მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: სად არის ჩვენი წილი ოქრო?! [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 30 აგვისტოსაც ვერცხლის მედალს დასჯერდა - ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) შემდეგ, ამჯერად ის ვალერი ლიპარტელიანმა (90) მოიპოვა.

ბედის ირონიით, მან მთელი ტურნირი ძლიერად ჩაატარა, ყველაზე სუსტად კი ფინალში გამოვიდა - ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ, კუბელ ეშლი გონსალესთან.

გაორებულ გრძნობას გვიტოვებს ეს შეჯიბრება - პირველი დღეების კრახის შემდეგ ზედიზედ ორ ფინალს ძნელად თუ წარმოვიდგენდით, მაგრამ ასე დაკარგული ოქროებიც გულდასაწყვეტია.

2007 წლის შემდეგ მეორედ ვიჭიდავეთ ორი ფინალი მსოფლიოზე, მაგრამ დუბლი ვერც ამჯერად შევასრულეთ...

რიო დე ჟანეიროში ვალერი ლიპარტელიანმა "ჯადო ახსნა" რუს კირილ დენისოვს,
ვინც ნახევარფინალში ბრწყინვალედ დაჯაბნა, მაგრამ კუბელმა გაუთანაბრა პირადი ანგარიში - 2:2. ჩვენებურმა მას წლეულს დამაჯერებლად მოუგო პარიზის "დიდი მუზარადის" ფინალში, ახლა კი ვერაფერი მოუხერხა. ვფიქრობთ, ამაში დიდი როლი ნახევარფინალში დენისოვთან მოგებამაც შეასრულა - მისთვის ის იყო საფინალო პაექრობა, რომლის შემდეგაც ფსიქოლოგიურ-ემოციურად "გადაიწვა".

დენისოვმა მას 7 შეხვედრიდან ბოლო 6 მოუგო, მაგრამ ლიპარტელიანის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფსიქოლოგიურად მობილიზებული გავიდა საჭიდაოდ. მით უფრო, როცა დენისოვიც ძლევამოსილად მივიდა ნახევარფინალამდე.

ლიპარტელიანმა მის დამარცხებას საფუძველი 30-ე წამზე ჩაუყარა - საქმის დასაგვირგვინებლად კი წუთნახევარიც არ დასჭირვებია. ამ მცირე დროში მეტოქეს ორი ვაზარი აართვა წყლის წვეთივით ერთნაირი გდებებით - ამოსმულით მარჯვნიდან დასვა ორივეჯერ და ისე იღრიალა, თითქოს ფინალი მოეგოს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სამწუხაროდ, კუბელთან ამ შემართების ნახევარიც არ გაჰყოლია - ვერც ინიციატივას დაეუფლა, ვერც ჩავლებებს ასწრებდა და მეტი აქტიურობაც მართებდა. რამდენიც ჩავლება სცადა, მეტოქემ კონტრშეტევით ყოველთვის ჩაუშალა.

ვფიქრობთ, როცა გაფრთხილებებით ჩამორჩა, მერე მასაც ჩავლებებით გაფრთხილებებზე უნდა ეჭიდავა, თორემ ილეთს ვერაფრით აკეთებდა. ციდან ვარსკვლავები არც გონსალესს მოუწყვეტია, მაგრამ ზუსტად ისე იჭიდავა, როგორც აწყობდა. საბოლოოდ, მან ერთი გაფრთხილება მიიღო, ლიპარტელიანმა - ორი.

ცხადია, წაგება გულდასაწყვეტია, მაგრამ ქართველი ამ სეზონით მთლად უკმაყოფილოც არ უნდა იყოს - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერცხლი მოიპოვა...

