოთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ევროპიდან მსოფლიომდე მზადების ეტაპი აღმავალი დინამიკისა უნდა იყოს - იქ მიღწეული დონე მსოფლიოსთვის აუცილებლად უნდა გააუმჯობესონ, თორემ ერთ ადგილზე გაჩერებაც კი ვერ მოიტანს შედეგს, არათუ უკან დახევა.
თუმცა, როგორც გითხარით, ჩვენი ათლეტების გარკვეული ნაწილი ბუდაპეშტში უკეთ იყო მომზადებული (არ ვგულისხმობთ ტრავმირებულებს - ლაშა შავდათუაშვილსა და ლევან წიკლაურს). ეტყობა, მზადების პროცესში მაინც გაიპარა რაღაც შეცდომები, რის გამოც გუნდი ფორმის პიკში ვერ შეხვდა მთავარ შეჯიბრებას.
სამწვრთნელო შტაბმა უკეთ იცის, რაა გამოსასწორებელი და რა იყო შეცდომა. ეს მწვრთნელთა ამ გუნდისთვისაც სადებიუტო შეჯიბრება იყო და, ალბათ, ისინიც ბევრს დაინახავდნენ. მართალია, ყველა მათგანს დიდი გამოცდილება კი აქვს, მაგრამ ერთია ასაკობრივი ან თუნდაც უცხოური ნაკრები და მეორე - ქართული რეალობა, სადაც მათ ჩამოყალიბებულ ან ახლო მომავლის ვარსკვლავებთან უწევთ მუშაობა - ვარსკვლავურ ნაკრებთან ურთიერთობა ხომ ორმაგად ძნელია.
მათ იმაზეც უნდა იფიქრონ, რისი ბრალია ამდენი უნებლიე, ბავშვური შეცდომა. ძიუდო სპორტის საბრძოლო სახეობაა და აქ კრიტიკულ მომენტში სწრაფი აზროვნება გადამწყვეტია, რასაც ჩვენები ხშირად ვერ ავლენდნენ.
პროგრესული დუეტი
საბედნიეროდ, რიოში პროგრესის მაგალითებიც ვნახეთ, თუმცა უფრო ცოტა. თუნდაც ჭრიკიშვილზე ვთქვათ - ფიზიკურად მაშინაც კარგ ფორმაში იყო, მაგრამ ახლა შეუდარებელ სისწრაფეს და რაც მთავარია, ჩინებულ კოორდინაციას ავლენდა.
ეს წინასწარ ეტაპებზე იმდენად არა (იქ მეტოქეებმა სერიოზული საფრთხე ვერ შეუქმნეს), მაგრამ ნახევარფინალში რუსთა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონთან, ოლიმპიურ პრიზიორ ივან ნიფონტოვთან და ფინალში ფრანგ ლოის პიეტრისთან ნათლად გამოჩნდა - მათ რამდენჯერმე კატასავით შეუტრიალდა ჰაერში და ერთი შეხედვით, უიმედო სიტუაციიდან გაექცა.
მეტოქეებს სერიოზულად უჭირდათ მისი დაგდება, თუმცა პიეტრისთან თავადაც გამოავლინა ხარვეზები, როცა დაუთმო პირველი ჩავლების უპირატესობა, ვერაფრით მოახვია თავს მისთვის ხელსაყრელი სტილი და ვერც თვითონ შეცვალა ჭიდაობა, როცა მეტოქე მის მცდელობას - აეღო ზედა ჩავლება, ყოველთვის კისრულით პასუხობდა.
ზემოხსენებული კოორდინაციის დამსახურებით, ამ მცდელობას უმეტესად გაექცა, მაგრამ ერთხელ მაინც მოჰყვა გდებაზე, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
როგორ უნდა ეჭიდავა ფრანგთან, ეს გუნდურში დაგვანახვა, როცა თავისუფლად აუღო 2 ვაზარი. ამასთან, მას "ლიპარტელიანის სინდრომიც" სჭირს - გული უფრო სანახაობრივ ჭიდაობაზე, ილეთებზე მიუწევს და არა შედეგზე. გუნდურში მონღოლ ნიამ-ოშირ საინჯარგალთან გაფრთხილებებით მოგება ისე განიცადა, ილეთზე ვერ დავაგდეო, ტატამიდან გასული უზნაძემ მსუბუქად დატუქსა, მთავარია, მოიგე და რა გაწუხებსო.