ჯგუფური სამაია
ლიპარტელიანი ნახევარფინალამდე ისე მივიდა, მისი რეალური შესაძლებლობები ვერც შევაფასეთ - სამივე შეხვედრა წმინდად მოიგო და ბოლომდე არც ერთში არ დახარჯულა. თავიდან თითქოს ცოტა შენელებული კი გვეჩვენა, მაგრამ როგორც მომდევნო ბრძოლებში გამოჩნდა, ძალებს ზოგავდა, თორემ ფიზიკურად არ იყო ცუდ ფორმაში.

ერთი კი დავინახეთ ცხადად - ადრინდელივით წმინდა მოგებას, ლამაზ ილეთებს არ ესწრაფვოდა, რაც ხშირად გამხდარა მისი მარცხის მიზეზი. ჭიდაობდა დინჯად, პრაგმატულად, დაკვირვებით, შედეგზე და არა - სანახაობაზე, ძალების დაზოგვით, ძირითადად ჩავლებებზე და არა - ფანდებზე...

ერთი სიტყვით, წლებმა თავისი ჰქნა და დადინჯდა, ახალგაზრდული ჟინი პრაგმატულობამ შეცვალა...

ლიპარტელიანი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაება, სადაც მეტოქედ, მოლოდინისამებრ, ნაცნობი ფრანგი ლუდოვიკ გობერი ერგო. ჩვენებურმა ის აქამდე ორჯერ დაამარცხა და ახლაც გართულებების გარეშე, ძალზე თავისუფლად და მშვიდად მოუგო - თავიდან გაფრთხილებებით დაწინაურდა (1-2), მეოთხე წუთის დასაწყისში კი სავაზარედ ამოუსვა.

ანგარიშის შენარჩუნება უკვე დროისა და ტექნიკის საქმე იყო, რაც ლიპარტელიანმა წარმატებით შეძლო სწორი ჩავლების ხარჯზე - ასწრებდა მეტოქეს და არ უთმობდა ინიციატივას.

მეორე პაექრობაც იმავე სცენარით დაიწყო გერმანელ მარკ ოდენტალთან - დასაწყისში ორივე მსწრაფლ გააფრთხილეს, მაგრამ ჩვენებურმა სწორი ჩავლებით მეორედაც გააფრთხილებინა მეტოქე, წუთნახევარში კი მოგვერდით დააიპონა.

მეოთხედფინალში მის წინ შედარებით მაღალი, ათლეტური და ჯანიანი შვედი იოაკიმ დვარბი აღიმართა, მაგრამ ლიპარტელიანს მასთან ჯაჯგურში ენერგია არ დაუხარჯავს. ალბათ იმიტომაც, რომ ნახევარფინალში დენისოვი ელოდა. ამიტომ ჩვენებურმა შვედი ტაქტიკურად დაჯაბნა, გაფრთხილებებით მოახსნევინა.

სატურნირო ამბები
რიოს საჭიდაო კომპლექსს 30 აგვისტოსაც დაემუქრა "ჩამონგრევის" საფრთხე - ოლიმპიურმა პრიზიორმა მაირა აგუიარმა ბრინჯაო მოიპოვა და დარბაზმაც იქუხა... ეს მისი მესამე მედალია მსოფლიოზე, თუმცა ჯერ ოქროს ვერ შეწვდა.

ბრაზილიელები მხოლოდ ქალებით თუ გაიხარებენ - სამივე ჯილდო მათი მონაპოვარია, თორემ ვაჟები უმედლოდ რჩებიან.

ვაჟთა შორის სენსაციები არ მომხდარა - ოთხივე მედალოსანი წონის ლიდერია, ქალებში კი ორივეგან მოულოდნელი ჩემპიონები ვიხილეთ.

70-ში ისეთი სახელის მქონე ქალმა მოიგო, საქართველოსა და სლავურ ქვეყნებში ბევრ ვაჟს გააბრაზებს - კოლუმბიელმა იური ალვეარმა, რომელიც ფინალში გამარჯვების შემდეგ დაჩოქილი და ხელაპყრობილი დიდხანს უხდიდა მადლობას რომელიღაც წმინდანს დახმარებისთვის...