თუმცა ის ჯერ 22 წლისაა და ასეთი რეაქცია გასაგებია - სისხლი უდუღს. ეს პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდა ლიპარტელიანს და, როგორც იქნა, წლეულს მოაგვარა. ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, ის ახლა ბევრად დადინჯებულია, უფრო ტაქტიკურად ჭიდაობს და აქცენტი შედეგზე გადააქვს - მან რიოში სხვაგვარი პროგრესიც გამოავლინა, მაგრამ უმთავრეს წინსვლად პრაგმატიზმი მიგვაჩნია.
კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ გუნდურში მისი შეხვედრა უზბეკ ერკინ დონიაროვთან, როცა ჩოქბჯენში გაეკიდა თითქოს არაფრისმომცემ სიტუაციაში, საბოლოოდ კი შებოჭვას გამორჩა - ადრე ის არც იფიქრებდა ჩოქბჯენში ჩაყოლას.
ზემოთქმულიდან ერთი დასკვნის გაკეთებაც შეიძლება - ევროპის პირველობის შემდეგ, ვისაც პროგრესი ჰქონდა, წარმატებაც მოიპოვა, ხოლო ვინც თუნდაც ნახევარი ნაბიჯი გადადგა უკან, წააგო.
მომავლის ნაკრები
დასასრულ, ერთ მომენტზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება - როგორც უნდა შევაფასოთ რიოში გამოსვლა (ვინ წარმატებად მიიჩნევს, ვინ - წარუმატებლობად), ფაქტია, რომ ძალიან ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდი გვყავს.
რიოში ყველაზე უფროსი წიკლაური იყო - 27 წლის, დანარჩენები კი 25 წლისები ან უფრო უმცროსები არიან. მათ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვთ. უბრალოდ, ერთი ტურნირის წაგებით ნურავის ჩამოვწერთ.
უპირველესად, შავდათუაშვილს ვგულისხმობთ, რომელიც ტრავმირებული ჭიდაობდა. ჭრიკიშვილი 22 წლისაა, ლიპარტელიანი - 24-ის, მაგრამ თავიანთ წონებში უკვე ფავორიტებად იქცნენ. წაგების მიუხედავად, ასეთთა შორის უნდა მივიჩნიოთ 21 წლის შავდათუაშვილიც.
24 წლისაა ადამ ოქრუაშვილიც, ამირან პაპინაშვილი (60) - 25-ის, ნუგზარ ტატალაშვილი (73) და ზებედა რეხვიაშვილი - 22-22-ის, მაგრამ ისინიც წონის ლიდერებში ტრიალებენ.
ამას იმის ხაზგასასმელად ვამბობთ, რაოდენ ძლიერია ჩვენი გუნდი, მაგრამ აქვე ახალგაზრდული ნაკრების ბოლო წლების შედეგებიც გავითვალისწინოთ, კარგი ბიჭები მოდიან იქიდან, ეს კი უახლოეს სეზონშივე აუცილებლად აამაღლებს შედეგებს.
მთავარია, ერთმა წარმატებამ სხვა ნაკლოვანებები არ გადაფაროს, ანუ დაშვებული შეცდომები დავინახოთ და გავაანალიზოთ.
იხილეთ ფოტოგალერეა
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ქართველებმა არაკაცურად მოიგეს!" - დენისოვი ლიპარტელიანს კბენაში ამხელს [VIDEO]
ძლევაი საკვირველი: საქართველო მსოფლიოს ჩემპიონია! [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: შეგვრჩა მხოლოდ ვერცხლი
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: სად არის ჩვენი წილი ოქრო?! [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ვერცხლით გატეხილი ნავსი [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: უმედლობა და შეცდომები გრძელდება
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ლაშა შავდათუაშვილმა ისტორიული შანსი დაკარგა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალით დაკმაყოფილდა