78 კილოგრამში ჩრდილოკორეელმა კიონგ სოლმა გაიმარჯვა და ჯერ ბევრი იწივლა, მერე - იტირა. ქალებში უცნაური ჩემპიონატი გამოდის, რადგან მათი აზიელი ლიდერები - იაპონელები, ჩინელები, სამხრეთკორეელები უჩემპიონოდ რჩებიან, ოქროებს კი მეორეხარისხოვანი გუნდები - მონღოლეთი, ჩრდილოეთ კორეა, ისრაელი და კოლუმბია ინაწილებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში. V დღე

ვაჟები
90 კგ. 1. ეშლი გონსალესი (კუბა); 2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო); 3. ილიას ილიადისი (საბერძნეთი), კირილ დენისოვი (რუსეთი).

ქალები
70 კგ. 1. იური ალვეარი (კოლუმბია); 2. ლაურა ვარგას კოჩი (გერმანია); 3. სეონგიეონ კიმი (სამხრეთ კორეა), კიმ პოლინგი (ჰოლანდია).
78 კგ. 1. კიონგ სოლი (ჩრდილო კორეა); 2. მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია); 3. მაირა აგუიარი (ბრაზილია), ოდრი ჩუმეო (საფრანგეთი).

31 აგვისტოს იჭიდავებენ
შაბათს მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალური ტურნირი მთავრდება - ვაჟთაგან 100 და მძიმე წონების ფალავნები, ქალთაგან კი +78-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. ჩვენ ვაჟთა ორივე წონაში თითო ფალავანი გვეყოლება.

ლომერ ჟორჟოლიანი (100) შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაებმება, სადაც კამერუნელ სტეფან ომბიონგნოსა და ანგოლელ აუდაციო კამბამბას შორის მოგებულს შეხვდება.

იმედია, ჩვენებური ამ ბარიერს უპრობლემოდ გაივლის და მერვედფინალში გავა, იქ კი, სავარაუდოდ, ტიტულოვანი მეტოქე დაუხვდება.

ჩეხი მიჰალ ჰორაკი, ბრაზილიელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ლუსიანო კორეა და ფრანგი ევროპის პრიზიორი სირილ მარე - ეს სამეული იბრძვის ბადის მეორე მხრიდან მერვედფინალში გასასვლელად. ამათგან უტიტულო ჩეხი პირველ წრეში კორეას ხვდება.

ამ ჯგუფში აღსანიშნავი და ანგარიშგასაწევი ლატვიელი ევროპის სამგზის ბრინჯაოსმედალოსანი იევგენის ბოროდავკო და აზიის ირანელი ჩემპიონი ჯავად მაჰჯოუბიც არიან, ოღონდ, ისინი ჩვენებურს მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდებიან.

წილისყრამ ადამ ოქრუაშვილს (+100) დიდად არ გაუმართლა - მეოთხედფინალამდე უპრობლემოდ უნდა მივიდეს, იქ კი ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კორეელი გუჰამ ჩო, ან რუსთა 34 წლის უბერებელი ვარსკვლავი, ევროპის 6-გზის, მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი ალექსანდრ მიხაილინი ელოდება.

ოქრუაშვილი პირველ წრეში სამოელ დერეკ სუას ხვდება, მეორეში კი პოლონელ მაციეჟ სარნაცკისა და ანგოლელ დენის სილვას შორის მოგებული ელოდება. ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ამათ თუ ვერ მოუგო, აღარ ყოფილა საშველი.

მსოფლიოს ჩემპიონატი 1 სექტემბერს დასრულდება გუნდური პირველობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ვერცხლით გატეხილი ნავსი [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: უმედლობა და შეცდომები გრძელდება
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ლაშა შავდათუაშვილმა ისტორიული შანსი დაკარგა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში: ამირან პაპინაშვილი ნახევარფინალით დაკმაყოფილდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
givi sixarulidzestan
arvelodi
13:19 31-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული